საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 10.10.2002
საქმის ნომერი
2კ-85კოლ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.10.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 85-კოლ 10 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ თ. დ-ძის ადვოკატის, ლ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 25 ივლისის განაჩენზე თ. დ-ძის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 25 ივლისის განაჩენით თ. დ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “მ" პუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 18 წლით, სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ა", “გ" და “კ" პუნქტებით და სასჯელის ზომად შეეფარდა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, საბოლოოდ თ. დ-ძეს (იდეალური ერთობლიობით) სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით თ. დოლიძეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ლ. ქ-ძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში; მანვე ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2001წ. 24 თებერვალს ოზურგეთის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ზ. დ-ას ოჯახში, ამ უკანასკნელის შვილის, ე. დ-ას ქორწილში მიწვეული იყო ამავე სოფელში მცხოვრები თ. დ-ძე. ქორწილში თავის სტუმრებთან ერთად იმყოფებოდნენ ი. ჩ-შვილი და მისი სიძე ლ. ქ-ძე მეუღლით, ქორწილში მიწვეული ჰყავდათ მუსიკოს-შემსრულებელი ლ. ტ-ვა. ქორწილის მსვლელობის პროცესში, დაახლოებით 22 საათზე, ლ. ქ-ძე მივიდა ლ. ტ-სთან და სთხოვა, მასთან ერთად შეესვა სასმისი. ისინი ჩამოსხდნენ მაგიდასთან, რა დროსაც მათთან მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თ. დ-ძე, რომელმაც მოსთხოვა ლ. ტ-ას, ამდგარიყო სუფრიდან და შეესრულებინა მისი დაკვეთა, აღნიშნულზე ლ. ქ-ძემ მის მიმართ გამოთქვა საყვედური. კერძოდ, უთხრა, რომ ეცლია კაცისათვის ერთი ჭიქა ღვინის დალევა და მიმართა სიტყვა “ბიჭოთი". თ. დ-ძემ იუკადრისა ასეთი მიმართვა და შეეპასუხა ქ-ძეს “შენი “ბიჭო" ვინ არის, შენ ვინ გეკითხებაო". ლ. ქ-ძის სამართლიანი შენიშვნით განაწყენებულმა თ. დ--ძემ შეკამათებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ლ. ქ-ძე გაიყვანა ქუჩაში, სადაც ეუბნებოდა _ “შენი "ბიჭო", ვინ არისო", აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. აღნიშნული გაიგონა ლ. ქ-ძის ცოლის ძმამ ი. ჩ-შვილმა, რომელიც პირად საქმეზე იყო ქუჩაში გამოსული. იგი მივიდა თ. დ-ძესთან, უთხრა, რომ ლ. ქ-ძე იყო მისი სიძე და თავი დაენებებინა მისთვის, ეცადა მის ჩამოცილებას ლ. ქ-ძისაგან საყელოში ხელის ჩავლებით, რაც ვერ შეძლო. თ. დ-ძემ სრულიად უმნიშვნელო საბაბით, ხულიგნური ქვენაგრძნობით განიზრახა ლ.ქ-ძის მკვლელობა, რა მიზნითაც თანქონებული დანის ხუთჯერ დარტყმით მიაყენა შემდეგი დაზიანებები: სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება გულმკერდის ღრუში შემავალი, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით მიყენებული ჭრილობის სახით, გულის მარცხენა პარკუჭის კედლის დაზიანებით და შემავალი პარკუჭის ღრუში, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება გულმკერდის ღრუში შემავალი, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით მიყენებული ჭრილობის სახით, აორტის რკალის დაზიანებით, რომელმაც განაპირობა მწვავე შინაგანი სისხლდენა გულმკერდის ღრუში, შესაბამისად კი მწვავე სისხლნაკლებობა გამოიწვია ლ.ქ-ძის სიკვდილი საკმაოდ სწრაფად, მცირე მონაკვეთში, საავადმყოფოში მიყვანამდე.

ამის შემედგ ი.ჩ-ზე უსაფუძვლოდ განაწყენებულმა თ.დ-ძემ იმის გამო, რომ იგი ასრულებდა საზოგადოებრივ მოვალეობას _ ცდილობდა ლ. ქ-ძისაგან თ. დ-ძის ჩამოცილებას და ამ უკნასკნელის განზრახ მკვლელობის აღკვეთას, ასევე ხულიგნური ქვენაგრძნობით, უმნიშვნელო საბაბის გამოყენებით, მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით განიზრახა მეორე პირის _ ი. ჩ-შვილის მოკვლაც, რა მიზნითაც ამ უკანასკნელს დანა სამჯერ ჩაარტყა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ორგანოებში. ი.ჩ-შვილს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის მოშლა. ორი ნაკვეთი ზედაპირული ჭრილობა კისრის უკანა ზედაპირის ქვემო მესამედში. ეს ჭრილობები მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. თ. დ-ძემ ჩათვალა რა თავისი განზრახვა შესრულებულად, მიატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა. ლ. ქ-ძე და ი. ჩ-შვილი კი მიღებული დაზიანებების გამო გადაიყვანეს ოზურგეთის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც ი.ჩ-შვილს აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ლ.ქ-ძე კი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საკასაციო საჩივარში თ. დ-ძის ადვოკატი ლ. ჭ-შვილი აღნიშნავს, რომ სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ, სწორი იურიდული ანალიზის გარეშე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, და ითხოვს თ. დ-ძის გამართლებას, რის დამადასტურებლად უთითებს მის მიერ ინკრიმინირებული ქმედების აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩადენის თაობაზე.

