განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 75 დად 11 იანვარი 2001 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ტურავა
მოსამართლეები: თ. ყრუაშვილი, შ. ასათიანი
განიხილა ნ. ბ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2000 წლის 29 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც ნ. ბ-შვილს უარი ეთქვა შპს “ფარმაცია-XXI“ პარტნიორებს საჩივრის დაკმაყოფილებაზე დ. გ-შვილისა და ზ. გ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის გაუქმების თაობაზე გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოისმინა მოსამართლე შ. ასათიანის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ფარმაცია-XXI“ პარტნიორთა სარჩელი მოპასუხე ზ. გ-ძისაგან საზოგადოების ბეჭდისა და შტამპის დაბრუნების შესახებ. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ზ. გ-ძემ საზოგადოების ბეჭედი და შტამპი არ დააბრუნა, რის გამოც აღმასრულებელმა დ. ო-ძემ სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად მასალები გადააგზავნა გურჯაანის რაიპროკურატურაში, საიდანაც იგი ქვემდებარეობით გადაეგზავნა შსს საგამოძიებო დეპარტამენტის გურჯაანის რაიგანყოფილებას. გამომძიებელმა ბ. ი-შვილმა 2000 წლის 1 ნოემბერს გამოიტანა დადგენილება ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ ქ. გურჯაანში მცხოვრებლებმა დ. გ-შვილმა, ზ. გ-ძემ, ნებაყოფლობით წარმოადგინეს შპს „ფარმაცია-XXI“-ის შტამპი და ბეჭედი, რომელიც იმავე დღეს ჩაბარდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და ამდენად, საგამოძიებო ორგანოს აზრით აღარ არსებობდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი. ზემოაღნიშნული დადგენილება კანონიერად ცნო რაიონის პროკურორმა.
შპს „ფარმაცია-XXI“-ის პარტნიორებმა საჩივრით მიმართეს სასამართლოს, შსს საგამოძიებო დეპარტამენტის გურჯაანის განყოფილების გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2000 წლის 1 ნოემბერს გამოტანილი დადგენილების გაუქმების თაობაზე, რადგან მათი აზრით გამომძიებელს არ მოუხდენია ბეჭდისა და შტამპის ამოღება.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დადგენილად მიიჩნია, რომ გამომძიებლის მიერ ზ. გ-ძისაგან ბეჭედი და შტამპი არ ამოღებულა. ისინი ამ უკანასკნელმა თვითონ ჩააბარა რაიონული სასამართლოს კანცელარიას და უკანვე დაუბრუნდა, როგორც არასწორად შემოტანილი.
სასამართლომ, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ წინაწარი გამოძიების პროცესში ამოღებულ ნივთებს სასამართლო არ იბარებს. თუ გამომძიებელი ამოიღებდა ზემოაღნიშნულ ნივთებს, სასამართლოს არ ჩააბარებდა. ფაქტობრივად საზოგადოების ბეჭედი და შტამპი სასამართლოს კანცელარიას წარმოუდგინა და შემდგომში დაიბრუნა თვით ზ. გ-ძემ. გამომძიებელს ნივთებთან არავითარი შეხების წერტილი არ ჰქონია და დადგენილების გამოტანისას ეყრდნობოდა არარეალურ ფაქტებს.
ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს „ფარმაცია-XXI“ პარტნიორთა მოთხოვნა მიიჩნია სამართლიანად, მაგრამ იგი ვერ დააკმაყოფილა გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.
საჩივრით შპს „ფარმაცია-XXI“ პარტნიორების სახელით, ნ. ბ-შვილი მოითხოვს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ს. გიორგაშვილის 2000 წლის 27 ნოემბრის დადგენილების გაუქმებას და თუ საკასაციო პალატა მივა იმ დასკვნამდე, რომ „ფარმაცია-XXI“ პარტნიორებმა გასაჩივრების ვადის დარღვევით მიმართეს სასამართლოს, საპატიოდ იქნეს მიჩნეული ვადის გაშვება შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმისა, რომ პროკურორმა არ აცნობა შპს „ფარმაცია-XXI“ პარტნიორებს თუ რამდენად სწორი იყო გამომძიებლის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის არ აღძვრის შესახებ, მაინც მიმართეს სასამართლოს ამ დადგენილების გაუქმების თაობაზე, მართალია სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი შეტანილ იქნა ვადის დარღვევით, მაგრამ მანამდე საჩივრის შეტანა ვერ მოხერხდებოდა, რადგან სასამართლო ითხოვდა ოფიციალურ ცნობას პროკურორის მიერ დადგენილების სწორად მიჩნევის შესახებ. მას შემდეგ, რაც მიიღეს ოფიციალური პასუხი, საჩივარი შეტანილ იქნა სასამართლოში.
