საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 121-დად 25 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა გ. წ-ურისა და ვ. რ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 მაისის განჩინებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა კასპის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 დეკემბრის დადგენილება გ. წ-ურისა და ვ. რ-ძის საჩივარზე კერძო ბრალდების წესით გ. დ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
კერძო საჩივარი ითხოვს კასპის რაიონული სასამართლოს დადგენილების და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. წ-ურისა და ვ. რ-ძის საჩივრის საფუძველზე 2001წ. 19 ივნისს კასპის რაიონულ სასამართლოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე კასპის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე გ. დ-ძის, რაიკოოპერატივის წევრების _ ნ. წ-ურის, ნ. ა-შვილის, მ. კ-შვილისა და ა. ნ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლით და ცილისწამების ბრალდებით მიცემული იქნენ სამართალში. საქმის სასამართლო განხილვის დროს ნ. წ-ურის, ნ. ა-შვილის, მ. კ-შვილის და ა. ნ-შვილის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა დაზარალებულებთან მათი შერიგების გამო. გ. დ-ძე კი სასამართლოს 2001წ. 23 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ ცილისწამებაში და მიესაჯა გამასწორებელი სამუშაო სამი თვის ვადით.
მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა როგორც გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე სასამართლოს დადგენილება გ. დ-ძის მიმართ ცილისწამების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ და კასპის რაიონულ სასამართლოს დაევალა გ. წ-ურისა და ვ. რ-ძის საჩივრის საფუძველზე საპროცესო ნორმების დაცვით, კერძო ბრალდების წესით საქმის წარმოების თავიდან დაწყება.
2001წ. 24 დეკემბერს გ. წ-ურმა და ვ. რ-ძემ კვლავ წარადგინეს საჩივარი კასპის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვეს გ. დ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ცილისწამების ბრალდებით. საჩივრის ავტორები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძვლად მიუთითებდნენ შემდეგ გარემოებაზე: 2000წ. 3 ნოემბერს კასპის რაიკოოპერატივის მეპაიეთა სახელით ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ იქნა ცილისმწამებლური განცხადება იმის თაობაზე, რომ კასპის რაიკოოპერატივის ე.წ. “საინიციატივო ჯგუფის” წევრებმა, რომელშიც სხვებთან ერთად შედიოდნენ გ. წ-ური და ვ. რ-ძე, მიზერულ თანხად დაიტაცეს კასპის რაიკოოპერატივის კუთვნილი ქონება _ მაღაზიები “სტიმული” და “ბავშვთა სამყარო”, ავტომანქანა “მოსკვიჩი” და სხვა ფასეულობა. გარდა ამისა, განცხადებაში მითითებული იყო, რომ გ. წ-ურის კასპის მომხმარებელთა საზოგადოების თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში ორგანიზაციამ 1997 წელი დაამთავრა ზარალით, საზოგადოებას დარჩა ბიუჯეტის დიდი დავალიანება, ადგილი ჰქონდა დანაკლისებს, მითვისებულ იქნა პურკომბინატის კუთვნილი 10000 ლარი.
ასეთი ცილისმწამებლური განცხადების ავტორად და ორგანიზატორად მათ დაასახელეს კასპის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე გ. დ-ძე.
კასპის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. ენუქიძემ 2001წ. 28 დეკემბერს განიხილა რა გ. წ-ურისა და ვ. რ-ძის საჩივარი, გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. ეს დადგენილება დასაბუთებულია იმით, რომ საჩივრის გამოკვლევით არ დადასტურდა კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ გ. დ-ძის მიერ შეგნებულად ცრუ მონაჭორის გავრცელების ფაქტი. ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში გადმოცემულია არსებული ფაქტების მისეული შეფასება, რის საფუძველსაც მას აძლევდა კომპეტენტური პირებისა და ორგანოების მიერ ადრე ჩატარებული შემოწმების მასალები. ამრიგად, გ. დ-ძის ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 148-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
სააპელაციო სასამართლომ განიხილა რა გ. წ-ურისა და ვ. რ-ძის სააპელაციო საჩივარი, კასპის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 დეკემბრის დადგენილება მიიჩნია კანონიერად და იგი დატოვა უცვლელად.
საკასაციო პალატაში შემოტანილი გ. წ-ურისა და ვ. რ-ძის საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სასამართლო ორგანოებმა მათი საჩივარი გამოიკვლიეს არასრულყოფილად და შეკრებილ მასალებს მისცეს არაობიექტური და უკანონო შეფასება.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. გ-ძემ, კასატორებმა _ გ. წ-ურმა და ვ. რ-ძემ მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. გ. დ-ძემ, ადვოკატებმა _ გ. შ-ძემ და ლ. კ-ძემ ითხოვეს სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც რაიონული, ასევე საოლქო სასამართლოში გ. წ-ურისა და ვ. რ-ძის საჩივარი გამოკვლეულ იქნა სრულყოფილად და შეკრებილ მასალებს მიეცა ობიექტური და სწორი სამართლებრივი შეფასება.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ პიროვნება ცილისწამების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შეგნებულად ავრცელებს მონაჭორს დანაშაულის დაბრალებით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გ. დ-ძის მოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს აშკარა მონაჭორის შეგნებულ გავრცელებად. გ. დ-ძისა და სხვათა სახელით შედგენილ განცხადებაში მითითებული ფაქტები, სახელდობრ, მაღაზიების: “სტიმულის” და “ბავშვთა სამყაროს” და სხვა ობიექტების კანონის დარღვევით პრივატიზების შესახებ აღნიშნულია ცეკავშირის გამგეობის კონტროლის ინსპექციის წამყვანი სპეციალისტების მიერ ჯერ კიდევ 1996წ. ნოემბერში ჩატარებული შემოწმების დროს შედგენილ ცნობაში. აღნიშნული ცნობა შემდგომში უარყოფილი არ ყოფილა.
ამრიგად, გ. დ-ძემ განცხადებაში მოიხსენია ის ფაქტები, რომლებიც მანამდე იყო გამოვლენილი კომპეტენტური პირების მიერ და რომლებზედაც ზემდგომი ორგანოს მიერ ყურადღების მისაქცევად საკითხის დაყენების უფლება მას თანამდებობრივად ჰქონდა. ასეთი ქმედება კი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სისხლის სამართლის წესით დასჯად ცილისწამებად.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. წ-ურისა და ვ. რ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს კასპის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 დეკემბრის დადგენილება და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 მაისის განჩინება კერძო ბრალდების წესით გ. დ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებისა.