საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 04.12.2001
საქმის ნომერი
2კ-152აპ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.12.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 152-აპ 4 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-იანის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც ზ. ბ-იანი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 17, 105-ე მუხლით და შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ბ-იანს 1998 წლის 29 ოქტომბერს საბრალდებო დასკვნით ბრალად შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი).

2000 წლის 12 იანვარს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დადგენილებით ზ. ბ-იანის ბრალდების საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა მესტიის რაიონის პროკურატურას. 2000 წლის 3 მარტს ზ. ბ-იანს საბრალდებო დასკვნით ბრალად წარედგინა სსკ-ის 17, 105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 სექტემბრის დადგენილებით საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად კვლავ დაუბრუნდა მესტიის რაიონის პროკურატურას. 2000 წლის 28 დეკემბერს ზ. ბ-იანს საბრალდებო დასკვნით ბრალად შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 17-105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 15 ივნისის განაჩენით ზ. ბ-იანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17-105-ე მუხლით და შეეფარდა 7 წლით თ/აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით წალენჯიხის რაიონული სასამართლოს ზემოთ მითითებული განაჩენი ზ. ბ-იანის მიმართ უცვლელად იქნა დატოვებული.

ზ. ბ-იანი მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის: ზ. ბ-იანისა და გ. ხ-ანის ოჯახები მეზობლად ცხოვრობდნენ დაბა მესტიაში და ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. გ. ხ-ანს ოჯახში მოხუცი მშობლების გარდა, არავინ ჰყავდა, თვითონ კი ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში. მას დაბა მესტიაში მცხოვრები მშობლები მოსავლელად დატოვებული ჰყავდა ზ. ბ-იანის მამის – ბ. ბ-იანისათვის, რისთვისაც ჰპირდებოდა გასამრჯელოს. ეს გასამრჯელო მან ბ. ბ-იანს არ გადაუხადა. აღნიშნული კი 1997 წლიდან ბ. ბ-იანსა და გ. ხ-ანს შორის კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი გახდა. მათ შორის კონფლიქტი განსაკუთრებით გამწვავდა 1997 წლის 3 მარტს. ამ დღეს ტრადიციულ დღესასწაულ “ჯგვიშის” ჩატარების დროს ზემოთ აღნიშნული მიზეზით ბ. ბ-იანმა და გ. ხ-ანმა ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ახლობლების ჩარევით ბ. ბ-იანი და გ. ხ-ანი შერიგდნენ. ბ. ბ-იანის ვაჟიშვილს ზ. ბ-იანს შერიგების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. იგი განაწყენებული იყო გ. ხ-ანზე და გადაწყვიტა, შური ეძია მასზე, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა.

1997 წლის 22 მაისს გ. ხ-ანი იმყოფებოდა დ. მესტიის ტერიტორიაზე, “ლაილაშის” უბანში მდებარე მის კუთვნილ სათიბი მიწის ნაკვეთში და ასრულებდა სათიბის გაწმენდის სამუშაოებს. მას მუშაობაში ეხმარებოდნენ მეზობლები: გ., მ., ო. გ-იანები და დ. ხ-ანი. ამ დროს სანადიროდ მიდიოდა ზ. ბ-იანი. მან დაახლოებით 16 საათზე აღნიშნულ სათიბთან გაიარა ორლულიანი, 16 ყალიბის, გლუვლულიანი სანადირო თოფით შეიარაღებულმა, რომელიც დატენილი ჰქონდა ფრინველებზე სანადიროდ განკუთვნილი 2 მმ დიამეტრი ზომის საფანტით; სათიბთან გავლისას შეამჩნია გ. ხ-ანი და გადაწყვიტა მისი მოკვლა, რისთვისაც შეარჩია მომენტი, როდესაც ეს უკანასკნელი მარტო დარჩა, მასთან მყოფი პირები კი მოშორებით მუშაობდნენ და ორივე ლულის სასხლეტზე ხელის ერთდროული გამოკვრით, დაახლოებით 8 მეტრის მანძილიდან პირდაპირი დამიზნებით ისროლა გ. ხ-ანის მიმართულებით ე.წ. ორმაგი – “დუპლეტით”. ვინაიდან გასროლამდე რამდენიმე წამით ადრე გ. ხ-ანი დაიხარა, ორი ვაზნის 150 ცალი საფანტი მოხვდა წელის ქვედა არეში, თეძოს ფრთის დონეზე უკანა მხარეს, რის შედეგადაც მიიღო მრავლობითი ჭრილობები ორივე ბარძაყის, ორივე დუნდულოს, ასევე ხელის მარცხენა მტევნის მე-4 და მე-5 თითების, მარჯვენა წინა მხარის ქვედა მესამედისა და მარჯვენა მხარის მიდამოებში, შარდის ბუშტისა და თირკმლის დაზიანებით. გასროლისთანავე ზ. ბ-იანმა ხელახლა დატენა გლუვლულიანი სანადირო თოფი და სურდა განმეორებით, კიდევ ერთხელ ესროლა გ. ხ-ანისათვის, მაგრამ ვინაიდან ამ უკანასკნელთან დახმარების გაწევის მიზნით მიირბინეს მასთან მყოფმა პირებმა, ზ. ბ-იანი მოერიდა მათ შესაძლო დაზიანებას, თოფი არ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ. ბ-იანი ითხოვს განაჩენის მის სასიკეთოდ შეცვლას და მისი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლით (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი) და ამ მუხლით სასჯელის ზომის განსაზღვრას.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მის მიერ ჩადენილ მოქმედებას და უსაფუძვლოდ დასდო ბრალი გ. ხ-ანის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის.

