საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 154-აპ 22 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია,გ. ბორჩხაძე
განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 ოქტომბრის განაჩენი ა. კ-ას მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის განაჩენით ა. კაკავა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,92-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის განაჩენით ცვლილება შევიდა იმ მიმართებით, რომ ა. კ-ს მისჯილი სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი წლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენ ნაწილში განაჩენი ა. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით ა. კ-ას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გ. პ-სთან (გ. პ-ია განაჩენს არ ასაჩივრებს) წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი ქონების აშკარა გატაცების მცდელობა ძალადობის გამოყენებით, რაც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, სახელდობრ: 1999წ. 11 სექტემბერს, დაახლოებით 22.30 საათზე, ა. კ-მ და გ. პ-იამ წინასწარი შეთანხმებით, ძალადობის გამოყენებით, რაც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ქ. რუსთავის ¹12 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სცადეს, გაეძარცვათ ა. პ-ძე, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო _ დაზარალებულს თანხა არ აღმოაჩნდა.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ა. კ-ა უარყოფს დანაშაულის ჩადენას და განმარტავს, რომ საქმეში არ მოიპოვება მისი ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებები, განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულ ა. პ-ძის ტენდენციურ ჩვენებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ა. კ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს.
პროკურორი გ. მ-ძე არ დაეთანხმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, მიაჩნია, რომ განაჩენი ა. კაკავას მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში სწორია, ხოლო სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით:
პალატა თვლის, რომ სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულბები, მისცა სწორი იურიდიული შეფასება და მსჯავრდებული ა. კ-ა საფუძვლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ამდენად, საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ა. კ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ საკასაციო პალატა არ იზიარებს.
ამასთან, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ა. კ-ას მიმართ განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით:
პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული ა. კ-ა 1999წ. 13 სექტემბრიდან 2002წ. 18 თებერვლამდე (2 წელი და 5 თვე) იმყოფებოდა პატიმრობაში. მას პატიმრობა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით შეეცვალა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 თებერვლის განჩინებით. განჩინებას ა. კ-ას პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ საფუძვლად დაედო ის, რომ ამოწურული იყო საქმის სასამართლოში განხილვის 24-თვიანი საპატიმრო ვადა და ა. კ-ა უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.
პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ მსჯავრდებულ ა. კ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის,Aშეცვლიდან დღემდე, გასულია 8 თვე და ამ ხნის მანძილზე იგი რაიმე ცუდ ქცევაში შემჩნეული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სასჯელის მოხდის მიზნით მსჯავრდებულ ა. კ-ას შებრუნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნებს სასჯელის მიზნის შესახებ და მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების გამოყენებას _ დანიშნული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება: ა. კ-ას დანიშნული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა _ სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელად ვადად განესაზღვროს 4 წელი.
მსჯავრდებულს დაევალოს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სააღსრულებო ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.