კასატორმა ნ. ბ-შვილმა პალატის წინაშე განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
პროკურორმა ე. ღ-შვილმა მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოსამართლემ საჩივრის განხილვის დროს დაარღვია საოქმო წარმოების წესი; საჩივრის განხილვის თაობაზე არ უცნობებია პროკურორისათვის.
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2000 წლის 29 ნოემბრის დადგენილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლო სხვა მოსამართლეს შემდეგ გარემოებათა გამო: საჩივრის განხილვისას არ ყოფილა წარმოებული სასამართლო სხდომის ოქმი, მაშინ როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სასამართლოში ნებისმიერი საქმის (საჩივრის, შუამდგომლობის) განხილვის დროს დგება შესაბამისი ოქმი. გამონაკლისი გათვალისწინებულია საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მე-7 ნაწილით, სადაც კონკრეტულად არის მითითებული, რა შემთხვევებში არ დგება სასამართლო სხდომის ოქმი და მოსამართლის მიერ გამოტანილი დადგენილება არ საჩივრდება.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომის ოქმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცესუალურ დოკუმენტს, რომლის გაცნობის საფუძველზე პროცესის შესაბამის მონაწილეს და საკასაციო წესით საქმის განხილვისას მოსამართლეებს საშუალება ეძლევა გაერკვნენ საქმის ვითარებაში და სხდომის დროს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში.
ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არა თუ სასამართლო სხდომის უქონლობა, არამედ სათანადოდ გაფორმებული ოქმის არარსებობის შემთხვევა, თანახმად სსსკ-ის 563-ე მუხლის „ნ“ პუნქტისა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებით დარღვევად ითვლება, რაც სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძველია.
პალატა, ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჩივრის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია პროკურორს და არც რაიმე შეტყობინება გაგზავნია ხსენებული საკითხის თაობაზე.
ამრიგად, პალატა ასკვნის, რომ მოსამართლემ საჩივარი განიხილა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაუცველად.
საქმის ხელახალი განხილვის დროს სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით უნდა განიხილოს საქმეზე არსებული ნ. ბ-შვილის საჩივარი.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მართალია ვადის გაშვებით შემოსული საჩივარი არ მიიღება განსახილველად, რაც უნდა ეცნობოს საჩივრის შემტან პირს, მაგრამ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი სასამართლო კვლავ მივა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრების ვადა გასულია საპატიო მიზეზით, იმსჯელოს გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ.
საკასაციო პალატის სხდომაზე წარმოდგენილი იქნა მ. ჯ-შვილის სახელით და გვარით განცხადების ქსეროასლი, სადაც აღნიშნულია, რომ „მან ზ. გ-ძეზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე სარჩელი არ შემოუტანია“.
აღნიშნულის საპირისპიროდ წარმოდგენილი იქნა იგივე მ. ჯ-შვილის ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიდაც იგი უთითებს, რომ მასთან მივიდა ზ. გ-ძე და ძალდატანებით დააწერინა, რომ „არ უჩიოდა ზ. გ-ძეს, რაც სიმართლეს არ შეეფერება“. პალატა თვლის, რომ ეს საკითხიც საქმის ხელახალი განხილვის დროს უნდა დაზუსტდეს.
ამრიგად, ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, პალატა არსებითად ვერ იმსჯელებს საჩივრის ირგვლივ და მასში მითითებული საკითხები გულდასმით უნდა შეამოწმოს პირველი ინსტანციის სასამართლომ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 563-ე და 568-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2000 წლის 29 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც უარი ეთქვა შპს „ფარმაცია-XXI“-ის პარტნიორებს საჩივრის დაკმაყოფილებაზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლო სხვა მოსამართლეს.
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ცვლილებით.