საჩივარი დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 40აპ-01 3 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,გ. ბორჩხაძე
განიხილა მსჯავრდებულ მ. ე-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც: მ. ე-შვილს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შეეფარდა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით მ. ე-შვილს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ. ე-შვილი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის 2000 წლის 18 აპრილს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ დასჯილი იყო ადმინისტრაციული სახდელით.
2000 წლის 31 აგვისტოს მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული. ხსენებულ დღეს გორის რაიონის სოფ. ერგნეთში უცნობი პირისაგან შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება “ოპიუმი” და მოიხმარა. 1 სექტემბერს იგი დააკავეს ქ. თბილისში. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მ. ე-შვილი იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.
საკასაციო საჩივარში და პალატის სხდომაზე მსჯავრდებული მ. ე-შვილი აღნიშნავს, რომ განაჩენი მის მიმართ არის ზედმეტად მკაცრი და ითხოვს სასჯელის შეცვლას არასაპატიმრო ღონისძიებით შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: დანაშაული აღიარა და მოინანია, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და 2 წლის ბავშვი, დაავადებულია ასთმით და ტუბერკულოზის მძიმე ფორმით.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ.ჯ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მ. ე-შვილის მიმართ დადგენილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულის და პროკურორის პოზიცია, მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
მსჯავრდებულ მ. ე-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული საქმის მასალებით დადასტურებულია, მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული.
მართალია, მსჯავრდებული მ. ე-შვილი წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი, მაგრამ პალატა მხედველობაში იღებს რა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, იმ გარემოებებს, რომ იგი დაავადებულია ფილტვის კეროვანი ტუბერკულოზით, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, პალატის სხდომაზეც დანაშაული გულწრფელად მოინანია და ითხოვა პატიება, თვლის, რომ მას შეფარდებული სასჯელი უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 3 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.
ამასთან მ. ე-შვილს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაეკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმ პირებთან, ვინც ის შეიძლება ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინტროს სააღსრულებო ბიურომ მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “დ” პუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ე-შვილის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 თებერვალს განაჩენი მ. ე-შვილის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ სსკ-ის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 3 (სამი) წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.
პირობითი მსჯავრის დროს მ. ე-შვილმა პრობაციის სამსახურის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმ პირებთან, ვინც ის შეიძლება ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინტროს სააღსრულებო ბიურომ მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.