განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 08.10.2002
საქმის ნომერი
2კ-202დად.-02
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.10.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 202-დად 8 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი

განიხილა პროკურორ დ. ჭ-ძისა და ადვოკატ ხ. კ-იას კერძო საკასაციო საჩივრები ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ კ. ჯ-ძის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ.

პროკურორის საჩივარი ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და წარდგინების გადაცემას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლისათვის.

აღწერილობითი ნაწილი:

კ. ჯ-ძე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” პუნქტებით (ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნის გარეშე) და მისჯილი აქვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ორი-მესამედი მოიხადა 2002წ. 26 ივლისს. ავადმყოფობის გამო 2002წ. 20 ივლისიდან სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნული დაწესებულების დირექტორმა 20 აგვისტოს წარდგინებით მიმართა კრწანისი-მაწმინდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა სასჯელის მოხდისაგან კ. ჯ-ძის ვადამდე ადრე პირობით გათავისუფლება. სასამართლომ წარდგინება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ის ადრე სამჯერ არის ნასამართლევი, სამკურნალო დაწესებულებაში მცირე დროის განმავლობაში იმყოფება და ამის გამო წარდგინებაში მხოლოდ ზოგადად არის მითითებული მისი დადებითი დახასიათების შესახებ.

პროკურორის საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა გამოკვლეულ მასალებს და მიიღო არაობიექტური გადაწყვეტილება.

ადვოკატის საკასაციო საჩივარი თვლის, რომ რომ კ. ჯ-ძე მყარად დგას გამოსწორების გზაზე და საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ჯ. გ-მა ითხოვა პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები და წარმოდგენილ საჩივართა საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ სასამართლოს დადგენილება უნდა შეიცვალოს და წარდგინება მსჯავრდებულ კ. ჯ-ძის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე ადრე პირობით გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს დადგენილებაში მითითებული ის გარემოება, რომ კ. ჯ-ძე ადრე სამჯერ არის ნასამართლევი, არასწორია. პირველი ნასამართლობა, რომლითაც სასჯელის აღსრულება გადავადებული ჰქონდა და რეალურად არ აღსრულებულა, ხანდაზმულობით გაქარწყლებული აქვს, ხოლო მესამედ მსჯავრი დაედო ისეთი ბრალდებით (ადმინისტრაციული ზედამხედველობის წესების დარღვევა), რომელსაც ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულებრივ ქმედებად არ ცნობს. ასეც რომ არ იყოს, წინანდელი ნასამართლობა, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის შესაბამისად, არ არის მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლების შემზღუდავი გარემოება.

რაც შეეხება დადგენილების იმ მოსაზრებას, რომ მსჯავრდებული კ. ჯ-ძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში ახალი გადაყვანილია და ამის გამო წარდგინებაში მისი დახასიათება ზოგად ხასიათს ატარებს, უსაფუძვლოა. დახასიათება შედგენილია მსჯავრდებულის არამარტო სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებიდან გასული დროის მიხედვით, არამედ _ მისი პირადი საქმის გათვალისწინებითაც.

ამასთან, წარდგინებასა და დახასიათებაში პირდაპირ და კონკრეტულად არის მითითებული, რომ კ. ჯ-ძე არის დადებითი ორიენტაციის მსჯავრდებული, ხასიათდება დადებითად და ამის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია და შესაბამისი კომისია შესაძლებლად მიიჩნევენ მის ვადამდე ადრე გათავისუფლებას. ამ მოსაზრებას იზიარებს სასჯელის აღსრულების კანონიერებაზე ზედამხედველი პროკურორიც.

გარდა ამისა, პალატა მხედველობაში იღებს იმასაც, რომ კ. ჯ-ძეს სასჯელის სრულ მოხდამდე ამჟამად დარჩენილი აქვს 6 თვეზე ნაკლები, არის 40 წელს გადაცილებული, ავადმყოფი პიროვნება, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მის კმაყოფაზე იმყოფებოდა ცოლ-შვილი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 აგვისტოს დადგენილება შეიცვალოს:

დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებული კ. ჯ-ძე პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.