საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 05.12.2000
საქმის ნომერი
2კ-51-I-2000
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.12.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 511 5 დეკემბერი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ტურავა

მოსამართლეები: შ. ასათიანი, მ. ისაევი

განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მ/შემსრულებელ გ. ა-ძის და არასრულწლოვანი განსასჯელი გ. მ-ძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-შვილის კერძო საკასაციო საჩივრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 16 აგვისტოს განაჩენი გ. მ-ძის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად გადაეცა აჭარის პროკურატურას.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით გ. მ-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ იგი 1999 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 15 საათზე, ქ. ბათუმში, შპს “ალამი I”-ის ტერიტორიაზე იმყოფებოდა მთვრალი. მასთან ერთად იყვნენ ა. ფ-ძე, ლ. ჯ-ძე და გ. ფ-ძე. იქვე მას შელაპარაკება მოუვიდა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან, მდგომარეობის გასარკვევად გავიდნენ ლეონიძის ქ. ¹ 6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ შორის დაიწყო ხელჩართული ჩხუბი. გ. მ-ძემ დაინახა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, მათ შესაშინებლად ამოიღო ჯიბიდან დანა და დაიწყო ჰორიზონტალურად ქნევა, მაგრამ მას არ ჰქონია განზრახული ვინმეს დაზიანება, ამასთან, დანაშაულებრივი დაუდევრობით, რაც გამოიხატა დანის უაზრო ქნევაში, მან ვერ გაითვალისწინა თავისი მოქმედების უარყოფითი შედეგი და შემთხვევით მუცლის არეში სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა მის გვერდით მყოფ გ. ფ-ძეს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 წლის 16 აგვისტოს განაჩენით გ. მ-ძე ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (ძველი რედაქცია) და შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და ექვსი თვის ვადით საერთო რეჟიმის არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაზარალებულმა ნ. ფ-ძემ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ გ. მ-ძეს სსკ-ის 108-ე მუხლით შეფარდებოდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სააპელაციო წესით, ასევე, გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მხარემ, რომლებმაც საჩივრით ითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის წარმოებით შეწყვეტა გ. მ-ძის უდანაშაულობის გამო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა სასამართლოს განაჩენი და საქმე დამატებით გამოძიებაში დაბრუნებულ იქნა შემდეგი მითითებებით:

გამოძიებას არ დაუდგენია ოჯახსა და სკოლაში არასრულწლოვანის ცხოვრებისა და აღზრდის პირობები, ასევე, ბრალდებულის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება; სრულყოფილად არაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები; მოწმის სახით არ დაკითხულა რ. მ-ძე; არ არიან დადგენილნი ის პირები, ვისთანაც ჩხუბი მოუვიდა გ. მ-ძეს; არ დაკითხულან გარდაცვლილის ოჯახის წევრები; გამოძიებამ სათანადო შეფასება არ მისცა ექსპერტ მ. კ-ძის ჩვენებას, ასევე, არ იქნა ჩატარებული გვამის ეგსჰუმაცია; არ გარკვეულა, ადგილი ხომ არ ჰქონდა ხულიგნობას, ხოლო ა. ფ-ძის დაზიანების შესახებ მასალების ცალკე გამოყოფა ატარებს ფორმალურ ხასიათს;

შეცდომები დაშვებულ იქნა, ასევე, სასამართლოს მიერ, რომელმაც არასრულწლოვანი ბრალდებული სამართალში მისცა გამწესრიგებელი სხდომის ჩატარების გარეშე, ხოლო ადვოკატ დ. ჩ-შვილის შუამდგომლობა, საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებისა და პროკურორის ნ. კ-შვილის აცილების შესახებ, საერთოდ არ განიხილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმპეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრით აჭარის პროკურორის მ/შემსრულებელი გ. ა-ძე ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ განჩინებაში მითითებული საკითხების გამოკვლევა არ სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს, ხოლო სააპელაციო პალატას სრული შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო არსებითი ხასიათის გადაწყვეტილება.

