დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 03.04.2001
საქმის ნომერი
2კ-14აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.04.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 14აპ 3 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე), გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი

განიხილა დაზარალებულ ლ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 იანვრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული თბიილსის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი დ. კ-ძის მიმართ.

პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დ. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მას დაზარალებულ ლ. ჩ-უას სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა.

დაზარალებულის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე სააპელაციო წესით განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ და თავისი 2001 წლის 16 იანვრის განაჩენით არ დააკმაყოფილა დაზარალებულის საჩივრის მოთხოვნა სასჯელის ზომის გაზრდის თაობაზე და უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს განაჩენი.

დ. კ-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან 2000 წლის 28 მარტს, ღამით, დაახლოებით 02 საათზე, მთვრალმა, ურთიერთშელაპარაკებისა და ჩხუბის ნიადაგზე თავის ბიძაშვილს _ გ. კ-ძეს საოჯახო დანით გულ-მკერდის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაზარალებული ლ. ჩ-უა ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას, მიუთითებს, რომ საქმეშია საკმაო მასალები იმის შესახებ, რომ დ. კ-ძეს წარედგინოს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება.

დამატებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენელი ადვოკატები ა. ტ-ვა და ა. კ-ია ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში დაბრუნებას, რათა დ. კ-ძეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. საჩივარში მითითებულია შემდეგ გარემოებებზე: დ. კ-ძეს, უმძიმესი დანაშაული ჩადენილი აქვს მთვრალ მდგომარეობაში მყოფს, მეუღლისა და 8 წლის შვილის თვალწინ, იგი არაა გულწრფელი, მან არ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მიიმალა.

პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ლ. ჩ-უამ და მისმა ინტერესების წარმომადგენელმა ადვოკატმა ა. ტ-ამ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირეს ცვლილებით, მათ იშუამდგომლეს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე პალატის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის შესახებ. აღნიშნეს, რომ სასამართლოს მიერ დ. კ-ძისათვის შეფარდებული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი, რადგან მას ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაული, რომელიც მან გულწრფელად არ აღიარა და არ მოინანია; ამასთან, დანაშაულის ჩადენისას იყო მთვრალი.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ყ-შვილმა იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

პროკურორმა გ. მ-ძემ მხარი დაუჭირა დაზარალებულის საჩივრის მოთხოვნას იმ მიმართებით, რომ გაუქმდეს სააპელაციო პალატის განაჩენი და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოს მიერ დ. კ-ძის ქმედება დაკვალიფიცირებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა). ასეთი კვალიფიკაცია დაზარალებულ მხარეს არც წინასწარ გამოძიებაში და არც საქმის პირველი ინსტანციითა და არც სააპელაციო წესით განხილვისას არ გაუხდია სადავოდ.

სააპელაციო საჩივრით დაზარალებულმა მხარემ დააყენა საკითხი მხოლოდ სასჯელის გამკაცრების თაობაზე, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა.

საქართველოს სსსკ-ის 566-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოტივით გააუქმოს სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დააბრუნოს ხელახალი სასამართლო განხილვისათვის, თუ დაცული არ არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 540-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ: სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს, ასევე საკასაციო სასამართლოს უფლება არა აქვს გასცდეს ბრალდების ფარგლებს, რომელიც განსასჯელს წაუყენეს წინასწარი გამოძიების დროს და ბრალდების მხარემ დაუჭირა მხარი პირველი ინსტანციის სასამართლოში.

ამდენად, საკასაციო პალატა უფლებამოსილი არაა განიხილოს საჩივრის მოტივი იმის თაობაზე, რომ თითქოს დ. კ-ძის ქმედებაში იყოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რადგან არ არსებობს ამ მოტივით განაჩენის გაუქმების საფუძველი.

საკასაციო საჩივრის მითითება იმის შესახებ თითქოს მსჯავრდებულ დ. კ-ძის მიმართ შეფარდებული სასჯელი იყოს აშკარად მსუბუქი, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული. სასამართლომ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ დ. კ-ძე პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრით არაა შებღალული, პოლიციაში თვითონ გამოცხადდა ბრალის აღიარებით, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, იგი ნანობს ჩადენილ ქმედებას და განიცდის, რომ მისი ხელით დაიღუპა ბიძაშვილი. ასევე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დანაშაულის ჩადენას, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო აწ გარდაცვლილ გ. კ-ძის სიტყვებმა: “მე იმ ქალის დედა ვატირე, ვინც ბიძაშვილებს ერთმანეთთან მისვლას აუკრძალავსო”, ამას მოჰყვა გინება და ჩხუბი, შემდეგ კი დ. კ-ძის მიერ გ. კ-ძის მკვლელობა.

საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა, არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

მსჯავრდებულ დ. კ-ძის მიმართ შეფარდებული სასჯელის ზომა, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აშკარად უსამართლოდ, როგორც მსუბუქი და, ამდენად, არ არსებობს განაჩენის გაუქმების საფუძველი.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 იანვრის განაჩენი დ. კ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.