განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა წარმოებით
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 72 აპ 9 აგვისტო 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მერაბ ტურავა
წევრები: შოთა ასათიანი, მურმან ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ რ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 30 მაისის განაჩენზე, რომლითაც: რ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის მ. ტურავას მოხსენება, პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
განაჩენით, რ. ბ-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა შვილის რჩენისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული სახსრების გადახდისაგან ბოროტად თავის არიდება. კერძოდ, 1996 წლის 22 იანვარს, ქალაქ წყალტუბოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, რ. ბ-ძეს არასრულწლოვანი შვილის - 1993 წლის 23 აპრილს დაბადებული ნ. ბ-ძის რჩენისათვის დაეკისრა სახსრების (ალიმენტის) გადადახდა ყოველთვიურად შემოსავლის ერთი მეოთხედი ნაწილის ოდე-ნობით, მაგრამ არანაკლებ ერთი თვის მინიმალური ხელფასის ოდენობისა. რ. ბ-ძემ ბოროტად თავი აარიდა სასამართლოს გადაწყვეტილებით შვილის რჩენისათვის დაკისრებული სახსრების გადახდას, რის გამოც იგი 1999 წლის 2 მარტს მსჯავრდებული იქნა ქ. წყალტუბოს სასამართლოს მიერ სსკ-ის 124-ე მუხლით და მიესაჯა ექვსი თვით თავისუფელბის აღკვეთა. განაჩენის აღსრულება გადაედო ორი წლით, ხოლო ალიმენტის სახით დაეკისრა 324 ლარის გადახდა. იმის ნაცვლად, რომ შეეწყვიტა დანაშაულებრივი ქმედება და დაეფარა საალიმენტო დავალიანება, რ. ბ-ძემ, სასამართლოს პოზიციით, არ გააკეთა წარსულიდან საჭირო დასკვნები და კვლავ განზრახ ბოროტად აარიდა თავი შვილის საზრდოდ დაკისრებული თანხის გადახდას, რის გამოც იგი ხელახლა იქნა გასამართლებული წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მიერ და რ. ბ-ძის მიმართ 2000 წლის 4 აპრილს დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც ქუთაისის საოლქო სასამართლომ ცვლილებით დატოვა ძალაში.
საკასაციო საჩივარში და პალატის სხდომაზე მსჯავრდებული თვლის, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაული, ბოროტად თუ ჯიუტად არ აურიდებია თავი ალიმენტის გადახდისაგან. ის არის უმუშევარი, არ გააჩნია არავითარი შემოსავალი და რეგისტრირებულია როგორც უმუშევარი 1997 წლის 17 თებერვლიდან დასაქმების ერთიანი ფონდის იმერეთის სამხარეო სამმართველოს ქუთაისის განყოფილებაში. მას ჰყავს პენსიონერი მამა. მისი თქმით, იგი, მართალია, შეეცადა ევაჭრა ქუთაისის ბაზარზე, მაგრამ მისი ეს საქმიანობა წარუმატებელი გამოდგა. მას აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, ოჯახში ჰყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და ღრმად მოხუცი მამა, რომელიც არის მეორე ჯგუფის ინვალიდი. მიუხედავად მძიმე მატერიალური მდგომარეობისა ოჯახში, მან მოახერხა 72 ლარის გადახდა პირველი ბავშვის სარჩენად. ასევე ცდილობს იშოვოს სამუშაო. ასეთ ვითარებაში მას მიაჩნია, რომ იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ალიმენტის გადახდისათვის ბოროტად თავის ამრიდებლად. ამასთან, მსჯავრდებულის აზრით, არასწორად არის გამოთვლილი თანხა, ვინაიდან მინიმალურ თვიურ გადასახად თანხად დააკისრეს 9 ლარი, ნაცვლად 1,5 ლარისა.
აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულმა ითხოვა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მისი გამართლება, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა არჩინოს ოჯახი და ასევე შეძლოს ალიმენტის გადახდა.
საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა მხარი დაუჭირა რ. ბ-ძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის დატოვებას, დადგენილად ჩათვალა მისი ბრალდება ჩადენილი ქმედებისათვის, მაგრამ მოითხოვა მასში ცვლილების შეტანა ახალი სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით კვალიფიკაციისა და სანქციის ნაწილში, ვინაიდან ახალი კოდექსი, რომელიც 2000 წლის 1 ივნისს, ე.ი. ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის ერთი დღის შემდეგ შევიდა ძალაში, არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ამ ქმედებისათვის.
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულის და პროკურორის პოზიცია, მიიჩნია, რომ გაზიარებულ უნდა იქნეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განაჩენი და შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე რ. ბ-ძის მიმართ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ რ. ბ-ძემ ბოროტად თავი აარიდა შვილის რჩენისათვის სასამართლოს მიერ დაკისრებული სახსრების გადახდას. თანხის გადაუხდელობის მიზეზად იგი უმუშევრობას და შემოსავლის უქონლობას ასახელებს, რაც ასევე საქმის მასალებით დასტურდება. მისი განცხადებით, ის ცდილობს გადაიხადოს ალიმენტი, რისთვისაც ეძებს სამუშაოს, აღრიცხვაზეა როგორც უმუშევარი დასაქმების ერთიანი ფონდის ქუთაისის განყოფილებაში, მისი ოჯახი განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, ჰყავს მეორე მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და ღრმად მოხუცი ინვალიდი მამა. მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეძლო მხოლოდ 72 ლარის გადახდა. ამასთან, რ. ბ-ძემ განაცხადა, რომ იგი ცდილობს შემოდგომაზე ხელი მოკიდოს საქმიანობას, რომელიც მას, მისი ვარაუდით, შესაძლებლობას მისცემს მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანი შვილის რჩენაში, ვის სასარგებლოდაც მას დაეკისრა ალიმენტის გადახდა.
წინასწარი და სასამართლო გამოძიებით არ არის დადგენილი რ. ბ-ძის მიერ ალიმენტის გადახდისაგან ბოროტად თავის არიდების ფაქტი. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო პალატის მიერ რ. ბ-ძის უმუშევრობის, მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ არგუმენტების უგულველყოფა საწინააღმდეგოს დამტკიცების გარეშე და მოქმედი სამოქალაქო სამართლის ნორმებზე აპელირება, რომლის მიხედვითაც მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, არ შეიძლება მსჯავრდებულს მოსთხოვო ნორმის შესაბამისი მოქმედების შესრულება, რადგან მას არა აქვს ამის შესაძლებლობა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. ბ-ძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ალიმენტის გადახდისათვის თავის არიდებას ბოროტად. ალიმენტის გადაუხდელობა კი, ასეთი ბოროტი განზრახვის გარეშე, არ გვაძლევს დასჯადი ქმედების შემადგენლობას, ვინაიდან ქმედების შემადგენლობის ისეთი სუბიექტური ელემენტი, როგორიცაა ბოროტი ზრახვა, სისხლისსამართლებრივი უმართლობის აუცილებელი ნიშანია, რომელიც ქმედების შემადგენლობას აფუძნებს. სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის “ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ქმედების შემადგენლობის არარსებობა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე და 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2000 წლის 30 მაისის განაჩენი რ. ბ-ძის მიმართ და შეწყდეს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ქმედების შემადგენლობის არარსებობისა გამო.