განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას

სისხლის სამართლის 01.02.2001
საქმის ნომერი
2კ-113კოლ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.02.2001

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 113 კოლ 1 თებერვალი, 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ტურავა

მოსამართლეები: გ. ბორჩხაძე, მ. ისაევი

განიხილა პროკურორ გ. ა-შვილისა და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ძის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სა-სამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც პ. ტ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქრთველოს სსკ-ის 88-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 17,88-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია). ერთობლივად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელააღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

განაჩენით პ. ტ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 1999 წლის აგვისტოს თვეში მან გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, შემდგომში გასაღების მიზნით, შეიძინა 28000 აშშ ყალბი დოლარი. აღნიშნული თანხის გა-საღების შემთხვევაში ყალბი დოლარის პატრონებისათვის უნდა მიეცა გასაღებული თანხის 30%. 2000 წლის იანვრის თვეში, მან გამოძიებით დაუდგენელი პირის _ “თემურის” _ მეშვეობით გაასაღა ერთი ცალი 100 აშშ დოლარიანი ყალბი კუ-პიურა. 31 იანვარს პ. ტ-ძემ ვინმე “ვახტანგისაგან” “ისნის” ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიცნო ხ. კ-შვილი, რომელსაც შესთავაზა ყალბი 1000 აშშ დო-ლარის ნამდვილ 400 დოლარად შესყიდვა. ისინი შეთანხმდნენ და შეხვედრა დათქვეს მეორე დღისათვის პ. ტ-ძის სამსახურთან. 1 თებერვალს, დაახლოებით 14 საათზე, პ. ტ-ძემ თავის სამუშაოზე, მასზე გაპიროვნებულ სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში, ხ. კ-შვილს 400 ნამდვილი აშშ დოლარად მიყიდა ყალბი 1000 დოლარი. აღნიშნულის შემდეგ პ. ტ-ძემ ხ. კ-შვილს კვლავ შესთავაზა 25900 ყალბი აშშ დოლარი.

წინასწარი შეთანხმების საფუძველზე იმავე დღეს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, პ. ტ-ძე მასზე გაპიროვნებული სასწარფო დახმარების “ჰუნდაის” მარკის ავტომანქანით მივიდა თბილისის “ისნის” ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ხ. კ-შვილზე ფულის გადაცემამდე დაკავებულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ და მისგან ამოღებულ იქნა 25900 ყალბი აშშ დოლარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პა-ლატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის თანაშემწე გ. ა-შვილი ითხოვს ცვლილების შეტანას პ. ტ-ძის მიმართ დადგენილ განაჩენში, ითხოვს პალატამ მას მოსახდელად განუსაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან განაჩენით შეფარდებული სასჯელი აშკარად ლმობიერია.

მსჯავრდებულ პ. ტ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ. გ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებითი გამოძიები-სათვის დაბრუნებას, ხოლო აღკვეთის ღონისძიებად _ ხელწერილს გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ განსაზღვრისას მიუთითებს, რომ წინასწარი გამოძიება წარმოებულია საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დარღვევით. ამასთან, სრულყოფილად არ შემოწმებულა პ. ტ-ძის ვერსია მასთან ყალბი დოლარების მიბარების შესახებ. პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ა-შვილმა ცვლილებით დაუჭირა მხარი მის საკასაციო საჩივარს, იშუამდგომლა განაჩენის გაუქმების თაობაზე შეფარდებული სასჯელის აშკარა ლმობიერების მოტივით და საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის შესახებ.

მსჯავრდებულმა პ. ტ-ძემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. გ-ძემ მხარი დაუჭირეს თავიანთი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.

პალატა გაეცნო საქმი მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება წარმოებულია ცალმხრივად და ზერელედ, მთელი სისრულით არ შემოწმებულა საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია, რის გამოც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. კერძოდ, წინასწარმა გამოძიებამ არ შეამოწმა მსჯავრდებულ პ. ტ-ძის ვერსია იმის შესახებ, რომ ყალბი დოლარები ეკუთვნოდა თ. ს-ძეს და მას მიზნად არ ჰქონია ყალბი დოლარების გასაღება. წინასწარმა გამოძიებამ ტ-ძის ეს ვერსია სრულყოფილად არ შეამოწმა და დაეყრდნო მხოლოდ მის მიერ გამოძიების პირველ ეტაპზე მიცემულ ჩვენებებსა და მოწმე ხ. კ-შვილის ჩვენებას, თუმცა გამოძიებამ არ ახსნა მათ ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები.

პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიების დროს მთელი სისრულით უნდა შემოწმდეს პ. ტ-ძის ვერსია მოძებნილ უნდა იქნეს თ. ს-ძე, რომლის საცხოვრებელი ადგილი დადგენილია და ამის შემდეგ ყველა მიღებულ შედეგს მიეცეს სათანადო შეფასება. წინასწარმა გამოძიებამ და სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მსჯავრდებულმა პ. ტ-ძემ ვინმე “თემურის” მეშვეობით გამოძიებით დაუდგენელ პირზე გაასაღა 100 ამერიკული ყალბი დოლარი. ამ ეპიზოდში საყურადღებოა ის გარემოება, რომ გამოძიებას ყალბი დოლარის კუპიურა არ ამოუღია, ვინმე “თემური” არ დაუდგენია და მხოლოთ თვით ტ-ძის პირვანდელი ჩვენებებით მიიჩნია ამ ეპიზოდში მისი ბრალი დადასტურებულად.

პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიების დროს დეტალურად უნდა იქნეს შემოწმებული თვით მსჯავრდებულის ვერსია, უნდა აიხსნას ამ ნაწილში მის ჩვენებაში არსებული წინააღდმეგობა და მიღებულ შედეგებს მიეცეს შეფასება.

წინასწარმა გამოძიებამ და სასამართლომ, ასევე, დადგენილად ჩათვალა, რომ მსჯავრდებულმა პ. ტ-ძემ მოწმე ხ. კ-შვილს 1000 ყალბი ამერიკული დოლარი მიჰყიდა 400 ნამდვილ ამერიკულ დოლარად.

პალატა თვლის, რომ ამ ეპიზოდშიც წინასაწრი გამოძიება წარმოებულია არასრულყოფილად. თვით მოწმე ხ. კ-შვილის ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობა არ ყოფილა ახსნილი და შეფასებული, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა დატოვებულია რეაგირების გარეშე. კერძოდ, მოწმე ხ. კ-შვილის და ბრალდებული ტ-ძის დაპირისპირების დროს ადვოკატმა ოქმში გააკეთა შენიშვნა, სადაც მიუთითა, რომ კ-შვილმა ვერ ამოიცნო მის წინ მჯდომი პირი, რის შემდეგ გამომძიებელმა კ-შვილი გაიყვანა სხვა ოთახში, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი გააგრძელა დაპირისპირება. გამოძიებამ ადვოკატის აღნიშნული შენიშვნა (შუამდგომლობა) დატოვა რეაგირების გარეშე და არ იმსჯელა მისი რეალობის შესახებ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქმის სასამართლო განხილვისას მოწმე კ-შვილმა დაადასტურა ადვოკატის მიერ გაკეთებული შენიშვნა და მიუთითა, რომ თავდაპირველად მან ვერ ამოიცნო პ. ტ-ძე. ეს გარემოება დამატებითი გამოძიების დროს უნდა შემოწმდეს.

უფრო მეტიც გამოძიებამ მიიჩნია, რომ მოწმე კ-შვილმა 400 ნამდვილ ამერიკულ დოლარად შეიძინა 1000 ყალბი დოლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა შემდგომ წარუდგინა პოლიციას. ამდენად, კ-შვილმა განიცადა მატერიალური ზარალი და არსებობდა საფუძველი მისი დაზარალებულად ცნობისათვის, რასაც თვითონაც ითხოვდა. მიუხედავად ამისა, წინასწარმა გამოძიებამ კ-შვილი არ ცნო დაზარალებულად, რითაც გარკვეულ წილად შეიზღუდა მისი უფლებები. აღნიშნული გარემოება კი საქართველოს სსსკ-ის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველია.

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული პ. ტ-ძე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი წინასწარი გამოძიების დამთავრების სტადიაზე არ ყოფლან საქმის მასალებს გაცნობილი, ხოლო მათ მიერ ამ ეტაპზე გაკეთებული შუამდგომლობა დატოვებულ იქნა რეაგირების გარეშე. ამის თაობაზე პროკურორ გ. ა-შვილის მიერ შედგენილია გაურკევევლი შინაარსის მქონე ოქმი, რომელსაც მხოლოდ თვითონ აწერს ხელს. აღნიშნულით კი დაირღვა ბრალდებულის დაცვის უფლება, რაც, ასევე, საქმის დამატებითი გამოძიების დაბრუნების საფუძველია.

პალატის სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მოწმე ხ. კ-შვილის ახსნა-განმარტება, რომელიც დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ. აღნიშნულ ასხნა-განმარტებაში მითითებულია სხვადასხვა არსებითი ხასიათის გარემოებებზე, რომელთა შემოწმება საქმის დამატებითი გამოძიების პროცესში უნდა მოხდეს და მიეცეს შეფასება. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატს უფლება აქვს საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა გარემოებათა შემოწმების თაობაზე იშუამდგომლოს გამოძიების წინაშე.

პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას პ. ტ-ძის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, რადგან მოცემულ საქმეზე ჯერ უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოძიება, უნდა შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია და ამის შემდეგ გადაწყდეს პ. ტ-ძის ბრალეულობისა და სასჯელის საკითხი. ამასთან, არ არსებობს საფუძველი შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლისათვის.

პალატა თვლის, რომ საქმეზე დამატებითი გამოძიების ჩატარება უნდა დაევალოს სხვა გამომძიებელს.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 8 დეკემბრის განაჩენი პ. ტ-ძის მიმართ გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

დამატებითი გამოძიების წარმოება დაევალოს სხვა გამომძიებელს.

აღკვეთის ღონისძიება დარჩეს უცვლელად.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.