დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 4კოლ 13 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ბ. მ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძველი რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტით, 109-ე მუხლის “ი” და “ლ” პუნქტებით. ერთობლივად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა ბ. მ-ძეს დაეწყო 2000 წლის 18 მაისიდან.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
განაჩენით ბ. მ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
1999 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 1830 საათზე, არასრულწლოვანი ბ. მ-ძე იყო მთვრალი და იმყოფებოდა ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც გაიგო, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო საერთო საცხოვრებელში შუქი არ იყო, რადგან დარწმუნდა, რომ მისი ნაცნობის ი. შ-კოს ოჯახის წევრები ბინაში არ იყვნენ, გატეხა ბინის შესასვლელი კარები, შევიდა შიგ და წაიღო 390 ლარად ღირებული ტელევიზორი და 195 ლარად ღირებული ვიდეომაგნიტოფონი “ფუნაი”, რომლებიც გადამალა ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ნაგავსაყრელში, მეორე დღეს კი 100 აშშ დოლარად მიჰყიდა მძღოლ ო. ბ-ძეს. ამ უკანასკნელმა კი შემდეგში აღნიშნული ნივთები მიჰყიდა უცნობ პირს. მომხდარის შემდეგ მ-ძემ კვლავ გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა, კერძოდ: 2000 წლის 14 მაისს მთვრალი მივიდა ქ. ბათუმში, ... მდებარე იმავე სამხედრო ნაწილის საერთო საცხოვრებელის ეზოში, სადაც გაესაუბრა ნაცნობს. შემდგომ კი თვითმხილველთა თვალის ასახვევად, ვითომდა ველოსიპედით წავიდა სახლში, სინამდვილეში კი დაბრუნდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, შეხვდა არასრულწლოვან ა. პ-კოს, რომლისგანაც გაიგო, რომ ის ბინაში ღამეს მარტოდ ათევდა, რადგანაც დედა იწვა საავადმყოფოში, მამინაცვალი ე. ბ-ორი კი იმყოფებოდა სამუშაოზე. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მან გადაწყვიტა გაექურდა ა. პ-კოს ბინა, როცა ეს უკანასკნელი წავიდა ბინაში, მან მიაკითხა თავის ნაცნობ ლ. კ-ძეს, რომელმაც მიუთითა ა. პ-კოს ბინის ფანჯარაზე. შემდეგ კი, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ავიდა საერთო საცხოვრებლის მეორე სართულზე, დააკაკუნა კარზე და როცა დარწმუნდა, რომ ა. პ-ოს ეძინა, კარებში არსებული ნახვრეტიდან მავთულით გამოიღო გასაღები, გააღო შესასვლელი კარები და შევიდა ბინაში, აიღო ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი, რომლებიც ჩააწყო ჩანთაში, აგრეთვე, ჩაალაგა ე. ბ-ორის ნივთები და გავიდა მეორე ოთახში მაგნიტოფონის ასაღებად, სადაც ეძინა ა. პ-კოს. მას ხმაურზე გამოეღვიძა და დაიწყო ყვირილი. იგი ყაჩაღურად სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, თავს დაესხა ა. პ-კოს და დაარტყა კისრის არეში გაშლილი ხელი. შემდგომ კი იმისათვის, რომ თავის განზრახვაში - ნივთების მოპარვაში - ხელი არავის არ შეეშალა, კისრის არეში მაგნიტოფონის ელექტროსადენით გაკეთებული მარყუჟით მიაბა საწოლის ბოლოებზე და მოახრჩო. იმის გამო რომ საერთო საცხოვრებლის მორიგეს ის ვერ შეენიშნა მოპარული ნივთები ბინიდან აღებული ფარდის დასამაგრებლით ჩაუშვა ქვემოთ, თავად კი ქვევით ჩავიდა სადარბაზოს ფანჯრიდან სადაც მიამაგრა ორი გადაბმული ზეწარი, რომლის დახმარებით ჩავიდა ეზოში, აიღო ნივთები, ველოსიპედით მიიტანა საცხოვრებელ ბინაში და სხვენში გადამალა. მეორე დღეს, როცა გაიგო, რომ პოლიცია ეძებდა, მიიმალა, იგი 18 მაისს დაკავებული იქნა პოლიციის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ. დ-შვილი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდში საქმე წარმოებით იქნეს შეწყვეტილი მ-ძის ბრალის დაუდასტურებლობის გამო, ხოლო საბოლოოდ, შეფარდებული სასჯელი გაუნახევრდეს, რადგან მ-ძე დანაშაულის ჩადენისას იყო არასრულწლოვანი, ხასიათდება დადებითად, მუშაობდა და ჰქონდა სოლიდური ანაზღაურება.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორ ე. ღ-შვილის მოსაზრება, რომელსაც განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ. პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ ბ. მ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძველი რედაქცია), დადგენილია როგორც თვით მსჯავრდებულის მიერ წინასწარ გამოძიებისას მიცემული აღიარებითი ჩვენებებით, ასევე, მოწმე ო. ბ-ძის ჩვენებით და საქმეში არსებულ ერთობლივი მამხილებელი მასალებით.
რაც შეეხება სასჯელის ზომას, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ბ. მ-ძის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (ყაჩაღობა და მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და ასეთ ვითარებაში მის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება მიჩნელული იქნეს უსამართლოდ, როგორც მკაცრი. ამდენად, არ არსებობს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 22 ნოემბრის განაჩენი ბ. მ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.