განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 14დად 1 მარტი 2001 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ტურავა
წევრები გ. ბორჩხაძე, მ. ისაევი
განიხილა მ. ხ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 თებერვლის დადგენილებაზე, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული მთაწმინდის რაიონის პროკურორის თანაშემწის 2000 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება, მ. ხ-ძის ავტომანქანის ფიზიკური ძალით გამოყენებით გატაცების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2000 წლის 23 თებერვალს საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ჯ. შ-ას მიერ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ტერიტორიიდან ა. ღ-იას მიერ მოქალაქე მ. ხ-ძის კუთვნილი “ნისან-პატრულის” მარკის ავტომანქანის ძალადობის გამოყენების გზით გატაცების ფაქტზე.
აღნიშნული საქმე იმავე წლის 11 აპრილს წარმოებაში მიიღო ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის პროკურორის თანაშემწე თ. ჭ-შვილმა საქმეზე გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, 2000 წლის 30 ივლისს, თ. ჭ-შვილის მიერ წარმოებით იქნა შეწყვეტილი, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული დადგენილება 2000 წლის 31 აგვისტოს გაუქმებული იქნა ქ. თბილისის პროკურატურის დადგენილებით. საქმეზე განახლდა გამოძიება.
კვლავ ჩატარებული იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და 2000 წლის 20 ოქტომბერს იმავე საფუძვლით საქმე ისევ იქნა წარმოებით შეწყვეტილი. ეს დადგენილება უკანონოდ მიიჩნია მოქალაქე მ. ხ-ძემ და გაასაჩივრა თბილისი კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ საჩივარი განიხილა მხარეთა მონაწილეობით და თავისი დადგენილებით არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრით მ. ხ-ძე ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას, მიუთითებს, რომ წინასწარი გამოძიება წარმოებულ იქნა არასრულყოფილად, დღემდე გაურკვეველია მისი ავტომანქანის ბედი, რომელიც გასტაცეს ძალადობის გამოყენებით, მას ა. ღ-იას ვალი ჰქონია.
ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგენილად მიჩნეულია შემდეგი:
ქ. სენაკში მცხოვრებმა ვ. ღ-იამ, ნოსირის დაფნის მეურნეობასთან არსებული მრავალდარგოვანი კოოპერატივი “არმაზის” სახელით, ამ კოოპერატივისა და საქართველო-ისრაელი-ინგლისის ერთობლივ საწარმო “ფაიტონთან” 1994 წლის 22 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. რუსთავში მდებარე ფირმა “ინტერკონტაქტს” გაუგზავნა ოთხი ვაგონი ჩაი.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, “ფაიტონი” კისრულობდა ვალდებულებას, რომ კოოპერატივ “არმაზს” თითოეულ ვაგონ ჩაის სანაცვლოდ გადასცემდა “ფეროზას” ფირმის ავტომანქანებს. ფირმამ მიღებული ჩაის გადაგზანვა და რეალიზაცია ვერ მოახერხა, რის გამოც ვაგონები წლების განმავლობაში იდგა ფირმა “ინტერკონტაქტის” ჩიხში. გარდა კოოპერატივ “არამზის” მიერ გაგზავნილი ოთხი ვაგონის ჩაისა, “ინტერკონტაქტის” ჩიხში დაგროვდა სხვადასხვა ფირმებიდან გადმოგზავნილი 620 ტონა ჩაი.
1995 წლის 28 ივლისს საქართველოს პარლამენტის წევრებმა აფხაზეთიდან: ა. ფ-ამ, ა. წ-ამ, ჯ. ს-ამ, ვ. კ-ამ და გ. ფ-ამ წერილით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბ-ნ ო. ფ-ას და სთხოვეს თურქმენეთში გასაგზავნად ქ. რუსთავში, ფირმა “ინტერკონტაქტის” ჩიხში მდგარი 35 ვაგონი უპატრონო ჩაის აფხაზეთის ინვალიდთა და ლტოლვილთა ასოციაციისათვის “დაბრუნება” გადაცემა.
