საჩივარი დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 52დად 22 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ა. დ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა წარდგინება – მსჯავრდებულ ა. დ-შვილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 6 ივნისის განაჩენით ა. დ-შვილს, საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, 17-238-ე მუხლის მესამე ნაწილით (1960 წლის რედაქცია), 236-ე მუხლის პირველი, მეორე 19-236-ე მუხლის პირველი ნაწილებით, ერთობლივად მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 21 აგვისტოს განჩინებით, განაჩენი ა. დ-შვილის მიმართ სსკ-ის 17-238-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში გაუქმდა და საქმე შეწყდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო, შესაბამისად სასჯელი ა. დ-შვილს შეუმცირდა 3 წლამდე.
2001 წლის 12 აპრილს ქ. თბილისის ¹ 5 საპყრობილის ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასჯელის მოხდისაგან ა. დ-შვილს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ წარდგინება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ა. დ-შვილს ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული.
კერძო საკასაციო საჩივარში და პალატის სხდომაზე მსჯავრდებული ა. დ-შვილი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩანადენს, ითხოვს პირობით ვადამდე სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას, აღნიშნავს, რომ აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. ჯ-იამ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 აპრილის დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, სასამართლო დადგენილების კანონიერება და საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 აპრილის დადგენილება ა. დ-შვილის მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი გარემოებების გამო:
ა. დ-შვილი სასჯელს იხდის 1999 წლის 19 სექტემბრიდან, მან სასჯელის ნახევარი მოიხადა 2001 წლის 14 მარტს. მართალია, იგი 1992 წელს გასამართლებულია თელავის რაიონის სასამართლოს მიერ ბოროტი ხულიგნობისათვის, მაგრამ მას ნასამართლობა მოხსნილი აქვს. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი წახალისებულია ერთხელ და 2000 წლის 23 დეკემბერს გამოცხადებული აქვს მადლობა.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა. დ-შვილი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითხოვს პატიებას, მას კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
საკასაციო პალატა ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ სასამართლომ დადგენილებაში ა. დ-შვილის პირობით ვადამდე განთავისუფლების უარის თქმის საფუძვლად არასწორად მიუთითა ის გარემოება თითქოსდა მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული.
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც ა. დ-შვილს მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მაქსიმალურ ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე და იგი სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად არის ნაკლებად მძიმე დანაშაული.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 აპრილის დადგენილება უნდა შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ა. დ-შვილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, სსკ-ის 72-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 აპრილის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ა. დ-შვილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.