დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.03.2001
საქმის ნომერი
2კ-22აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.03.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 22 აპ 22 მარტი, 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე მოსამართლეები: გ. ბორჩხაძე, მ. ისაევი

განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის საკასაციო საჩივარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ძალაში იქნა დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 15 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი გ. ა-ის მიმართ.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ.ისაევის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საბრალდებო დასკვნით გ. ა-ევს ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულისათვის: იგი 1999 წლის 8 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა საქართველოს სსკ-ის 2522 მუხლით და მიუსაჯა 1 წლით იძულებითი სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩადენილი ჰქონდა ზემოაღნიშნული დანაშაული, 2000 წლის 17 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონის დაბა ხელვაჩაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა 1.722 გრამი ნარკოტიკული საშუალება ექსტრაქციული “ოპიუმი”, რასაც იგი უკანონოდ ინახავდა და რაც მისი პირადი ჩხრეკის დროს, 2000 წლის 17 აგვისტოს, ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 15 დეკემბრის განაჩენით გ. ა-ვი გამართლებული იქნა მასზე წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით და გათავისუფლდა პატიმრობიდან.

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის პროკურორმა, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა 2001 წლის 22 იანვარს და თავისი განაჩენით უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით აჭარის პროკურორი დ. კეკენაძე ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად გაამართლა გ. ა-ევი.

საქმის მასალებით დადასტურებულია და თვით ა-იც არ უარყოფდა ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, ხოლო მოქმედი საპროცესო კანონით არაა აკრძალული პირის შინაგან საქმეთა სამინისტროში წარდგენა და ჩხრეკის ჩატარება.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ღარიბაშვილმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

გ. ა-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. შ-ძემ მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. კანონიერად მიიჩნიეს სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლეს მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: გ. ა-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მისი პირადი ჩხრეკის დროს დარღვეულ იქნა საქართველოს სსსკ-ის 145-ე და 325-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ: გ. ა-ევს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა არა დაკავების ადგილას, არამედ იგი ჯერ წარდგენილ იქნა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროში და შემდეგ იქ ჩაუტარდა ჩხრეკა. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ა-ევის დაკავებისას მისთვის არავის წინააღმდეგობა არ გაუწევია და არ არსებობდა არავითარი საფუძველი, რომ დაკავების ადგილზევე არ მომხდარიყო მისი ჩხრეკა.

გარდა აღნიშნულისა, მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 290-291-ე მუხლების მოთხოვნები.

სასამართლომ სავსებით კანონიერად მიიჩნია, რომ ა-ევის პირადი ჩხრეკის დროს დარღვეულ იქნა საპროცესო კანონის მოთხოვნა და ჩხრეკის ოქმი სამართლიანად მიიჩნია დაუშვებელ მტკიცებულებად, რაც გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი გახდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560, 561,588-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 იანვრის განაჩენი გ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.