კასატორის მითითებით, მას გ. ხ-ანის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. მისი განმარტებით, აღნიშნული დგინდება საქმეში არსებული ერთობლივი მასალებით; კასატორს მიაჩნია, რომ მიყენებული ჭრილობის ხასიათით, ხარისხით, მისი მიმართულებით დასტურდება ფაქტი იმისა, რომ არ უნდოდა ხ-ანის მოკვლა. მას რომ ამ უკანასკნელის სიკვდილი ნდომებოდა, მეორედ ესროდა. მას სურდა გ. ხ-ანისათვის მიეყენებინა მხოლოდ სხეულის დაზიანება.

პროკურორმა ე. ქ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორ ე. ქ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით, კერძოდ, დაზარალებულ გ. ხ-ანის, მოწმეების ბ. ბ-იანის, დ. გ-იანის, ასევე თვით მსჯავრდებულ ზ. ბ-იანის ჩვენებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ გ. ხ-ანისა და ზ. ბ-იანის ოჯახებს შორის იყო კონფლიქტური ურთიერთობა, რაც მათ ოჯახებს შორის ჩხუბშიც კი გადაიზარდა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ გ. ხ-ანსა და ბ. ბ-იანს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ, მათ ურთიერთობაში ჩაერივნენ მათივე ოჯახების ახლობლები და მეზობლები, რომლებმაც შესძლეს, შეერიგებინათ ეს ორი ოჯახი. თუმცა, შერიგებაში მონაწილეობა არ მიუღია ბ-იანის ვაჟს, მსჯავრდებულ ზ. ბ-იანს.

თვით ზ. ბ-იანის ჩვენებებით და შემდგომ მის მიერ განხორციელებული მოქმედებით დადგენილია, რომ ზ. ბ-იანი, მიუხედავად მათი ოჯახების შერიგებისა, განაწყენებული იყო გ. ხ-ანზე.

საქმის ერთობლივი მასალებით, კერძოდ, დაზარალებულ გ. ხ-ანის ჩვენებით, რომელმაც უშუალოდ დაინახა, რომ სანადირო თოფიდან მას ესროლა ზ. ბ-იანმა, ასევე მოწმეების: ო., მ. გ-იანების, დ. ხ-ანისა და ვ. რ-იანის ჩვენებებით, რომელთაც გაიგონეს სროლის ხმა და იმავე წუთს დაინახეს დაჭრილი გ. ხ-ანი, დადგენილია, რომ გ. ხ-ანს სანადირო თოფიდან ესროლა ზ. ბ-იანმა, რაც არც თვით გ. ბ-იანს გაუხდია სადავოდ.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ ზ. ბ-იანის განმარტებას იმის შესახებ, რომ მას გ. ხ-ანის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია, სურდა მისთვის ტკივილის მიყენება, რაც მისი სხეულის დაზიანებაში გამოიხატა.

