განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 15.10.2002
საქმის ნომერი
2კ-87კოლ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.10.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 87-კოლ 15 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,გ. ბორჩხაძე

განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 8 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ა. ძ-შვილი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ა”, “დ”, “ლ” პუნქტებით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასჯელის მოხდა ა. ძ-შვილს დაეწყო 2001წ. 22 მაისიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენის მიხედვით დადგენილად მიჩნეულ იქნა შემდეგი: ა. ძ-შვილი მშობლებთან ვ. ძ-შვილთან და მ. ძ-შვილთან, უმცროს დასთან _ ნ. ძ-შვილთან ერთად ცხოვრობდა თბილისში. 2001წ. აპრილის თვის ბოლოს მან ჯგუფელთან გ. წ-თან ბანქოს თამაშში (ე.წ. “ბურა”) წააგო 500 ლარი, რაც უნდა გაესტუმრებინა 2001წ. 31 მაისამდე. მაისის თვეშივე ა. ძ-შვილმა გამოძიებით დაუდგენელ პირთან წააგო 400 ლარი საფეხბურთო მატჩის შედეგის გამოცნობაზე. ვ. ძ-შვილმა და მ. ძ-შვილმა გაიგეს შვილის მიერ ფულის წაგების ამბავი, რის გამოც ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. უეფას თასის ფინალური მატჩის დამთავრების შემდეგ ა. ძ-შვილმა წააგო ტოტალიზატორ “აჭარაში” შეტანილი 200 ლარიც, რაც შეიტყო ვ. ძ-შვილმა, სცემა შვილს და მოსთხოვა, შეეხვედრებინა თავის მევალეებთან. ა. ძ-შვილმა თავი ჩათვალა შეურაცხყოფილად. იგი ფიქრობდა, რომ მამის შეხვედრა მევალეებთან გამოიწვევდა მისი რეპუტაციის შელახვას, მით უმეტეს, რომ ასეთი შეხვედრა მევალეებთან მამამისმა ადრეც მოაწყო. მშობლების მხრიდან შეურაცხყოფისა და რეპუტაციის შელახვის თავიდან ასაცილებლად ა. ძ-შვილმა გადაწყვიტა მათი ფიზიკური განადგურება. 2001წ. 17 მაისს, დაახლოებით 04 საათზე, განზრახვის შესასრულებლად ა. ძ-შვილმა სასტუმრო ოთახში მდებარე დივანის სათავსიდან ამოიღო მამის კუთვნილი “იჟ-27”-ე ¹... ორლულიაანი სანადირო თოფი, ლულებში ჩააწყო ორი ვაზნა და შევიდა მშობლების ოთახში, სადაც საწოლში ეძინათ ვ. ძ-შვილსა და მ. ძ-შვილს. ა. ძ-შვილმა მამის მიმართულებით, მისი მოკვლის მიზნით, თოფიდან მოახდინა ერთი გასროლა და მიაყენა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. მან ივარაუდა, რომ მ. ძ-შვილი განაცხადებდა მომხდარის შესახებ. ამიტომ ვ. ძ-შვილის მკვლელობის დაფარვის მიზნით, მ. ძ-შვილის მოსაკლავად ამ უკანასკნელის მიმართულებით მოახდინა კიდევ ერთი გასროლა და გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. დაჭრილი ვ. ძ-შვილი არ წყვეტდა ხრიალს, ამიტომ ა. ძ-შვილმა სანადირო თოფში მოათავსა კიდევ ერთი საბრძოლო ვაზნა და ესროლა თავში, რითაც ვ. ძ-შვილს თავის არეში მიაყენა შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. ვ. ძ-შვილი და მ. ძ-შვილი ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ა. ძ-შვილმა მკვლელობის ჩადენის შემდეგ, გააღვიძა მეორე ოთახში მძინარე და ნ. ძ-შვილი, რომელსაც აცნობა მის მიერ მშობლების დახოცვის ფაქტი, ხოლო დილით სთხოვა სახლიდან წასვლა, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. იმავე დღეს ა. ძ-შვილმა ბინიდან აიღო მამის კუთვნილი 300 აშშ დოლარი, რაც დახარჯა მომდევნო დღეებში, კერძოდ: 2001წ. 18 მაისს მაღაზია “წითელქუდას” მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა ქვიშა, სატვირთო ავტომანქანით მიიტანა თავის საცხოვრებელ კორპუსთან და დაქირავებულ მუშებს აატანინა საცხოვრებელი ბინის კარამდე, რის შემდეგ მშობლების ცხედრები საძინებლიდან გადაიტანა ბინის მეორე ოთახში, სადაც გვამები მოათავსა ტახტის შიდა სათავსში, რაც ამოავსო მის მიერ ნაყიდი ქვიშით. იმავე დღეს, საღამოს, ა. ძ-შვილმა ბინიდან გამოიტანა და საცხოვრებელი სახლის მიმდებარე მინდორში დაწვა სისხლიანი ნივთები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ა. ძ-შვილი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას. იგი მიუთითებს, რომ მას განზრახ არ დაუხოცავს მშობლები, კარგად არ ახსოვს, თუ როგორ ჩაიდინა მათი მკვლელობა, იგი ძალიან ნანობს თავზე დატეხილ უბედურებას, ამასთან, ითხოვს სასჯელის ზომის შემსუბუქებას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, აღნიშნა, რომ მსჯავრდებული ა. ძ-შვილი დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში და იშუამდგომლა მისი ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და სასჯელის შესაბამისად შემცირება.