არასრულწლოვან გ. მ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ. ჩ-შვილი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და გ. მ-ძის გამართლებას, თვლის, რომ გ. მ-ძეს დანაშაული არ ჩაუდენია, ამიტომ მის მიმართ საქმე წარმოებით უნდა იქნეს შეწყვეტილი.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ღ-შვილმა მხარი დაუჭირა აჭარის პროკურორის მ/შემსრულებლის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

განსასჯელმა გ. მ-ძემ, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ-შვილმა და კანონიერმა წარმომადგენელმა ა. მ-ძემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და პროკურორის დასკვნა, თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებაში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო: სწორია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მითითება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 417-ე, 421-ე, 423-ე მუხლების მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებული გ. მ-ძე სამართალში მისცა ისე, რომ არ ჩაუტარებია გამწესრიგებელი სხდომა. ე. ი უნდა ჩაითვალოს, რომ გ. მ-ძე სამართალში არ ყოფილა მიცემული, აღნიშნული კი განაჩენის გაუქმების საფუძველია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ასევე, დაარღვია სსსკ-ის 468-ე მუხლის მოთხოვნები, რაც გამოიხატა მასში, რომ არ განიხილა ადვოკატის შუამდგომლობა და მისი განხილვის შესახებ არ მიიღო გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა არ სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო გარკვეულწილად გასცდა სააპელაციო საჩივრების განხილვის ფარგლებს და თავისთავზე აიღო ბრალმდებელის ფუნქცია, როდესაც განჩინებაში მიუთითა, რომ საჭიროა გამოძიებამ დაადგინოს შემთხვევის დროს ხომ არ ჰქონდა ადგილი ხულოგნობას და ვინ წამოიწყო ასეთი ქმედება, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარეს (პროკურორი, დაზარალებული) ამაზე საჩივარი არ ჰქონია შეტანილი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს, თავისი ინიციატივით, ასეთზე მითითების კანონიერი უფლება არ ჰქონდა.

განჩინების მითითება იმის შესახებ, თითქოს არ იყოს შესწავლილი არასრულწლოვან გ. მ-ძის აღზრდის პირობები, საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი ვერ გახდება. საქმეშია მისი დახასიათება, ცნობები ოჯახური შემადგენ-ლობის, ჯანმრთელობისა და ნასამართლობის შესახებ დაკითხულია მამა - ა. მ-ძე, აღზრდის სხვა პირობების შემოწმება კი თვით სასამართლოსაც შეეძლო გამოეკვლია და მიეცა შეფასება.

მართალია გამოძიების მიერ ვერ იქნა გვამის ეგსჰუმაცია ჩატარებული, მაგრამ აღნიშნული არ შეიძლება საქმის გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი გახდეს, რადგან დაზარალებული მხარე კატეგორიულად წინააღმდეგია გვამის ეგსჰუმაციის. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეავასოს საქმეში არსებული სამედიცინო ხასიათის მასალები და მიიღოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინების სხვა მითითებები შეიძლება გამოკვლეულ იქნეს საქმის სასამართლო განხილვისას და მიეცეს შეფასება.

პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის შესახებ, ვერ იქნება დაკმაყოფილებული, რადგან პირველი ინსტანციიის სასამართლოს მიერ დაშვებულია არსებითი ხასიათის დარღვევები, რომელთა გამოსწორება სააპელაციო სასამართლოს მიერ შეუძლებელია. ასევე, ვერ იქნება დაკმაყოფილებული განსასჯელ გ. მ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, რადგან საქმეზე საჭიროა ჩატარდეს სრულყოფილი სასამართლო გამოძიება, უნდა შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ვერსიები და ამის შემდეგ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაში გ. მ-ძის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ საქმე ბრალდებულის სამართალში მიცემის სტადიიდან განსახილველად გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.