საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 09.12.2003
საქმის ნომერი
2კ-298აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.12.2003

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 298-აპ 9 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც გ. ბ. ცნობილ იქნა დამანაშავედ საქართველოს სსკ-ს 184-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მესამე ნაწიოლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს სსკ-ს 184-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების მოხსნას, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებისათვის განესაზღვროს პირობითი სასჯელი.

იმავე განაჩენით პირობითი სასჯელით მსჯავრდებულია მ. მ., რომლის მიერ განაჩენი გასაჩივრებული არ არის.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენის მიხედვით გ. ბ-სა და მ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგ ქმედებაში:

ყვარლის რაიონში მცხოვრები, მთვრალი გ. ბ., ასევე ქ. რუსთავში მცხოვრები, მთვრალი მ. მ. 2002წ. 15 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის სამ საათზე, იმყოფებოდნენ ქ. რუსთავში შარტავას მოედანზე. მათ გადაწყვიტეს სოფ.ში წასასვლელად სამგზავრო ფული გამოერთმიათ გ. ბ-ს მეგობრისათვის. ამ მიზნით ისინი ჩასხდნენ იქვე მდგარ კერძო ტაქსში, რომელსაც მართავდა მ. კ. და სთხოვეს მე-18 მიკრორაიონის მიმართულებით წაყვანა. მგზავრობის დროს გ. ბ-მ მ. მ-ს გადაულაპარაკა, მძღოლს გავტაცოთო ავტომანქანა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მ. კ-ს გააჩერებინეს ავტომანქანა, რა დროსაც გ. ბ-მ ჯიბიდან ამოიღო სათამაშო პისტოლეტი, მძღოლის შეშინების მიზნით დემონსტრაციულად აათამაშა ხელში და გადააწოდა უკან მჯდომ მ. მ-ს, რითაც ფაქტობრივად გამოხატეს მ. კ-ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისადმი საშიში ძალადობის მუქარა. ამ ვითარებაში გ. ბ-მ მ. კ-ს მოსთხოვა საჭესთან დაჯდომა. მ. კ-მა იმის შიშით, რომ მისი მგზავრები შეიარაღებულნი იყვნენ, საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოთხოვნაზე არ გაუწია წინააღმდეგობა, გ. ბ. დასვა საჭესთან, თვთიონ კი დაუჯდა გვერდით სავარძელზე. ამ გზით გ. ბ. და მ. მ. დროებით გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მ. კ-ს კუთვნილ ავტომანქანა “გაზ-24-ს”. გატაცებული ავტომანქანით ისინი წავიდნენ კახეთის გზატკეცილის მიმართულებით. მსვლელობის დროს, ლოჭინის ხიდთან მანქანას გაუთავდა საწვავი, რის გამოც იქვე გაჩერდნენ იმ მიზნით, რომ რომელიმე გამვლელი მანქანის მძღოლისათვის გამოერთმიათ ბენზინი, მაგრამ, დაახლოებით ნახევარი საათის ლოდნის მიუხედავად, ეს ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ ერთ-ერთ გამვლელ ავტომანქანას გაჰყვა მ. კ. თითქოს იმისათვის, რომ საწვავი მოეტანა, მაგრამ ფაქტობრივად მომხდარი ფაქტის შესახებ შეატყობინა საგზაო პოლიციის მუშაკებს, რომელთა მიერ გ. ბ. და მ. მ. დაკავებულ იქნენ.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული გ. ბ. მიუთითებს, რომ მას და მ. მ-ს ავტომანქანის მძღოლის მიმართ არ განუხორციელებიათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა. ამიტომ მათი ქმედება არ შეიცავს საქართველოს სსკ-ს 184-ე მუხლის მესამე ნაწილის შემადგენლობას და ითხოვს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით მას საქართველოს სსკ-ს 184-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განესაზღვროს პირობითი სასჯელი.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებული არის სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით.

სასამართლო ორგანოებმა საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და დაადგინეს კანონიერი განაჩენი, რომლის შეცვლის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.

პალატის შეხედულებით საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული, გ. ბ-ს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას და მ. მ-ს დაზარალებული მძღოლის მიმართ არ განუხორციელებიათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა, უსაფუძვლოა. სააპელაციო სასამართლომ დამნაშავეთა იმ ქმედებას, რომ დაზარალებულის თვალწინ მოახდინეს იარაღის დემონსტრირება და ერთმა მეორეს გადააწოდა, გაუკეთა სწორი ანალიზი და მართებულად მიიჩნია ეს ქმედება მათი მხრიდან იარაღის გამოყენებით დაზარალებულის დაშინების განხორციელებად. მითუმეტეს, რომ დაზარალებულმა მათი ქმედება სწორედ ასე აღიქვა და სასამართლოს განუმარტა: “მე პროფესიონალი არა ვარ, იარაღის ჩხაკუნის ხმა გავიგე და ვიფიქრე ნამდვილი იარაღი იყო, რის გამოც ძალიან შემეშინდა”.

პალატამ სარევიზიო წესით შეისწავლა რა მ. მ-ს მიმართ განაჩენის კანონიერება, მიიჩნევს, რომ განაჩენი მის მიმართაც კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა, 568-ე და 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის განაჩენი გ. ბ-ს და მ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.