ადვოკატმა ს. უ-ძემ დაცვით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულ ა. ძ-შვილის ფსიქიკურ დაავადებაზე, ასევე მიუთითა, რომ მშობლების მხრიდან ა. ძ-შვილის აღზრდისას დაშვებული იყო სერიოზული ხასიათის შეცდომები, რასაც დაემატა ფსიქიკური დაავადება და მამის მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება, რის გამოც მსჯავრდებული ა. ძ-შვილი ჩავარდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში და ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა მშობლების მკვლელობა. ადვოკატმა ს. უ-ძემ იშუამდგომლა მსჯავრდებულ ა. ძ-შვილის ქმედების სსკ-ის 111-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და სასჯელის შემსუბუქება.

მსჯავრდებულმა ა. ძ-შვილმა აღნიშნა, რომ იგი არ უარყოფს მშობლების დახოცვას, ამასთან, აღნიშნა, რომ იგი არ იყო სრულ ჭკუაზე, ამჟამად ძალიან ნანობს ჩადენილ დანაშაულს, ეთანხმება მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნას და შუამდგომლობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

დაზარალებულმა მ. ძ-შვილმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ა. ძ-შვილის აღზრდაში დაშვებული იყო სერიოზული ხასიათის შეცდომები, იყო კარჩაკეტილი, რამაც გარკვეულწილად იმოქმედა. ძ-შვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. იგი შუამდგომლობს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის შემსუბუქებას.

პროკურორმა ა. ს-შვილმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, სასჯელიც ჩანადენის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით აქვს განსაზღვრული.

პროკურორმა იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებული ა. ძეგველიშვილის მიერ მშობლების განზრახ მკვლელობის ფაქტი უტყუარადაა დადგენილი, როგორც მისივე აღიარებითი ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით. საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში – პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული. საქმეზე ჩატარებულია როგორც სასამართლო-ფსიქიატრიული, ასევე სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზები. ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ა. ძ-შვილს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი მოქმედებების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მათთვის.

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია შემდეგი: ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური გამოკვლევის მონაცემებით დადგინდა, რომ ა. ძ-შვილი პიროვნულ-ხასიათობრივად მიეკუთვნება პიროვნებათა იმ კატეგორიას, რომლებიც მწვავე კონფლიქტურ სიტუაციებში ავლენენ აფექტურ რეაქციებს. ამასთან, ა. ძ-შვილის მოქმედების ფაქტს არ ახასიათებს ის დინამიკური მიმდინარეობა, რომელიც ახასიათებს ფიზიოლოგიური აფექტის მიმდინარეობის ფაზებს. ამდენად, დანაშაულის ჩადენის მომენტში ა. ძ-შვილი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

საქმის სასამართლოში განხილვისას დაკითხულ იქნა ექსპერტ ფსიქიატრი თ. გ-შვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ა. ძ-შვილი არის შერაცხადი პიროვნება, მას შეეძლო, გაეცნობიენებინა თავისი მოქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მათთვის.

ამდენად, საქმის მასალებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებული ა. ძ-შვილი არის შერაცხადი, ამასთან, ის დანაშაულის ჩადენის მომენტში არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ა. ძ-შვილს აღენიშნება ფსიქიკური ნაკლი ასთენიური პერსონოლოგიური აშლილობა, მაგრამ აღნიშნული ფსიქიკური ნაკლი არ გამორიცხავს მის შერაცხადობას. აღნიშნული ნაკლი შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება.

პალატა თვლის, რომ საქმის განმხილველმა სასამართლო კოლეგიამ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცა მას სწორი სამართლებრივი შეფასება, სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ა. ძ-შვილს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

პალატა ვერ დაეთანხმება თითქოს ა. ძ-შვილს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, რადგან დადგენილია, რომ მსჯავრდებული ა. ძ-შვილი პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრით ყოფილა შებღალული, არის ახალგაზრდა (დანაშაულის ჩადენისას იყო 18 წლის, სტუდენტი), ამასთან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღენიშნება ფსიქიკური ნაკლი ასთენიური პერსონოლოგიური აშლილობა. პალატას ყველა ზემოაღნიშნული გარემოებები მიაჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად და, აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, თვლის, რომ მსჯავრდებულ ძ-შვილს 2 წლით უნდა შეუმცირდეს შეფარდებული სასჯელის ზომა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 8 ივლისის განაჩენში ა. ძ-შვილის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება. ა. ძ-შვილს განაჩენით შეფარდებული სასჯელი 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 2 წლით და მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 18 წლით.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.