1995 წლის 3 აგვისტოს, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტსა და ასოციაცია “დაბრუნებას” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 620 ტონა ჩაი გადაეცა ამ უკანასკნელს. აფხაზეთის ინვალიდთა და ლტოლვილთა ასოციაციას “დაბრუნება” აღნიშნული 620 ტონა ჩაი უნდა გადაეგზავნა თურქმენეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბითუმო საცალო გაერთიანება “თურქმენბაკალეი-ასათვის”, მათთან 1995 წლის 5 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
აფხაზეთის ინვალიდთა და ლტოლვილთა ასოციაციის “დაბრუნება” პრეზიდენტი იმ დროისათვის იყო პარლამენტარ ჯ. ს-ას აწ გარდაცვლილი ვაჟიშვილი თ. ს-ია.
ასოციაციამ “დაბრუნება” რკინიგზის დეპარტამენტიდან მიღებული 35 ვაგონი, 620 ტონა ჩაი, გადატვირთა თურქმენეთის რესპუბლიკაში, რაშიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მ. ხ-ძე, რომელიც იმ პერიოდისათვის მუშაობდა პარლამენტარ ა. ფერდინავ-ას თანაშემწედ.
როდესაც ვ. ღ-იამ შეიტყო, რომ მისი კუთვნილი ჩაი გადასცეს ასოციაცია “დაბრუნება”, მივიდა პარლამენტარ ჯ. ს-სთან, რომელმაც განუცხადა, რომ მათ ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული თურქმენეთთან და ჩაის რეალიზაციის შემთხვევაში დაუბრუნდნენ კუთვნილ თანხას.
ვ. ღ-ია და მისი ვაჟიშვილი ა. ღ-ია, რომელიც იმ დროისათვის მუშაობდა სამეგრელო _ ზემო სვანეთის შს სამმართველოში სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორად, პერიოდულად აკითხავდნენ ჯ. ს-ას, რომელიც ყოველი შეხვედრისას ეუბნებოდა, რომ, მართალია, ჩაი გაიგზავნა თურქმენეთში, მაგრამ მისი ღირებულება არ იყო ჩარიცხული და როგორც კი მათ ანგარიშზე ჩაირიცხებოდა თანხა, მაშინვე გაუსწორებდნენ ანგარიშს. მიუხედავად იმისა, რომ ასოციაციამ “დაბრუნება” 1995 წლის დეკემბრის თვეში მიიღო თურქმენეთში გაგზავნილი ჩაის ღირებულება _ 1400000 დოლარი _ ვ. ღ-იას არ აუნაზღაურეს მისი კუთვნილი თანხა, რის გამოც ღ-იებსა და ასოციაცია “დაბრუნებას” წარმომადგენლებს შორის ხშირად იმართებოდა შეხვედრები.
ერთ-ერთი მორიგი შეხვედრის დროს ჯ. ს-ამ ღ-იებს შეახვედრა მ. ხ-ძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა თურქმენეთში ჩაის გაგზავნაში და ამ ოპერაციის დეტალებში იყო გარკვეული. მოლაპარაკების დროს მ. ხ-ძემ მოსთხოვა ღ-იებს წარმოედგინათ დოკუმენტები მათი კუთვნილი ოთხ ვაგონ ჩაიზე, რის შემდეგაც გაირკვეოდა, აღნიშნული ვაგონები გაგზავნილი იყო თუ არა თურქმენეთში.
საბუთების წარმოდგენის შემდეგ გაირკვა, რომ ღ-ების მიერ ქ. რუსთავში გაგზავნილი ოთხი ვაგონი ჩაიდან, ორი ვაგონი გადატვირთული იყო თურქმენეთში და რომლის ღირებულებაც შეადგენდა 40000 აშშ დოლარს.
ასოციაცია “დაბრუნების” წარმომადგენლებმა: ჯ. ს-ამ, მ. ხ-ძემ და სხვებმა დაადსტურეს მათ მიერ ხსენებული ორი ვაგონი ჩაის თურქმენეთში გაგზავნის ფაქტი და შეპირდნენ ღ- ჯებს 40000 დოლარს. ვინაიდან ამ ოპერაციაში მონაწილეობდა რვა პირი, თითოეული თავის წილად გადაიხდიდა 5000 ათას დოლარს, მათ შორის _ მ. ხ-ძეც.
