განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 17-აპ 1 მარტი 2001 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე
მოსამართლეები ნ. გვენეტაძე, ი. ბიბილაშვილი
განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის ი. გ-ას, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის ადვოკატ ვ. კ-ის, დაზარალებულ ნ. მ-შვილის წარმომადგენლის ადვოკატ ი. გ-შვილის საკასაციო საჩივრები, აგრეთვე მოქალაქეების _ ლ. და გ. მ--ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 იანვრის განაჩენსა და განჩინებაზე.
გასაჩივრებული განაჩენით შეიცვალა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი ა. ო-შვილის მიმართ იმ მიმართებით, რომ საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 105-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ახალი სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდა და სასჯელის ზომად განესაზღვრა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტთან დაკავშირებით ლ. და გ. მ-ელების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად მასალების თბილისის პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ.
პროკურორის საკასაციო საჩივარი ითხოვს სასჯელის შემცირების ნაწილში საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 იანვრის განაჩენის გაუქმებას და ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას, ა. ო-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას და იმ დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად რაც ა. ო-შვილს ერაცხება, საქმის გადაცემას პროკურატურისათვის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. საკასაციო საჩივარს ეთანხმება მსჯავრდებული.
დაზარალებულის ადვოკატის საკასაციო საჩივარი ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას, ა. ო-შვილზე სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმის მისჯას და მოწმეების _ ლ. მ-ელის, ს. ხ-ძის, გ. ზ-შვილის და დ. ზ-შვილის მიმართ საქმის წინასწარ გამოძიებაში დაბრუნებას მათი ქმედების შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით.
მოქალაქეების _ ლ. და გ. მ-ელების კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს მათ მიმართ გამოტანილი დადგენილიბისა და განჩინების გაუქმებას.
პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გ. ბორჩხაძის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რაიონული და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით ა. ო-შვილს დაბადებულს 1980 წლის დეკემბერში. დანაშაულის ჩადენის დროისათვის არასრულწლოვანს, საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს, უცოლშვილოს, სამართალში არყოფილს, მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებათა გარეშე შემდეგ ვითარებაში:
1998 წლის 14 თებერვლის დღის მეორე ნახევარში ა. ო-შვილმა და მისმა არასრულწლოვანმა მეგობრებმა _ ლ. მ-ელმა, ს. ხ-ძემ, დ. და გ. ზ-შვილებმა ამ უკანასკნელთა ბინაში პურმარილზე ყოფნის დროს მოილაპარაკეს მისულიყვნენ ა. ო-შვილის შეყვარებულთან _ მ. ფ-ძესთან და სიყვარულის დღე ‘წმინდა ვალენტინობა” მიელოცათ მისთვის ეზოში სიმღერით და სანთლების ანთებით. ამ მიზნით, დაახლოებით 21 საათზე ისინი მივიდნენ ქ. თბილისში, ... კორპუსთან და შევიდნენ იმ სადარბაზოში სადაც მ. ფ-ძე ცხოვრობს. მანამდე, ვიდრე მ. ფ-ძის ყურადღებას მიიპყრობდნენ, ისინი სადარბაზოში შეხვდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ძმებს _ ლ. და გ. მ-შვილებს. ლ. მ-შვილმა იცოდა რა, რომ მ. ფ-ძე უყვარდა ა. ო-შვილს და ისიც იცოდა, რომ იგივე მ. ფ-ძე მოსწონდა იმავე სახლში მცხოვრებ მის ნათესავს კ. ბ-უზს, შეეცადა ისინი \ა. ო-შვილი და კ. ბ-ი\ შეეხვედრებია ერთმანეთისათვის. ამ მიზნით მან რამდენიმეჯერ დაუძახა კ. ბ-ს, მაგრამ ხმა ვერ მიაწვდინა. ამის შემდეგ მ. ფ-ძესთან დაკავშირებით ა. ო-შვილსა და ლ. მ-შვილს შორის გაიმართა დაძაბული საუბარი, რაც გადაიზარდა ურთიერთშეურაცხყოფაში და ჩხუბში. მათთან მივიდნენ ლ. მ-შვილის ძმა _ გ. მ-შვილი და ა. ო-შვილის თანმხლები პირები ლ. მ-ელი, ს. ხ-ძე და ძმები ზ-შვილები. გ. მ-შვილი შუაში ჩაუდგა ა. ო-შვილს და ლ. მ-შვილს. ა. ო-შვილმა ხელი გაარტყა გ. მ-შვილს, რაზედაც ამ უკანასკნელმაც გარტყმით უპასუხა. ამის შემდეგ ა. ო-შვილის ერთ-ერთმა მეგობარმა ხელი გაარტყა გ. მ-შვილს. ჩხუბის დროს ა. ო-შვილმა ჯიბიდან ამოიღო საცეკვაო ტანსაცმლის ხანჯალი, რომელიც ზ-შვილებს ეკუთვნოდა და გამოართვა მან გ. ზ-შვილს როცა მ. ფ-ძესთან მიდიოდნენ, რითაც ლ. მ-შვილს მიაყენა ორი მძიმე ხარისხის და სამი მსუბუქი დაზიანება გულმკერდისა და მუცლის არეში. ჭრილობათა მიყენების შემდეგ ა. ო-შვილი მეგობრებთან ერთად გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. ლ. მ-შვილი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად მიყენებული მძიმე დაზიანების შედეგად მეორე დღეს, 1998 წლის 15 თებერვალს გარდაიცვალა საავადმყოფოში.
მოწმეების ლ. და გ. მ-ელების მიმართ დადგენილება \განჩინება\ გამოტანილია იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. მ-ეველმა გამოძიების დროს აჩვენა ა. ო-შვილი ჩხუბის დროს იქნევდა ხანჯალს, თვითონ შეეცადა გაეჩერებია ის, რა დროსაც გაიჭრა ხელი. სასამართლო სხდომაზე კი აჩვენა, რომ ა. ო-შვილის ხელში მას ხანჯალი არ შეუნიშნავს, ხელი ხანჯალზე არ გაუჭრია, არამედ ქვაზე დაეცა და მაშინ დაიზიანა. ასევე, გ. მ-ელმა პირველად აჩვენა, რომ მისი შვილი _ ლ. მ-ელი როცა დაბრუნდა სახლში განუცხადა, რომ ა. ო-შვილი იქნევდა ხანჯალს და მაშინ გაიჭრა ხელი. სასამართლო სხდომაზე მანაც შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ შვილის თქმით ხელი დაცემის დროს დაიზიანა.
მსჯავრდებულის ადვოკატის საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა რა სააპელაციო სასამართლომ, მიიჩნია რომ გამოძიება ჩატარებული იყო არასრულყოფილად, სერიოზული ხარვეზებითა და საპროცესო ნორმების დარღვევით და 2000 წლის 13 ივნისის განჩინებით საქმე დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა პროკურორის საკასაციო საჩივარი, გააუქმა საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების განჩინება მისი უსაფუძვლობის მოტივით და საქმე ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის შესაბამისი მითითებებით დაუბრუნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ განმეორებით განიხილა რა საქმე, დადგენილად ცნო ზემოთ აღწერილ ვითარებაში ა. ო-შვილის მიერ მასზე შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასჯელის შემცირების მოტივად მიიჩნია ის გარემოებები, რომ შემთხვევის ადგილზე ა. ო-შვილი მივიდა კეთილი ნებით _ შეყვარებულისათვის სიყვარულის დღის მისალოცად, რომლის შესრულებაში თავისებურად ხელი შეუშალა ლ. მ-შვილმა და ჩხუბის წამოწყებაც ამ უკანასკნელის ქმედებამ განაპირობა, ჩხუბის შედეგად განსასჯელსაც აქვს მიღებული სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება ტვინის შერყევით.
