განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 30-დად 13 მარტი 2001 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ტურავა
მოსამართლეები: მ. ისაევი, გ. ბორჩხაძე
განიხილა მსჯავრდებულ _ ა. გ-ოვის კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 15 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც არ იქნა დაკმაყოფილებული ¹ 5 საპყრობილის დირექტორის და სამეთვალყურეო კომისიის შუამდგომლობა სასჯელის მოხდისაგან ა. გ-ოვის ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლების შესახებ.
საჩივარი ითხოვს გასაჩივრებული დადგენილების გაუქმებას და საპყრობილის ადმინისტრაციის წარდგინების დაკმაყოფილებას.
პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გ. ბორჩხაძის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ა. გ-ოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 252-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის მისჯილი აქვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი პატიმრობაში იმყოფება 1999 წლის 31 აგვისტოდან. 2000 წლის 2 ივნისიდან სასჯელს იხდის ¹ 5 საპყრობილის სამეურნეო მომსახურეობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ა. გ-ოვი სასჯელის მოხდის დროს ხასიათდება დადებითად, საპყრობილის ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასჯელის მოხდისაგან მისი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ.
სასამართლომ განიხილა რა წარდგინება, სარწმუნოდ ვერ მიიჩნია, რომ მოხდილმა სასჯელმა ა. გ-ოვის მიმართ უკვე მიაღწია თავის მიზანს და იგი აშკარად გამოსწორდა. ამ მოტივით წარდგინების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
პალატამ მოუსმინა რა პროკურორს, რომელიც მხარს არ უჭერს საჩივრის მოთხოვნას, შეისწავლა საქმის მასალები და სასამართლოს დადგენილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილებული უნდა იქნას ნაწილობრივ, გასაჩივრებული დადგენილება უნდა გაუქმდეს და წარდგინება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს შემდეგი გარემოების გამო:
სასამართლომ განიხილა რა ¹ 5 საპყრობილის ადმინისტრაციის წარდგინება სასჯელის მოხდისაგან ა. გ-ოვის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ, უარი თქვა ა. ა-ოვის ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე. ა. გ-ოვის მიმართ კი რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, გასაჩივრებული დადგენილებიდან არ ჩანს. ამით სასამართლოს ისეთი დარღვევა აქვს დაშვებული, რაც დადგენილების უდავო გაუქმებას იწვევს. ამის გამო პალატა არ შედის კერძო საკასაციო საჩივრის მოტივაციის და დადგენილების დასაბუთებულობის არსებით განხილვაში. ეს წარდგინების არსებითად განმხილველმა სასამართლომ უნდა გააკეთოს.
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “ე” პუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 15 თებერვლის დადგენილება ა. გ-ოვის სასჯელის მოხდისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლების საქმეზე და საპყრობილის ადმინისტრაციის წარდგინება არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.