განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 24.10.2002
საქმის ნომერი
2კ-227დად.-02
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.10.2002

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 227-დად 24 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ას კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹5 დაწესებულების ადმინისტრაციის შუამდგომლობა სასჯელის მოხდისაგან გ. ა-ას პირობით ვადამდე ადრე განთავისუფლების შესახებ.

კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს დადგენილების შეცვლას და სასჯელის მოხდისაგან ვადამდე ადრე განთავისუფლებას.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 1 ოქტომბრის განაჩენით გ. ა-ას მსჯავრი დაედო ურთიერთკამათის დროს მ. ი-ას განზრახ მკვლელობისათვის და მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს იხდის 1997წ. 14 ივნისიდან. ¹5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება 1997წ. 8 ნოემბრიდან. სასჯელის მოხდის რეჟიმის დარღვევისათვის 1998წ. 17 ივნისს გამოეცხადა საყვედური. ამის შემდეგ ხუთჯერ იქნა წახალისებული.

2002წ. 18 სექტემბერს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ შუამდგომლობით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს გ. ა-ას ვადამდე ადრე განთავისუფლების თაობაზე. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ გ. ა-ას ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც ჩაიდინა სიმთვრალეში, სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილ იქნა რეჟიმის დარღვევისათვის.

საკასაციო საჩივარში გ. ა-ა მიუთითებს, რომ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასჯელის მოხდის პერიოდში გადაიტანა გულის ინფარქტი, ჰყავს უსინათლო მამა და ლოგინად ჩავარდნილი, ავადმყოფი დედა.

პალატის სხდომაზე ადვოკატებმა დ. კ-ძემ და კ. ღ-მა ითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა ო. რ-იამ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

რაიონული სასამართლოს დადგენილებაში მითითებული მოტივები (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სიმთვრალეში ჩადენა და სასჯელის მოხდის პერიოდში ერთხელ რეჟიმის დარღვევა) მსჯავრდებულ გ. ა-ას სასჯელის მოხდისაგან ვადაზე ადრე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ კანონის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს და უსაფუძვლოა. კანონი ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენი პირის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე ადრე განთავისუფლების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ ერთი სავალდებულო პირობით – თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. კანონის ამ დათქმის ირგვლივ შუამდგომლობის განხილვის დროს სასამართლოს არ უმსჯელია და არ გამოუთქვამს თავისი მოსაზრება, ამჟამად რატომ არ უნდა ჩაითვალოს მსჯავრდებული გ. ა-ა გამოსწორებულად.

პალატა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების დროს მხედველობაში იღებს, რომ მსჯავრდებული გ. ა-ა ქალია, მოხდილი აქვს შეფარდებული სასჯელის სამი-მეოთხედი, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს, სასჯელის მოხდის დაწესებულებაში ხასიათდება დადებითად, რის გამოც დაწესებულების ადმინისტრაციამ მის ვადამდე ადრე განთავისუფლებაზე აღძრა შუამდგომლობა, სასჯელის მოხდის რეჟიმის დარღვევაში ის მხოლოდ ერთხელ იყო შენიშნული და ისიც 1998 წელს. ამის შემდეგ კარგი ყოფაქცევისათვის ოთხჯერ იქნა წახალისებული. სასჯელის მოხდის პერიოდში გადაიტანა მძიმე ავადმყოფობა - გულის მიოკარდის ინფარქტი, ჰყავს მოხუცი და ავადმყოფი მშობლები. ზემოაღნიშნულთა გამო პალატა მიდის იმ რწმენამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ას გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის შეფარდებული სასჯელის ბოლომდე მოხდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ა-ას კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

შეიცვალოს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის დადგენილება და მსჯავრდებული გ. ა-ა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.

განჩინება შესასრულებლად გადაეცეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹5 დაწესებულების ადმინისტრაციას.

განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.