კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 313-დად 23 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ კ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა მკაცრი რეჟიმის ¹6 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებული კ. კ. 1 წლით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 აპრილის განაჩენით კ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, 150-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებული კ. კ. სასჯელს იხდის 1999წ. 25 მარტიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2007წ. 25 მარტს.
2003წ. 29 ოქტომბერს მკაცრი რეჟიმის ¹6 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ კ. კ-ს 1 წლით გადაყვანა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საპყრობილეში იმ მოტივით, რომ კ. კ. ხასიათდებოდა უარყოფითად, რამდენჯერმე იყო დასჯილი სარეჟიმო მოთხოვნათა დარღვევისათვის.
გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 31 ოქტომბრის დადგენილებით წარდგინება დააკმაყოფილა.
მსჯავრდებული კ. კ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას.
პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, იშუამდგომლა სასამართლოს დადგენილების გაუქმება და მასალების გადაცემა ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ სასამართლოს დადგენილება უნდა გაუქმდეს და მასალები ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ს 612-ე მუხლის მესამე ნაწილში მოცემული წესის თანახმად, სასამართლოს მსჯავრდებული შედარებით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაჰყავს ამ დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, რომელიც შეთანხმებულია დაწესებულების კომისიასთან.
მოცემულ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ¹6 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინების საფუძველზე, მაგრამ წარდგინებასა და მასზე თანდართულ დახასიათებაში არ არის მითითებული და საქმეშიც არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი რაიმე მასალა ან დოკუმენტი, რომ წარდგინება კ. კ-ს შედარებით მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე შეთანხმებული იყო დაწესებულების კომისიასთან, მით უმეტეს, რომ ეს კანონის იმპერატიული მოთხოვნაა.
პალატა თვლის, რომ აღნიშნული საკითხი სასამართლომ სათანადოდ უნდა შეამოწმოს და ამის შემდეგ გადაწყვიტოს მსჯავრდებულ კ. კეჩეჩიდის საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 612-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ოქტომბრის დადგენილება კ. კ-ს საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე გაუქმდეს და მასალები ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.