საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 19.09.2002
საქმის ნომერი
2კ-171დად.-02
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.09.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 171-დად 19 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია

განიხილა დაზარალებულ ნ. ჯ-ას კერძო საკასაციო საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული სამტრედიის რაიონის პროკურატურის 2001წ. 23 მაისის დადგენილება დ. კ-ძისა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 20 აგვისტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დ. კ-ძისა და სხვათა მიმართ საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით (1960წ.) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმე აღძრულ იქნა ნ. ჯ-სა და მისი მეუღლე ე. ო-ას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

2000წ. 1 დეკემბერს საქმე გამოსაძიებლად დაექვემდებარა სამტრედიის რაიონულ პროკურატურას.

საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ნ. ჯ-სა და ე. ო-ვას მოტაცებასა და მათი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის გამო სამტრედიის რაიონის პროკურატურის გამომძიებელ მ. ქ-ძის მიერ 2001წ. 23 მაისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე დ. კ-ძისა და სხვათა მიმართ წარმოებით იქნა შეწყვეტილი, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ნ. ჯ-ვა და გამომძიებლის მიერ მიღებული დადგენილება გაასაჩივრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ნ. ხაჟალია) მხარეთა მონაწილეობით საჩივარი განიხილა 2002წ. 10 ივნისს და თავისი დადგენილებით არ დააკმაყოფილა საჩივრის მოთხოვნა, ხოლო გამომძიებლის მიერ მიღებული დადგენილება დატოვა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ნ. ჯ-ვა ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და გამოძიების განახლებას, მიუთითებს, რომ საქმე შეწყვეტილ იქნა უკანონოდ, მხედველობაში არ იქნა მიღებული მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მოტაცებასა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ფაქტს. საქმეზე წინასწარი გამოძიება წარმოებულ იქნა ზერელედ და უხარისხოდ. გარდა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა, ადგილი ჰქონდა ცემას, წამებას, ძალადობას და გამოძალვას.

პალატის სხდომაზე დ. კ-ძემ აღნიშნა, რომ არავითარ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ან სხვა დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, თვით ნ. ჯ-ვა არის გამომძალველი და თაღლითი, რის გამოც იქნა მსჯავრდებული და ერთი წლით იყო თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. მან კანონიერად მიიჩნია წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

პროკურორმა ა. ს-შვილმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, აღნიშნა, რომ წინასწარი გამოძიების დროს დეტალურად იქნა შემოწმებული ნ. ჯ-ვას საჩივარში მითითებული გარემოებები. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ნ. ჯ-ვასა და მისი მეუღლის, ე. ო-ვას, მოტაცებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ადგილი არ ჰქონია.

პროკურორმა იშუამდგომლა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, არ არსებობს მისი გაუქმებისა და საქმეზე გამოძიების განახლების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: წინასწარი გამოძიების მიერ დეტალურად იქნა შემოწმებული ნ. ჯ-ვას ვერსია მისი და მეუღლის, ე. ო-ვას, მოტაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის შესახებ. ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილ იქნა, რომ დ. კ-ძისა და სხვათა მიერ არ ჰქონია ადგილი ნ. ჯ-სა და ე. ო-სთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებამ შეამოწმა საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია და სავსებით კანონიერად შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე დ. კ-ძისა და სხვათა მიმართ, მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო.

სასამართლომ საჩივრის განხილვისას გამოიკვლია საჩივარში მითითებულ გარემოებათა საფუძვლიანობა და კანონიერად მიიჩნია წინასწარი გამოძიების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 243-ე, 560-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის დადგენილება, რომლითაც კანონიერად იქნა მიჩნეული ამავე რაიონის პროკურატურის გამომძიებელ მ. ქ-ძის მიერ დ. კ-ძისა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის დადგენილება, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.