საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 24.10.2002
საქმის ნომერი
2კ-99კოლ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.10.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 99-კოლ 24 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი, მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულის ადვოკატის _ ე. ს-შვილის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 27 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც ნ. ი-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 108-ე მუხლით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

საკასაციო საჩივარი ითხოვს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით ნ. ი--შვილს მსჯავრი დაედო შემდეგ დანაშაულთა ჩადენაში: იგი მსახურობდა ლაგოდეხის რაიონის სამხედრო პოლიციაში და მონაწილეობდა აფხაზეთში წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. ამ პერიოდში მას ოფიციალურად გადაეცა “კალაშნიკოვის” კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. მას შემდეგ, რაც 1994 წლიდან სამხედრო პოლიციაში სამსახურს თავი დაანება, არ ჩააბარა მასზე მიმაგრებული ზემოაღნიშნული იარაღი და მას მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

ნ. ი-შვილის სიძეს _ ტ. ტ-ძეს ერთობლივი ბიზნესი ჰქონდა გ. ვ-ძესთან, მ. გ-შვილთან და ზ. ჯ-ძესთან. მათ შორის ფულად ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით წარმოიშვა დაძაბული ურთიერთობა. აღნიშნული პირები სისტემატურად აწუხებდნენ ტ. ტ-ძეს და მისგან მუქარით მოითხოვდნენ 18000 ამერიკულ დოლარს. მოგვიანებით ფულის მოთხოვნის პროცესში აქტიურად ჩაება ბ. მ-შვილი, რომელიც ხვდებოდა ტ. ტ-ძეს, აყენებდა მას შეურაცხყოფას, ემუქრებოდა და მოითხოვდა მისგან ფულის გადახდას.

ყოველივე ამის თაობაზე ნ. ი-სათვის ცნობილი იყო მისი დისა და სიძისაგან.

2001წ. 12 აგვისტოს ტ. ტ-ძე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ლაგოდეხის რაიონის სოფ. ნაშოვარში. მათთან მივიდა ბ. მ-შვილი და ტ. ტ-ძეს მოსთხოვა, სასწრაფოდ წაჰყოლოდა სოფ. ჭაბუკიანში გ. ვ-ძესა და მ. გ-შვილთან სალაპარაკოდ. ბ. მ-შვილს თან ახლდა გ. ს-ძე. როცა ტ. ტ-ძე შეეცადა შეთავაზებული შეხვედრისათვის თავი აერიდებინა, ბ. მ-შვილი დაემუქრა მას და წავიდა. იმავე დღეს ტ. ტ-ძე და მისი მეუღლე ნ. ი-შვილი მივიდნენ ნ. ი-შვილთან სოფ. აფენში და ამ უკანასკნელს უამბეს ბ. მ-აშვილის მოთხოვნისა და განხორციელებული მუქარის შესახებ. მოსმენილის გამო ნ. ი-შვილი განეწყო შურისძიების გრძნობით, თავისი სახლის სარდაფიდან აიღო უკანონოდ შენახული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ტ. ტ-ძის ავტომანქანით წავიდა სოფ. აფენის ცენტრში. იქ იგი შეხვდა თანასოფლელ მ. კ-ძეს, რომელსაც უთხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა ვ. ვ-სთან და მ. გ-შვილთან და სთხოვა, ისინი დაებარებინა სოფლის განაპირას მდებარე ე.წ. “ბენოს ბინასთან”. თან დასძინა, რომ ომს უცხადებდა მათ. მ. კ-ძე წავიდა სოფ. ჭაბუკიანში და ნ. ი-ის დანაბარები გადასცა გ. ვ-ძეს, მ. გ-შვილს და მათთან მყოფ ბ. მ-შვილს. მათ ჩათვალეს, რომ ნ. ი-თან შეხვედრა გ. ვ-ძისა და მ. გ-შვილისათვის საშიში იყო და ამის გამო დათქმულ ადგილზე წავიდნენ მხოლოდ ბ. მ-შვილი და მ. კ-ძე ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით. შეხვედრის ადგილზე მისვლისთანავე მ. კ-ძე გადმოვიდა მანქანიდან და ძებნა დაუწყო ნ. ი-შვილს. რამდენიმე წუთში, დაახლოებით 17 საათზე, მათთან მივიდა ნ. ი-შვილი, ავტომანქანა გააჩერა მ. კ-ძის ავტომანქანის უკან დაახლოებით 15 მეტრში და ბ. მ-შვილს ჰკითხა, სად იყვნენ დანარჩენები. ამ უკანასკნელმა უპასუხა “მეც გეყოფიო”... და მიმართა დამამცირებელი სიტყვებით. ნ. ი-შვილმა მ. კ-ძეს მოსთხოვა, გასცლოდა ავტომანქანას და ავტომატიდან ორი ტყვია ისროლა კ-ძის მანქანის მიმართულებით, რითაც დააზიანა იგი და მიაყენა 220 ლარის ზიანი. ამის შემდეგ განზრახ, შურისძიების მოტივით, რამდენიმე ტყვია ესროლა პირადად ბ. მ-შვილს და იქვე მოკლა.

16 აგვისტოს ნ. ი-შვილი ნებაყოფლობით და აღიარებით გამოცხადდა ლაგოდეხის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში.

საკასაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: ნ. ი-შვილი ხასიათდება დადებითად, მონაწილეობდა აფხაზეთის ომში, სადაც მიიღო კონტუზია, წინათ არ არის ნასამართლევი, დანაშაული ჩაიდინა აწ გარდაცვლილ ბ. მ-შვილის არამართლზომიერი ქმედების გამო, ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და აღიარა ჩადენილი ქმედება.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ე. ს-შვილმა და მსჯავრდებულმა ნ. ი-შვილმა ითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც პროკურორმა გ. მ-ძემ მხარი არ დაუჭირა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით. მსჯავრდებულზე განაჩენით შერაცხული ბრალდება მთლიანად დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არ ხდის არც საკასაციო საჩივარი.

სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ყველა ის გარემოება, რომლებსაც ამჟამად საკასაციო საჩივარი სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენების საფუძვლად მიიჩნევს და დაადგინა სამართლიანი განაჩენი. განაჩენით დადგენილი სასჯელის ზომა და ღონისძიება კანონით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმის ფარგლებში თავსდება, რომლის კიდევ შემცირებისათვის პალატას არავითარი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ ე. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 27 აგვისტოს განაჩენი ნ. ი-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. იგი შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.