საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 21.01.2000
საქმის ნომერი
2კ-204.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.01.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 204 21 იანვარი, 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გ. ლილუაშვილი წევრები: გ. ხაბულიანი, მ. ისაევი

მდივანი: მ. გელაშვილი სხდომაში მონაწილეობდნენ: პროკურორი: მ. ჯ-ძე

ადვოკატები: სპ. ი-ძე, ვ. ქ-ია, რ. ხ-ია

განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სპ. ი-ის საკასაციო საჩივარი და მოწმეების: ნ. ქ-ის, გ. მ-ის, მ. ქ-ას და მ. გ-ას კერძო საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით უ. ა., ამჟამად პატიმარი, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეექვსე პუნქტებით, 104-ე მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტებით, 17,104-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეექვსე პუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 213-ე მუხლის მეორე ნაწილით და 214-ე მუხლით.

ერთობლივად, სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე შეეფარდა 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. აქედან პირველი ორი წლით საპყრობილეში, ხოლო დანარჩენი 13 წელი _ გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

უ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 29 მარტიდან.

ამავე სასამართლო კოლეგიის განჩინებით შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემის გამო ნ. ქ-ის, მ. გ-ას, მ. ქ-ას და გ. მ-ის, მიმართ მასალები გაეგზავნა პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადაწყვეტისათვის.

პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მ. ისაევის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

განაჩენით უ. ა-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, ბინაში შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა. მანვე, ანგარებით და ისეთი საშუალებით, რომელიც მრავალ პირთა სიცოცხლისათვის წარმოადგენს საშიშროებას, ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ასევე, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რა დროსაც მან გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც სათანადაო ნებართვის გარეშე შეიძინა, ინახავდა და ატარებდა. ასევე წინასწარი შეცნობით შეიძინა, გააკეთა და გამოიყენა ყალბი დოკუმენტი _ პასპორტი.

კერძოდ, 1996 წლის იანვრის თვის ბოლო რიცხვებში დანაშაულებრივად დაუკავშირდა გ. ს-ს, თ. ე-ს და მ. ღ-ს. მათ მოილაპარაკეს, რომ იმავე წლის 1 თებერვალს, დილით ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ვ. ძ-ას ოჯახს და ცეცხლ-სასროლი იარაღის გამოყენებით გაიტაცებდნენ მათ ქონებას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით უ. ა. შეიარაღდა 9 მმ ყალიბის ცეცხლსასროლი იარაღით და დაახლოებით 08 საათსა და 30 წუთზე ავტომანქანა ვაზ- 2107-ით, მივიდნენ ვ. ძ-ას საცხოვრებელ ბინასთან. მათ მოილაპარაკეს, რომ ვ. ძ-ს ბინაში ყაჩაღურად შეჭრილიყვნენ უ. ა. და გ. ს., ხოლო თ. ე. და მ. ღ. ქვემოთ დაელოდებოდნენ. ამ დროს ბინაში ვ. ძ-ას გარდა იმყოფებოდნენ მისი მეუღლე ნ. დ. და შვილი ზ. ძ. თავდამსხმელების ბინასთან მოსვლის მომენტში ბინის შესასვლელი კარები გამოაღაო ზ. ძ-ამ, რომელიც აპირებდა სამსახურში წასვლას. კარის გაღებისთანავე უ. ა. და გ. ს. შეეცადნენ ბინაში შესვლას. გ. ს. შეიჭრა ბინაში, ხოლო უ. ა. გარეთ დარჩა. ზ. ძ-მ ბინაში შესულ გ. ს-ს გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა და ცდი-ლობდა მის ბინიდან გაძევებას, რა დროსაც უ. ა-მ განზრახ მოკვლის მიზნით, რამოდენიმე მეტრიდან, პისტოლეტიდან ესროლა ზ. ძ-ას და დაჭრა მარჯვენა ფე-ხის ბარძაყის არეში, რის გამოც ეს უკანასკნელი იატაკზე დაეცა, ხმაურზე შემ-თხვევის ადგილზე მივიდა ვ. ძ., რომელმაც დაინახა იატაკზე დავარდნილი, გა-სისხლიანებული შვილი. გაემართა უ. ა-ის დასაკავებლად, ამ უკანასკნელმა კი, ამჯერად ვ. ძ-ას განზრახ მოკვლის მიზნით, სამჯერ ესროლა პისტოლეტიდან და მიაყენა ჭრილობები გულმკერდის და სხეულის სხვა ადგილებში, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა. უ. ა. და სხვა პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

