განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 121-აპ 3 სექტემბერი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ რ. ს-ოვის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 ოქტომბრის განაჩენით რ. ს-ოვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ივნისის განაჩენით გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება იმ მიმართებით, რომ რ. ს-ოვს შეუმცირდა სასჯელის ზომა და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით რ. ს-ოვს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2001წ. 30 ივნისს, დაახლოებით 7 საათზე, ქ.თბილისში, ¹5 სამშობიარო სახლთან მდებარე სავაჭრო ჯიხურთან გავლისას რ. ს-ოვმა შეამჩნია, რომ ერთ-ერთი ჯიხური ღია იყო, ხოლო გამყიდველი იდგა კარებთან, რა დროსაც განიზრახა არყისა და სიგარეტის გატაცება. ამ მიზნით თავს დაესხა ჯიხურის მფლობელს _ თ. ა-ურს, მუცლის არეში მოუღერა დასაკეცი დანა და დაემუქრა დაჭრით, თუ ხმას ამოიღებდა. შეშინებული დაზარალებული იძულებული იყო, ჯიხურში შესულიყო. მას შეჰყვა ი. ს-ოვიც, რა დროსაც თაროდან აიღო ერთი ბოთლი კონიაკი “თბილისური”, 1 ლარად ღირებული ერთი კოლოფი სიგარეტი “მაგნა” და ნავაჭრი თანხა _ 1 ლარი და 40 თეთრი. შემდეგ კვლავ დაემუქრა დაზარალებულს მოკვლით, თუ ხმას ამოიღებდა და წავიდა მეტროს სადგურ “სარაჯიშვილის” მიმართულებით. რ. ს-ოვმა სულ დაზარალებულს მიაყენა 7,40 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. იგი თ. ა-ურის მითითებით დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც მისგან ამოიღეს ყაჩაღური გზით გატაცებული ნივთები.
მსჯავრდებული რ. ს-ოვი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ მისი ოჯახი განიცდის მძიმე მატერიალურ გაჭირვებას.
პროკურორი ზ. ღ-რი არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ რ. ს-ოვმა სავაჭრო ჯიხურთან გავლისას შეამჩნია, რომ ერთ-ერთი ჯიხური ღია იყო, ხოლო გამყიდველი იდგა კარებთან, რა დროსაც მან განიზრახა არყისა და სიგარეტის გატაცება. ამ მიზნით იგი თავს დაესხა ჯიხურის მფლობელს, რომელიც კარებში იდგა, მოუღერა დანა და დაემუქრა დაჭრით, თუ ხმას ამოიღებდა. ე.ი. რ. ს-ოვმა ჯიხურის მფლობელზე ყაჩაღური თავდასხმა მოახდინა ჯიხურის ღია კარებთან. ვინაიდან ყაჩაღობა დამთავრებულ დანაშაულად ითვლება თავდასხმის განხორციელების მომენტში, რ. ს-ოვის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მსჯავრდებულისთვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს რ. ს-ოვის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ იგი ადრე ნასამართლევი არ არის, ხასიათდება დადებითად, არის მრავალშვილიანი მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, მისი ოჯახი განიცდის მძიმე მატერიალურ გაჭირვებას, დაზარალებულს მასთან პრეტენზია არ გააჩნია და თვლის, რომ რ. ს-ოვს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უნდა შეეფარდოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 564-ე, 565-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ივნისის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ რ. ს-ოვის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.