საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 118-აპ 19 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ რ. ი-შვილის საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 მაისის განაჩენის გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 მაისის განაჩენით რ. ი-შვილი აბაშის რაიონის სახალხო სასამართლოს 1987წ. 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სსრ სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით და მისჯილი აქვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გათავისუფლებულია 1987წ. 16 ნოემბერს, 1 წლისა და 5 თვის ვადამდე პირობით. ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს ხანდაზმულობით; სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და დანაშაულთა ერთობლიობით მისჯილი აქვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულია 2001წ. 11 ივნისს, 6 თვის ვადამდე პირობით, მსჯავრდებულია ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აკვეთა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამავე განაჩენით რ.ი-შვილს მოეხსნა წინასწარი გამოძიების მიერ საბრალდებო დასკვნით წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით და მოცემული კვალიფიკაციით იგი გამართლებულ იქნა. (განაჩენის გამამართლებელი ნაწილი სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა).
სააპელაციო პალატის მიერ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 მარტის განაჩენი დატოვებულ იქნა უცვლელად. რ.ი-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 24 ივლისიდან – დღიდან მისი დაკავებისა.
განაჩენით რ.იმნაიშვილს მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2001წ. 18 ივლისს რ.ი-შვილმა, გამოძიებით დააუდგენელ ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა “აკ-74” მარკის ¹... ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 30 საბრძოლო ვაზნით და საბრძოლო მასალა – ერთი ერთეული “რდგ-5” ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა სენაკის რაიონის სოფ. ლეძეძამაში, ბ. გ-ას საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, სადაც იგი დროებით ცხოვრობდა და საიდანაც ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სენაკის რაიონული განყოფილების ოპერატიული სამსახურის მუშაკების მიერ.
მსჯავრდებული რ.ი-შვილი თვლის, რომ მის მიმართ 2002წ. 4 მარტს ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონის უხეში დარღვევით, ამიტომ საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 მაისის განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
პროკურორი მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები, მოუსმინა პროკურორს და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ განაჩენში მსჯავრდებულ რ. ი-შვილის სააპელაციო საჩივრის მოტივები, რომელიც ანალოგიურია საკასაციო საჩივრისა, უსაფუძვლოდ ცნო, რამდენადაც ვერ იქნა მოპოვებული რაიმე მტკიცებულება პოლიციის მხრიდან მისი დევნისა და შევიწროვების შესახებ. ამასთან, საქმეში არსებული ჩხრეკისა და ამოღების ოქმით დადასტურებულია 2001წ. 24 ივლისს ბ. გ-ას საცხოვრებელი სახლის, რომელიც მსჯავრდებულის დროებით საცხოვრებელს წარმოადგენდა, საძინებელ ოთახში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, 30 საბრძოლო ვაზნის და ხელყუმბარის არსებობა. მოწმეების: ვ.ქ-იას, მ.გ-ას, ი.ტ-ას ჩვენებებით დადგენილია პოლიციის მუშაკების მიერ მათი თანდასწრებით ჩხრეკისას საწოლი ოთახიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, 30 ვაზნისა და ხელყუმბარის ამოღების ფაქტი. აღნიშნულმა მოწმეებმა იგივე ჩვენებები მისცეს საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას.
კასატორის მითითება მოწმე ი.ტ-ას მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების თაობაზე, რაც მის უდანაშაულობას ადასტურებს, არასწორია. სასამართლომ მოწმის მიერ წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემული რ.ი-შვილის მამხილებელი ჩვენებები შეაფასა ერთობლიობაში და დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ეკუთვნოდა მსჯავრდებულს და ინახებოდა მის საწოლში. ამასთან, მისი ბრალეულობა დადასტურებულია მოწმე ი.ტ-სთან მისი დაპირისპირებისა და ბრალდებულის სახით დაკითხვისას.
უსაფუძვლოა მსჯავრდებულის მითითება წინასწარ გამოძიებაში მისი დაცვის უფლების დარღვევის თაობაზე, ვინაიდან მიუხედავად არაერთგზის განმარტებისა წინასწარ გამოძიებაში დაცვის უფლების შესახებ, მას აღნიშნულზე გაცხადებული აქვს უარი.
პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმაო მტკიცებულებები მსჯავრდებულის ბრალის დასადასტურებლად, მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, სასჯელის ზომის განსაზღვრისას გათვალისწინებულია რ.ი-შვილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და განაჩენი კანონიერია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 მაისის განაჩენი რ. ი-შვილის მიმართ, რომლითაც ძალაში იქნა დატოვებული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 მარტის განაჩენი, დარჩეს უცვლელად.