ამასთან, უკანასკნელ პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ მას სასამართლო პროცესზე დასწრებაც აღარ შეეძლო. იგი დაავადებულია მარცხენა ფილტვის კეროვანი ტუბერკულოზით, ინფილტრაციისა და რღვევის ფაზაში, მოთესვით მარჯვენა ფილტვში, გართულებული სისხლიანი ხველით. \ის ფაქტი, რომ ა. ო-შვილი დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი, გააჩნია შეუბღალავი წარსული და ხასიათდება დადებითად, სასჯელის განსაზღვრის დროს გათვალისწინებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ\.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დააზუსტა საკასაციო მოთხოვნა და იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და საქმის გადაცემა ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის იმ მოტივით, რომ სასამართლოს არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი მსჯავრდებულ ა. ო-შვილისათვის დაენიშნა კანონით გათვალისწინებაზე უფრო მსუბუქი სასჯელი.
საკასაციო მოთხოვნა შეცვალა დაზარალებულის ადვოკატმა ი. გ-შვილმაც და ითხოვა განაჩენის გაუქმება სასჯელის აშკარა ლმობიერების მოტივით და საქმის გადაცემა ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის.
დაზარალებული ნ. მ-შვილი მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარებულია არაობიექტურად და პასუხისგებაში არ არის მიცემული დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი. მიუხედავად ამისა ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და საქმის გადაცემას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.
მსჯავრდებულის ადვოკატმა ვ. კ-ძემ თავისი საკასაციო მოთხოვნა დატოვა უცვლელად.
პალატამ მოუსმინა რა ყველა კასატორს, შეისწავლა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება და საჩივართა საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და განჩინება მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეცეს ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის განმეორებითი სააპელაციო განხილვის დროს სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია ის საკითხები, რომლებიც საეჭვოდ მიიჩნია პირველმა სააპელაციო სასამართლომ და რომელთა სრულყოფილი გამოკვლევის თაობაზე სასამართლოს მიუთითა უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ 2000 წლის 25 აგვისტოს განჩინებით. სახელდობრ, საქმის მასალების მიხედვით სრულყოფილად და დამაჯერებლად არ არის გარკვეული აწ გარდაცვლილ ლ. მ-შვილს სიკვდილის წინ რამდენი და რა კატეგორიის დაზიანება ჰქონდა მიყენებული, მათგან რომელი იყო სასიკვდილო დაზიანება და რა სახის იარაღით იყო მიყენებული ეს დაზიანებები საქმის მასალების მიხედვით ბოლომდე სრულყოფილად არ არის გარკვეული ლ. მ-შვილს დაზიანებები ერთმა პირმა მიაყენა თუ მეტმა. სააპელაციო სასამართლოს არ დაუკითხავს ექიმი ოპერატორი და სამედიცინო ექსპერტები, რომელთა დაკითხვას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის ფაქტიური გარემოებების ობიექტურად დადგენისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სათანადო შეფასება არ მიუცია და კანონზე დამყარებით არ გადაუწყვეტია საქმის გამოძიების დროს საპროცესო ნორმების დარღვევის თაობაზე წამოჭრილი დავა.
აღნიშნული ხარვეზები გამოსწორებული უნდა იქნას საქმის ხელახალი სააპელაციო განხილვის დროს.
საკასაციო პალატა ეთანხმება პროკურორისა და დაზარალებულის საჩივართა იმ მოსაზრებას, რომ ა. ო-შვილზე განაჩენით შერაცხული ბრალდება სააპელაციო სასამართლოს უდავოდ და კანონიერად დადასტურებულად თუ მიაჩნდა, მაშინ კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი არ უნდა დაენიშნა. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ და ამიტომაც დაუნიშნა კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი.
პალატა მიიჩნევს, რომ განაჩენთან ერთად უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაც.
ზემოაღნიშნულთა გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე-562-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ა. ო-შვილის ბრალდების საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 იანვრის განაჩენი და განჩინება.
საქმე ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.
ა. ო-შვილის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ წინასწარი პატიმრობა დარჩეს უცვლელად კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.