დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 26 აპ 20 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,გ. ბორჩხაძე
განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-იანის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც კასატორის მიმართ უცვლელად იქნა დატოვებული ხონის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი. ხონის რაიონული სასამართლოს მითითებული განაჩენით ა. ბ-იანი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
საკასაციო საჩივარი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გ. ბორჩხაძის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ა. ბ-იანს მსჯავრი აქვს დადებული იმისათვის, რომ მან ჩაიდინა მოქალაქის განზრახი მკვლელობა შემდეგ ვითარებაში:
ა. ბ-იანი და პ. უ-ავა მუშაობდნენ ერთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლებად და ოჯახებით იმყოფებოდნენ ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებაში. ერთად მუშაობის პერიოდში პ. უ-ავა დაუახლოვდა ა. ბ-იანის ქალიშვილს _ დ. ბ-იანს და მათ შორის დამყარდა ინტიმური ურთიერთობა. 2000 წლის მარტში ა. ბ-იანისათვის ცნობილი გახდა რა პ. უ-ვას და მისი შვილის ურთიერთობა და ისიც, რომ დ. ბ-იანი ფეხმძიმედ იყო, ოჯახის შეურაცხყოფის გამო გადაწყვიტა შური ეძია და მოეკლა პ. უ-ავა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2000 წლის 2 ივნისს დაახლოებით 24 საათზე, კუსტარული წესით დამზადებული საოჯახო დანით შეიარაღებული მივიდა პ. უ-ავას სახლთან, გააღვიძა იგი, გაიხმო სასაუბროდ ქუჩაში და მოულოდნელად თანქონებული დანა ძლიერად დაარტყა მუცლის არეში, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიუხედავად 3 ივნისს, 00 საათსა და 55 წუთზე პ. უ-ავა გარდაიცვალა ხონის რაიონულ საავადმყოფოში. ა. ბ-იანი 2000 წლის 3 ივნისს, დილის 8 საათზე ბრალის აღიარებით გამოცხადდა ხონის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში.
სასჯელის შემსუბუქებას საკასაციო საჩივარი ითხოვს შემდეგი მოტივებით:
1. მსჯავრდებული პ. უ-ავასთან მივიდა არა მოკვლის განზრახვით, არამედ საკითხის გარკვევის მიზნით;
2. მკვლელობის იარაღი _ დანა ეკუთვნოდა არა მსჯავრდებულ ა. ბ-იანს, არამედ თვით პ. უ-ავას, რომელიც შეეცადა დანა დაერტყა ბ-იანისათვის. ამ უკანასკნელმა მას წაართვა დანა და უმისამართოდ მოუქნია, რა დროსაც მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია;
3. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ა. ბ-იანი თავისი ნებით გამოცხადდა პოლიციაში და განაცხადა მომხდარის შესახებ.
პროკურორი ე. ღ-შვილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მხარს არ უჭერს და შუამდგომლობს განაჩენი დატოვებული იქნას უცვლელად.
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სრულყოფილად გამოიკვლიეს რა საქმის ფაქტიური გარემოებანი, ჩადენილ ქმედებას მისცეს სწორი იურიდიული შეფასება და დაადგინეს სამართლიანი განაჩენი.
საქმის მასალებიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ ა. ბ-იანს არ ამოძრავებდა შურისძიების მოტივი და ის 2 ივნისს, ღამით მოკვლის განზრახვით არ მისულა პ. უ-ავასთან. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია, რომ ა. ბ-იანისათვის მკვლელობის დღემდე უკვე ცნობილი იყო მისი შვილისა და პ. უ-ავას ურთიერთობის შესახებ, და ისიც იცოდა, რომ მისი შვილი ორსულად იყო. აქედან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ის მტკიცება, რომ ა. ბ-იანი პ. უ-ავასთან მხოლოდ იმის გასაგებად მივიდა თუ რას აბრალებდნენ მის ქალიშვილს და ამ უკანასკნელმა ნორმალური პასუხის ნაცვლად დანის დარტყმა მოუნდომა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
პალატას მიაჩნია, რომ საქმის არსებითად განმხილველმა სასამართლო ორგანოებმა მართებულად არ გაიზიარეს მსჯავრდებულის მეუღლისა და ქალიშვილის _ გ. და დ. ბ-იანის ჩვენება იმის თაობაზე, რომ დანა რომლითაც მკვლელობა მოხდა, თვით პ. უ-ავას ეკუთვნოდა. ორთავე ეს მოწმე მსჯავრდებულის ბედით დაინტერესებული პირია.
სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა როგორც დანაშაულის სიმძიმე, ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ყველა გარემოება. ამდენად, საკასაციო პალატას არავითარი საფუძველი არ გააჩნია იმსჯელოს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებაზე.
ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ბ-იანის საკასაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, უარყოფილი იქნეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ა. ბ-იანის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.