დაზარალებულებმა _ მ. და ი. ჩ-შვილებმა წარმოადგინეს შესაგებელი საკასაციო საჩივარზე, რომლითაც თ. დ-ძის მიმართ გამოტანილ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული თ. დ-ძე და მისი ადვოკატი ლ. ჭ-შვილი მხარს უჭერენ საკასაციო საჩივარს.

პროკურორი გ. მ-ძე ითხოვს თ. დ-ძის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

გამოიკვლია რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა დასაბუთებულობა, მოუსმინა მხარეებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ეთანხმება განაჩენს, რომელმაც არ გაიზიარა თ.დ-ძის ჩვენება თავის მართლების იმ ნაწილში, რომ თითქოსდა მას ლ. ქ-ისა და ი. ჩ-შვილის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და ჩხუბის ინიციატორი იყო ლ.ქ-ძე და იგი თავს იცავდა მისი თავდასხმისგან. გამოიტანა რა გამამტყუნებელი განაჩენი, სასამართლო დაეყრდნო დაზარალებულ ი. ჩ-შვილის წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს (რაც მან დაადასტურა თ.დოლიძესთან დაპირისპირების დროსაც), რომლებშიც მომხდარი დანაშაული აღწერილია შემდეგნაირად: ქორწილში მყოფმა ი. ჩ-შვილმა ჭიშკართან ახლოს დაინახა თ. დ-ძე და ლ. ქ-ძე. თ. დ-ძე ეკამათებოდა ლ.ქ-ძეს (რომელიც იყო ჩ-შვილის დის ქმარი) “ბიჭო" ვის უთხარიო", მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და აგინებდა დედის მისამართით. ი.ჩ-შვილი მივიდა თ.დ-სთან, უთხრა _ “მე მეცი პატივი და ამ ოჯახსო", მაგრამ თ. დ-ძე ვერ დააშოშმინა. თ. დ-ძეს მიჰყავდა ლ. ქ-ძე ბნელი ადგილისაკენ და ურტყამდა გულმკერდის არეში. ი.ჩ-შვილი შეეცადა მის შეჩერებას, ქურთუკის საყელოშიც კი ჩაავლო ხელი, მაგრამ თ.დ-ძემ მასაც ჩაარტყა. იმ წუთში მან ვერ იგრძნო დარტყმა, წამიერად დაკარგა გონება და ჩაიმუხლა. თ.დ-ძე ზემოდანაც ურტყამდა, როცა შეძლო ფეხზე წამოდგომა, დაინახა მიწაზე დაცემული ლ.ქ-ძე, რომელსაც გულმკერდის არედან სისხლი მოსდიოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ იგრძნო, რომ თვითონაც დაჭრილი იყო, გულმკერდისა და კეფის არედან სდიოდა სისხლი. ი.ჩ-შვილმა აჩვენა აგრეთვე, რომ არც მას და არც ლ.ქ-ძეს თ. დ-ძე არ უცემიათ.

მოწმეებმა _ ა. ჩ-შვილმა და ნ. მ-ამ დაადასტურეს, რომ ლ. ქ-ძესა და თ. დ-ძეს შორის შელაპარაკება მოხდა მუსიკის შეკვეთის თაობაზე და სწორედ თ. დ-ძე იყო ლ.ქ-ძის გარეთ გაყვანის ინიციატორი. ამასვე ადასტურებენ მოწმეები: დ-ძე, მ-შვილი, გ-შვილი და სხვები.

სასამართლო განაჩენში ეყრდნობა ზემოაღნიშულ პირთა ჩვენებებსა და სწორად ასაბუთებს, რომ კონფლიქტის ინიციატორი და აქტიური მხარე იყო სწორედ თ. დ-ძე, მანვე გაიხმო გარეთ ლ.ქ-ძე, დაუწყო მას კამათი და გინება. იგი არ დაემორჩილა მის დასაწყნარებლად მოსულ ი.ჩ-შვილს. სასამართლო სწორად უთითებს, რომ ყოველგვარ დამაჯერებლობას არის მოკლებული თ. დ-ძის ვერსია იმის თაობაზე, რომ თითქოსდა იგი გარეთ ლ.ქ-ძემ გაიყვანა და ისინი წყნარად საუბრობდნენ; ამ დროს კი მათთნ მიიჭრა ი.ჩ-შვილი და ხელი გაარტყა. ეს ვერსია მით უფრო მოკლებულია რეალობას, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ი.ჩ-შვილი ლ.ქ-ძესა და თ.დ-ძეს შორის რაიმე ურთიერთობას სუფრაზე არ შესწრებია, მათ შორის წყნარი საუბრის ვითარებაში კი გაუგებარია, რატომ უნდა მიჭრილიყო თ.დ-ძესთან და რატომ უნდა გაერტყა მისთვის ხელი.

სასამართლომ სწორად მიუთითა ამ გარემოებასთან დაკავშირებით კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც სრულიად დადასტურებულია ი.ჩ-შვილის ჩვენებების სისწორე მისთვის და ლ.ქ-სათვის დაზიანებების მიყენების ვითარების აღწერის ნაწილში.

გარდა ზემოთ მითითებული გარემოებებისა, სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, სამედიცინო, ტრასოლოგიური და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და დანის წარმოდგენის ოქმებს და საქმის სხვა მასალებს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. დ-ძის ქმედებას მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია და არ ეთანხმება საკასაციო საჩივარს იმაში, რომ თ. დ-ძე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ თ. დ-ძეს სასჯელი განსაზღვრული აქვს სწორად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განაჩენი ამ ნაწილშიც კანონიერია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს პალატა არ იზიარებს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო და განაჩენს როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში ტოვებს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 25 ივლისის განაჩენი თ. დ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.