1998 წლის 25 ინვისამდე ა. ღ-იას ჰქონდა რამოდენიმე შეხვედრა მ. ხ-ძესთან, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ 25 ივნისს მ. ხ-ძე მოუტანდა მას თავის წილ ვალს _ 5000 დოლარს.
1998 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 16 საათისავთის, მ. ხ-ძე თავისი “ნისან პატრულის” მარკის ავტომანქანით მივიდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე კავშირგაბმულობის სახლის უკან. მას თან ახლდა მეგობარი რ. ნ-ძე, რომელიც იჯდა მანქანის საჭესთან, რამდენიმე წუთში მათთან მივიდა “09” მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ ა. ღ-ია და ა. თ-ავა. ისინი შეხვდნენ მ. ხ-ძეს და დაიწყეს საუბარი ვალთან დაკავშირებით. ვინაიდან მ. ხ-ძემ ვერ მოიტანა შეპირებული ვალი, შეთანხმდნენ, რომ მ. ხ-ძე მათ გირაოში მისცემდა თავის “ნისან პატრულის” მარკის ავტომანქანას, რომელსაც დაიბრუნებდა ვალის გადახდის შემთხვევაში.
შეთანხმების შემდეგ მ. ხ-ძემ თავისი მანქანიდან გადმოიღო ჩანთა და მანქანა მისცა ა. ღ-იას. თვითონ რ. ნ-ძესთან ერთად ჩაჯდა ა. თ-ავას მანქანაში, რომელმაც ისინი გაიყვანა საბურთალოზე.
პალატის სხდომაზე მ. ხ-ძემ მხარი დაუჭირა თავის საჩივრის მოთხოვნას, იშუამდგომლა სასამართლოსა და პროკურატურის დადგენილების გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიების ჩასატარებლად საქართველოს გენერალურ პროკურატურისათვის გადაცემის თაობაზე.
პროკურორმა ე. ღ-შვილმა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, კანონიერად მიიჩნია მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ წინასწარმა გამოძიებამ სრულყოფილად არ შეამოწმა, ღ-იას მხრიდან ძალადობის გამოყენებით იქნა თუ არა წაყვანილი ხ-ძის კუთვნილი ავტომანქანა. საქმეში არ მოიპოვება სათანადო ოფიციალური დოკუმენტები იმის შესახებ, რომ ხ-ძეს ღ-იას ვალი ჰქონდა. ეს გარემოება გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია მხოლოდ მოწმეთა განმარტების საფუძველზე, სხვა რაიმე დამტკიცებული მასალა კი არ მოიპოვება. ეს საკითხიც დამატებით გამოძიების დროს უნდა გაირკვეს და მიეცეს შეფასება.
მ. ხ-ძე თავის საჩივარში მიუთითებს, რომ მას ღ-იას ვალი არ ჰქონია და არც ნებაყოფლობით მიუცია ავტომანქანა. ამ საკითხთან დაკავშირებით მოწმე ნ-ძის ჩვენების შეცვლის მიზეზები არ ყოფილა გარკვეული და შეფასებული.
პალატა აღნიშნავს, რომ, თუ კი ხ-ძემ ნებაყოფლობით გადასცა ავტომანქანა ღ-იას, მაშინ ამის შესახებ რატომ არ იქნა გაფორმებული რაიმე წერილობითი საბუთი და ამჟამად რატომ არაა ცნობილი სად იმყოფება ხ-ძის ავტომანქანა. ეს საკითხიც დამატებით გამოძიების დროს უნდა გაირკვეს.
პალატა თვლის, რომ მ. ხ-ძის საჩივარში მითითებული საკითხები უნდა იქნეს შემოწმებული დამატებით გამოძიების დროს და მიღებულ შედეგებს ამის შემდეგ უნდა მიეცეს შეფასება.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 243-ე, 561-ე, 562-ე და 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 თებერვლის და მთაწმინდის რაიონის პროკურორის თანაშემწის 2000 წლის 20 ოქტომბრის სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის დადგენილებები მ. ხ-ძის ავტომანქანის გატაცების ფაქტზე და საქმე წინასწარი გამოძიების გასაახლებლად გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.