განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 38-დად 26 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,თ. ლალიაშვილი
განიხილა ადვოკატების _ დ. კ-შვილისა და მ. ჯ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მოსამართლე გ. ჯაბანაშვილი) 2001 წლის 6 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც ბრალდებული პ. ს-ძე იძულებითი მკურნალობისათვის უნდა გაიგზავნოს გაძლიერებული მეთვალყურეობის ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. იმავე დადგენილებით პ. ს-ძის მიმართ გაუქმებულ უნდა იქნეს აღკვეთის ღონისძიება _ წინასწარი პატიმრობა მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანის მომენტიდან.
კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 6 მარტის დადგენილების გაუქმებას მისი უკნანონობის მოტივით და პ. ს-ძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას პატიმრობიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
გამოძიების მიერ პ. ს-ძეს ბრალი დაედო მასში, რომ მას არ გააჩნდა რა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ეწეოდა მოხეტიალე ცხოვრებას. 2000 წლის 14 მარტს გარდაბნის რაიონში, ზოოვეტერინალური აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე შეეცადა ნ. ც-ძის გაუპატიურებას, მაგრამ განზრახვა ვერ მიიყვანა ბოლომდე მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მანვე 1999 წლის მაისში, ქ. რუსთავში, სამარშრუტო ტაქსში 16 წელს მიუღწეველი გოგონების თვალწინ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება.
გამოძიების პერიოდში ეჭვი წარმოიშვა რა პ. ს-ძის ფსიქიკურ სრულყოფილებაზე, ჩატარებულ იქნა როგორც ამბულატორული, ასევე გახანგრძლივებული სტაციონალური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა.
2001 წლის 11 იანვარს კომისიური სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის მიერ გაცემულ იქნა შემდეგი დასკვნა: “ამჟამად პ. ს-ძეს ფსიქიკური მდგომარეობით არ შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უხელმძღვანელოს მას. ასევე, არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში. არსებული ავადმყოფური მდგომარეობის ფონზე შეუძლებელია მისი შერაცხადობის საკითხის გადაწყვეტა. საჭიროებს იძულებით მკურნალობას გაძლიერებული მეთვალყურეობის ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირობებში, მდგომარეობიდან გამოსვლამდე, რის შემდეგ უნდა გატარდეს ხელახლა სასამართლო-ფსიქიატრიული ქსპერტიზის კომისიაზე შერაცხადობის საკითხის გადასაწყვეტად”.
ექსპერტიზის ასეთი დასკვნის მიღების შემდეგ 2001 წლის 12-13 იანვარს გამომძიებელმა საქმის მასალები გააცნო დაზარალებულებს, 15-დან 30 იანვრამდე საქმეს ეცნობოდნენ პ. ს-ძის ადვოკატები, რის შემდეგაც 31 იანვარს გამომძიებელმა გამოიტანა სისხლის სამართლის სამართალწარმოების შეჩერების დადგენილება. ამის შემდეგ, იმავე დღესვე გამომძიებელმა სასამართლოს წინაშე აღძრა შუამდგომლობა ბრალდებულ პ. ს-ძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების _ პატიმრობის გაუქმებისა და იძულებით სამკურნალოდ მისი ქუტირის გაძლიერებული მეთვალყურეობის ფასიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებაზე ბრძანების გაცემის შესახებ. ამ შუამდგომლობასთან ერთად გამომძიებელმა გამოიტანა დადგენილება პ. ს-ძის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების საკითხის გადასაწყვეტად საქმის სასამართლოში გადაგზავნის შესახებ.
სასამართლომ 2001 წლის 9 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის დადგენილებით საქმე მიიღო წარმოებაში (მოსამართლე ქ. ბახტაძე) და არსებითად განსახილველად დანიშნა 15 თებერვლისათვის. იმავე მოსამართლემ 15 თებერვლის დადგენილებით აიცილა საქმის განხილვა. 5 მარტს საქმე განიხილა მოსამართლე გ. ჯაბანაშვილმა და მიიღო ასეთი დადგენილება: “პ. ს-ძე გაიგზავნოს იძულებითი მკურნალობისათვის გაძლიერებული მეთვალყურეობის ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. პ. ს-ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება _ წინასწარი პატიმრობა გაუქმებულ იქნეს მისი ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანის მომენტიდან. მის მიმართ იძულებითი მკურნალობის შეცვლის ან გაუქმების საკითხი გადაწყვეტილ იქნეს ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოს საექიმო კომისიის მიერ”.
კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ ჩაუტარებია სამსჯავრო გამოძიება, არ დაუკითხავს დაზარალებულები, მოწმეები, ექსპერტები, არ გამოუკვლევია მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, სასამართლოს არ მოუსმენია მხარეთა კამათი და არ გადაუწყვეტია სსსკ-ის 575-ე მუხლში მითითებული საკითხები. ამდენად, სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება უკანონოა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა საკასაციო საჩივრის ავტორებსა და პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, სასამართლოს დადგენილების კანონიერება და საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული დადგენილება უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეცეს ხელახლა განსახილვლად იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე მიიღო რა წარმოებაში და დანიშნა მისი არსებითი განხილვა, ვალდებული იყო უფრო სრულყოფილად გამოეკვლია და შეესწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სასამართლოს სხდომის ჩატარების მომენტისათვის პ. ს-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2001 წლის 11 იანვრის დასკვნაში მითითებულია, რომ “პ. ს-ძეს ამჟამად აღენიშნება დროებითი ავადმყოფური მდგომარეობა რეაქტიული ფსიქოზის სახით”. სასამართლო პროცესი ჩატარდა ამ დასკვნის გაცემიდან ორი თვის შემდეგ. ასეთ ვითარებაში სასამართლოს სპეციალისტთა მონაწილეობით უნდა გაერკვია კვლავ იდგა თუ არა პ. ს-ძის წინა საექსპერტო მკურნალობის საკითხი დღის წესრიგში.
ვინაიდან სასამართლო საქმის არსებითი განხილვას შეუდგა, მიზანშეწონილი იყო სასამართლო პროცესზე სპეციალისტებთან ერთად დაზარალებულებიც მოეწვია, მოესმინა მათი განმარტება და გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტობრივი გარემოებანი.
პალატა თვლის, რომ გაუგებარი და კანონშეუსაბამოა სასამართლოს დადგენილების ის ნაწილი, სადაც მითითებულია: “პ. ს-ძის მიმართ იძულებითი მკურნალობის შეცვლის ან გაუქმების საკითხი გადაწყვეტილ იქნეს ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოს საექიმო კომისიის მიერ”. ასეთი უფლებამოსილებით საექიმო კომისია არ სარგებლობს.
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე და 570-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მოცემულ საქმეზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 6 მარტის დადგენილება პ. ს-ძის ბრალდების საქმეზე და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს. სასამართლოს მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღებამდე პ. ს-ძე გადაყვანილ იქნეს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.