უ. ა-მ გამოძიებისათვის თავის არიდების მიზნით დატოვა საქართველო და იმალებოდა რუსეთის ფედერაციის ქალაქ ირკუტკსში, სადაც იგი დაკავებული იქნა. დაკავებისას მას აღმოაჩნდა ქ. ირკუტსკში ჩაწერილი კ. ი-ის სახელზე შევსებული, თავისი ფოტოსურათით ჩაკრული, პასპორტი.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ს. ივანიძე ითხოვს უ. ა-ის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნებას, ასევე ითხოვს აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას და უ. ა-ის პატიმრობიდან გათავისუფლებას;

საჩივარში მითითებულია შემდეგ მოტივებზე: განაჩენი დამყარებულია დაზარალებულ დ-ა_ძ-ას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე. ამასთან, სრულყოფილად არ შემოწმებულა მსჯავრდებულ უ. ა-ის ალიბი, რომლის შემოწმებას სჭირდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

კერძო საკასაციო საჩივრებით მოწმეები ნ. ქ., მ. გ., მ. ქ. და გ. მ. ითხოვენ სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებას. ისინი მიუთითებენ, რომ მათ შეგნებულად ცრუ ჩვენება არ მიუციათ, სასამართლოს მოახსენეს ის გარემოებები, რაც მათთვის იყო ცნობილი.

დაზარალებული ნ. დ. თავის შესაგებლით ითხოვს სასამართლო კოლეგიის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულ უ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების სპ. ი-ისა და რ. ხ-ას მოსაზრება, რომელთაც პალატის წინაშე იშუამდგომლეს მათი საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

დაზარალებულ ნ. დ-ას ინეტერსების დამცველმა ადვოკატმა ვ. ქ-მ თავის სიტყვაში მხარი დაუჭირა განაჩენს და ითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

პროკურორმა მ. ჯ-ემ პალატის წინაშე იშუამდგომლა განაჩენის და განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ.

პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი განაჩენი და განჩინება არის კანონიერი, არ არსებობს მათი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო საჩივრის მითითება იმის შესახებ, თითქოს განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულ ნ. დ-ას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, პალატა ვერ დაეთანხმება, რადგან განაჩენი დამყარებულია არა მარტო დაზარალებულის ჩვენებაზე, არამედ საქმეში არსებულ ერთობლივ მასალებზე.

პალატა აღნიშნავს, რომ მართალია დაზარალებულ ნ. დ-ას სხვადასხვა დროს მოცემულ ჩვენებებს შორის იყო გარკვეული წინააღმდეგობა, მაგრამ ეს გარემოება განაჩენის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგან სასამართლო კოლეგიამ ახსნა ისინი და მისცა მათ სათანადო შეფასება.

პალატა ვერ დაეთანმხება საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს მსჯავრდებული უ. ა. შემთხვევის დროს არ ყოფილა თბილისში და ამიტომ ვერ ჩაიდენდა ყაჩაღობასა და განზრახ მკვლელობას, იგი იმ დროისათვის წასული იყო რუსეთის ფედერაციის ქ. ი-ში.

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგაიმ ეს საკითხი დეტალურად შეამოწმა და სავსებით სამართლიანად მიიჩნია დადგენილად, რომ შემთხვევის დღეს მსჯავრდებული უ. ა. იყო თბილისში და მან მიიღო მონაწილეობა ყაჩაღობის ჩადენაში და ის იყო უშუალო ამსრულებელი დამამძიმებელ გარემოებებში მკვლე-ლობის და მკვლელობის მცდელობის. ის გარემოებაც, რომ მან გააკეთა ყალბი დოკუმენტი _ პასპორტი და მისი გამოყენებით ცხოვრობდა ქ. ი-ში, ამასან ემალებოდა საგამოძიებო ორგანოებს, რაც გარკვეულწილად მიუთითებს იმაზე, რომ ის არის ჩადენილი დანაშაულის ერთ-ერთი უშუალო, მონაწილე. მითუმეტეს იგი ჯერ სურათებით, შემდეგ კი უშუალოდ ამოიცნო დაზარალებულმა ნ. დ-ამ.

პალატა ვერ დაეთანხმა კერძო საკასაციო საჩივრების მითითებას, რადგან თვლის, რომ გამოძიების ორგანომ უნდა შეამოწმოს სასამართლო კოლეგიის განჩინებაში მითითებული გარემოება და ამის შემდეგ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 569-ე, 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი უ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ამავე სასამართლო კოლეგიის განჩინება ნ. ქ-ის, მ. გ-ას, მ. ქ-ას და გ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა, კანონიერ ძალაში შედის გამოქვენებისთანავე და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სსსკ-ის 593-ე-601-ე მუხლების დადგენილი წესით.