ზ. ბ-იანის განმარტება იმ ნაწილში, რომ მას გ. ხ-ანის მოკვლა არ სურდა და ასეთი რომ ნდომებოდა, მეორედაც ესროდა, რისი შესაძლებლობაც იმ წუთში გააჩნდა, პალატა თვლის, რომ არ არის სარწმუნო. მისი ეს განმარტება უარყოფილია საქმეში არსებული მტკიცებულებებით და თვით მსჯავრდებულ ზ. ბ-იანის მიერ განხორციელებული მოქმედებით.

ზ. ბ-იანმა დაინახა სათიბში მომუშავე ზ. ხ-ანი და მაშინვე დაუმიზნა თან ქონებული სანადირო თოფი, დაახლოებით 8 მეტრის მანძილიდან; ზ. ბ-იანმა კარგად იცოდა, რომ თოფი დატენილი ჰქონდა 16 მმ-იანი ყალიბრის ვაზნით,K რომელიც შეიცავს საფანტს.

ზ. ბ-იანმა ასევე კარგად იცოდა, რომ საფანტი სროლისას იშლება. აქედან გამომდინარე, მას იმ მომენტში, როდესაც 8 მეტრის მანძილიდან გ. ხ-ანისათვის დამიზნებული ჰქონდა საფანტით დატენილი თოფი, უკვე შეგნებული ჰქონდა მისი მოქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი; ეს უკანასკნელი გ. ხ-ანს ესროდა რა საფანტს, იგი ითვალისწინებდა მისი სიკვდილის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, თუმცა მან განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან აღარ მიეცა ამის შესაძლებლობა, რადგან გ. ხ-ანთან სროლისთანავე მიირბინეს იქვე, რამდენიმე მეტრში მყოფმა პირებმა ო., მ. გ-იანებმა, დ. ხ-ანმა და ვ. რ-იანმა.

მითითებულ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ სროლის ხმასა და დაჭრილ გ. ხ-ანის ყვირილზე მათ ერთი წუთიც კი არ დასჭირდათ დაჭრილთან მისვლამდე. ყოველივე აღნიშნულით კი მსჯავრდებულ ზ. ბ-იანს მოესპო საშუალება, განმეორებით ესროლა გ. ხ-ანისათვის. აღნიშნულით უარყოფილია ზ. ბ-იანის ჩვენება, რომ მას ჰქონდა მეორედ სროლის შესაძლებლობა, მაგრამ არ ესროლა.

მართალია, სასამართლო-სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. ხ-ანს მიღებული აქვს სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა, მაგრამ პალატა თვლის, რომ ამ შემთხვევაში მიყენებული დაზიანების ხარისხს ზ. ბ-იანის ქმედების კვალიფიკაციისათვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან ზ. ბ-იანის განზრახვა გ. ხ-ანის მკვლელობისა დადგენილია ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით, ასევე სპეციალისტ ხ-ძის ჩვენებებით, რომლის თანახმადაც, 16 მმ ყალიბრის 1 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ ვაზნაში ჩადის 75-95-მდე ¹2 საფანტი, იმისდა მიხედვით, თუ ვისი გამოშვებაა, რუსეთის, თუ თურქეთის, ¹2 საფანტი 08- მეტრის მანძილზე გასროლისას გაიშლება 30-40 სმ-ის რადიუსში და სხეულზე შემავალ ჭრილობას გააკეთებდა.

ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, რვა მეტრის მანძილიდან სამიზნისაკენ 16 ყალიბრიანი სანადირო თოფით წარმოებული ორნომრიანი საფანტის გასროლის შედეგად ადამიანის ფორმის ქაღალდის ფირფიტამ მიიღო 50 დაზიანება.

გ. ხ-ანის ავადმყოფობის ისტორიის და ექიმ ი. ჯ-ძის ჩვენებების თანახმად, 1997 წლის 22 მაისს საავადმყოფოში მოყვანილი გ. ხ-ანი იყო შოკურ მდგომარეობაში, არ მუშაობდა შარდის ბუშტი და თირკმელი, აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, რაც მიყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. დამუშავების დროს მას ყურადღება არ მიუქცევია ჭრილობათა რაოდენობისათვის და იგი შესაძლებელია 50-ზე მეტი ან ნაკლები ყოფილიყო.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ზ. ბ-იანის მიმართ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი ზ. ბ-იანის მიმართ დარჩეს უცვლელად.