საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 138-დად 17 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,თ. კობახიძე
განიხილა დაზარალებულ ლ. ჩ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 7 ივნისის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 15 დეკემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში მოკვლევასა და ოპერატიული სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქ.თბილისის საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს საპასპორტო სამსახურის უფროსი ინსპექტორის მ. ბ-ძის მიმართ, ამავე სამსახურის შტაბის უფროსის ლ. ჩ-ძის სამსახურებრივი ტელეფონის პირადი საუბრების საიდუმლოების არაერთგზის უკანონო დარღვევისა და 2000წ. 5 ივნისს ქ.თბილისში, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ბ-ძის მიერ ავტომანქანა “მერსედესით” თრევის შედეგად ლ. ჩ-ძისათვის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტზე – საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიებისათვის გადაეგზავნა ქვემო ქართლის ოლქის პროკურატურის გამომძიებელ მ.ბ-შვილს, რომელმაც ჩატარებული გამოძიების შედეგად 2002წ. 14 მარტს გამოიტანა დადგენილება მ. ბ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ – სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო და იმავე მოტივით დადგენილება ნ. გ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2002წ. 7 ივნისს არ დააკმაყოფილა ლ. ჩ-ძის საჩივარი ზემოთ მითითებული დადგენილების გაუქმებისა და წინასწარი გამოძიების განახლების შესახებ.
წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით და საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ლ. ჩ-ძემ მოითხოვა გამომძიებელ გ.ბ-შვილის 2002წ. 14 მარტის და რუსთავის საქალაქო სასამართლოს იმავე წლის 7 ივნისის დადგენილებების გაუქმება, საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლება, გამომძიებელ მ.ბეჟანიშვილის მიმართ კერძო განჩინების გამოტანა შემდეგი მოტივებით: წინასწარი გამოძიება საქმეზე ჩატარებულია ცალმხრივად, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მოწმედ არ იქნა დაკითხული ლ. ჯ-ძე მიუხედავად ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობებისა, არ ჩატარდა მოწმეთა შორის დაპირისპირებები, არ არის დადგენილი შემთხვევის ადგილი. გამოძიებამ და სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნიეს დადგენილად თითქოს, რომ მან დაზიანებები მიიღო შემთხვევით და არა მ. ბ-ძის განზრახ მოქმედების შედეგად, ასევე უსაფუძვლოდ იქნა გაზიარებული ნ. გ-შვილის და მოწმეთა ჩვენებები, რომ თითქოს მის მიერ განხორციელებული მუქარის შედეგად, ამ უკანასკნელმა იძულებით აღიარა მისი სატელეფონო საუბრების მოსმენა, მაშინ, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2001წ. 11 დეკემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ მისი მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია და სხვა.
დაზარალებულ ლ. ჩ-ძის წარმომადგენელმა ადვოკატმა თ.გ-ძემ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მ. ბ-ძის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ზ.რ-შვილმა კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გამომძიებელ მ.ბ-შვილის 2002წ. 14 მარტისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 7 ივნისის დადგენილებების უცვლელად დატოვება.
ქვემო ქართლის პროკურატურის გამომძიებელმა ნ.ბ-შვილმა საკასაციო პალატის სხდომაზე განმარტა, რომ მის მიერ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია სრულყოფილად და მიღებულია ობიექტური გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა თ.მ-იამ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, ქვემო ქართლის პროკურატურის გამომძიებელ ნ.ბეჟანიშვილის 2002წ. 14 მარტისა და, რუსთავის საქალაქო სასამართლოს იმავე წლის 7 ივნისის დადგენილებები მიიჩნია კანონიერად და ითხოვა მათი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებით მ. ბ-ძის და ნ. გ-შვილის მიერ სისხლი სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ფაქტების ჩადენა არ დასტურდება. ამდენად, წინასწარი გამოძიების მიერ სწორად იქნა გამოტანილი დადგენილება მ. ბ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის, ხოლო ნ. გ-შვილის მიმართ – სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედებების არ არსებობის გამო.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მოტივებს, რომ თითქოს წინასწარი გამოძიებას ჩატარებულია არასრულყოფილად და ცალმხრივად, საქმეში მისი დამადასტურებელი მასალები არ მოიპოვება.
წინასწარი გამოძიების დროს გამოკვლეულ იქნა ლ. ჩ-ძის საჩივარში მითითებული გარემოებები მ. ბ-ძის მიერ მისთვის სხეულის დაზიანებების მიყენებისა და ნ. გ-შვილის მიერ მისი სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ. ამ მიზნით დაკითხულნი არიან: მ. ბ-ძე, ნ. გ-შვილი, ნ. წ-ია, ლ. პ-ული, მ. თ-ძე, ზ. ჯ-ძე და სხვები. მათ ჩვენებებს და საქმეში მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებს მიცემული აქვს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. ის გარემოება, რომ მოწმეთა შორის არ არის ჩატარებული დაპირისპირებები, არ იქნა დანიშნული ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა, მოწმის სახით დასაკითხია დ. ჯ-ძე, წინასწარი გამოძიების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს. უსაფუძვლოა საჩივრის მოტივი, რომ თითქოს არ არის დადგენილი შემთხვევის ადგილი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შემთხვევა მოხდა ქ.თბილისში, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მ. ბ-ძე და ლ. ჩ-ძე 2000წ. 5 ივნისს შეხვდნენ ერთმანეთს.
მართალია, წინასწარმა გამოძიებამ გაიზიარა ნ. გ-შვილის და მოწმეთა ჩვენებები ლ. ჩ-ძის მიერ განხორციელებული მუქარის შედეგად იძულებით ნ. გ-შვილის მიერ სატელეფონო საუბრების მოსმენის აღიარების შესახებ, მაგრამ წინასწარი გამოძიების მიერ იგი შეფასებული არ არის ლ. ჩ-ძის სამსახურებრივი უფლების გადამეტებად და ასეთზე დადგენილებაში საერთოდ მითითებული არ არის. ამდენად უსაფუძვლოა ლ. ჩ-ძის განცხადება, რომ თითქოს გამომძიებელ მ.ბეჟანიშვილს 2002წ. 7 მარტის დადგენილება ნ. გ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001წ. 11 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც სწორად იქნა მიჩნეული პროკურორ რ.ჩ-ძის 2000წ. 15 დეკემბრის დადგენილება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვემო ქართლის პროკურატურის გამომძიებელ მ.ბ-შვილის 2002წ. 14 მარტის და რუსთავის საქალაქო სასამართლოს იმავე წლის 7 ივნისის დადგენილებები დასაბუთებული და კანონიერია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმებისა და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ჩ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 7 ივნისის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაზარალებულ ლ. ჩ-ძის საჩივარი ქვემო ქართლის პროკურატურის გამომძიებელ მ. ბ-შვილის მიერ 2002წ. 14 მარტს – მ. ბ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის და ნ. გ-შვილის მიმართ – სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, გამოტანილი დადგენილების გაუქმებაზე დარჩეს უცვლელად.