განჩინება შეიცვალა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 232-დად 31 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ახალაძე,მ. გოგელია
განიხილა ე. ლ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე. ლ-ას საჩივარი გამომძიებელ ზ. ბ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის პროკურორის თანაშემწის 2002წ. 17 აპრილის დადგენილების გაუქმების თაობაზე.
კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმებას, პროკურატურის დადგენილების გაუქმების თაობაზე ე. ლ-ას საჩივრის ხელახალი განხილვისათვის ქუთაისის საქალაქო ან საოლქო სასამართლოსათვის გადაცემას და მოსამართლე დ. ჟორჟოლიანის მიმართ კერძო განჩინების გამოტანას ე. ლ-ს კანონიერი უფლებების შელახვის გამო.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 27 მარტს ქუთაისის საქალაქო პროკურორს მოქალაქე ე. ლ--მ მიმართა საჩივრით, რომელშიც მიუთითებდა, რომ 13 მარტს იგი გამოცხადდა რა საგამოძიებო დეპარტამენტის ქუთაისის განყოფილებაში, გამომძიებელი ზ. ბ-ძე დაემუქრა დაჭერით, ხელის კვრით გამოაგდო კაბინეტიდან და შეაგინა დედის მისამართით. ყოველივე ამის გამო ითხოვდა ზ. ბ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და მის დასჯას.
ქუთაისის საქალაქო პროკურორის თანაშემწე მ. ბ-მა ჩაატარა რა შემოწმება, დადასტურებულად არ მიიჩნია ე. ლ-ს საჩივარში მითითებული ფაქტები და 2002წ. 17 აპრილს გამოიტანა დადგენილება ზ. ბ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
ე. ლანჩავამ ეს დადგენილება მიიჩნია უკანონოდ და მისი გაუქმების მიზნით საჩივარი შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დ. ჟორჟოლიანმა 2002წ. 26 სექტემბრის დადგენილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი იმ მოტივით, რომ ე. ლ-ამ 2002წ. 30 აპრილის განცხადებით უარი განაცხადა საჩივრის განხილვაზე.
კერძო საკასაციო საჩივარი სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მოსამართლის მიერ საჩივრის ცალმხრივად, არასრულყოფილად და არაობიექტურად განხილვას.
პალატის სხდომაზე კასატორმა ითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი დაუჭირა პროკურორმა გ. მ-ძემ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსამართლე დ. ჟორჟოლიანის 2002წ. 26 სექტემბრის დადგენილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს შემდეგი გარემოების გამო:
მოსამართლის დადგენილება ე. ლ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არ არის დასაბუთებული და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
მართალია, საქმეში მოიპოვება 30 აპრილით დათარიღებული ე. ლ-ას განცხადება იმის თაობაზე, რომ ის აღარ ითხოვს საჩივრის განხილვას, მაგრამ 26 სექტემბრისათვის, ე.ი. იმ დროისათვის, როცა სასამართლომ ფაქტობრივად განიხილა საჩივარი, ეს განცხადება მოსამართლეს არავითარ საფუძველს არ აძლევდა მასზე დაყრდნობით უარეყო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2002წ. 11 ივლისის განჩინებით ე. ლ-ს საჩივარი არსებითად განსახილველად გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ეს უკანასკნელი ვალდებული იყო, არა ფორმალურად გადაეწყვიტა საჩივრის ბედი, არამედ არსებითად ემსჯელა მისი დაკმაყოფილებისა თუ უარყოფის თაობაზე.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მოსამართლე დ. ჟორჟოლიანის მიმართ კერძო განჩინების დადგენის თაობაზე, პალატა მიიჩნევს უსაფუძვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 სექტემბრის დადგენილება ე. ლ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ე. ლ-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო პროკურატურის 2002წ. 17 აპრილის დადგენილების გაუქმების თაობაზე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
ე. ლ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მოსამართლე დ. ჟორჟოლიანის მიმართ კერძო განჩინების დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.