დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.05.2001
საქმის ნომერი
2კ-32კოლ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.05.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 32კოლ 24 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ლ. შ-ძის და დაზარალებულ ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 22 მარტის განაჩენზე, რომლითაც:

ლ. შ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1997 წლის რედაქცია) და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით ლ. შ-ძეს დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის – 2400 ლარის და მორალური ზიანის - 5000 ლარის გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. შ-ძეს მსჯავრი დაედო დ. მ-შვილის განზრახ მკვლელობისათვის, რომელიც განაჩენის მიხედვით ჩადენილი აქვს შემდეგ გარემოებებში:

ლ. შ-ძე 1999 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს ინსპექტორად. იგი ატარებდა სამსახურეობრივად გაპიროვნებულ “მაკაროვის” სისტემის ცეცხლმსროლელ იარაღს. 1999 წლის სექტემბერში ლ. შ-ძემ გაიცნო დ. მ-შვილი. ისინი დამეგობრდნენ და ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთი შეხვედრის დროს დ. მ-შვილს ლ. შ-ძის ავტომანქანაში დარჩა ხელჩანთა, რომელსაც ეს უკანასკნელი აღარ უბრუნებდა. ამის გამო დ. მ-შვილი ლ. შ-ძის მიმართ გამოთქვამდა უკმაყოფილებას.

1999 წლის 15 ოქტომბერს ლ. შ-ძე ქ. თბილისში, ... ქუჩაზე შეხვდა დ. მ-შვილს და სასაუბროდ მიიწვია ავტომანქანაში. დ. მ-შვილმა მოსთხოვა ხელჩანთის დაბრუნება, რის გამოც მათ შორის მოხდა შელაპარაკება. დ. მ-შვილმა შეაგინა ლ. შ-ძეს, დაუფხაჭნა ხელი და გადავიდა ავტომანქანიდან. დ. მ-შვილის ქმედებით განაწყენდა ლ. შ-ძე და შურისძიების მიზნით განიზრახა მისი მოკვლა. იგი გადავიდა ავტომანქანიდან, გაჰყვა დ. მ-შვილს და შარვლის სარტყელიდან ამოღებული სატაბელო იარაღიდან გასროლით თავში მიაყენა სასიკვდილო დაზიანება, რის შედეგად 17 ოქტომბერს დ. მ-შვილი გარდაიცვალა.

საკასაციო საჩივარში დაზარალებული ლ. ბ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას სასჯელის ლმობიერების მოტივით, ასევე, იმის გამო, რომ სასამართლომ მსჯავრდებულს ნაკლები ოდენობით დააკისრა მატერიალური და მორალური ზიანი.

პალატის სხდომაზე, დაზარალებულმა ლ. ბ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა ადვოკატმა ი. ღ-შვილმა შეცვალოს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.

მსჯავრდებული ლ. შ-ძე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ დ. მ-შვილის მკვლელობა ჩაიდინა გაუფრთხილებლობით, ითხოვს მისი ქმედების სსკ-ის 108-ე მუხლით დაკალიფიცირებას (1960 წლის რედაქცია) და ამ მუხლის შესაბამისად სასჯელის შეფარდებას.

ადვოკატმა ი. პ-ამ ანალოგიური მოთხოვნით ითხოვა ლ. შ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენის შეცვლა.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. მ-ძემ, მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, განაჩენი ლ. შ-ძის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 22 მარტის განაჩენი ლ. შ-ძის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ლ. შ-ძის საჩივრის მოტივებს იმის შესახებ, თითქოსდა მას დ. მ-შვილის მკვლელობა ჩადენილი აქვს გაუფრთხილებლობით შემდეგ ვითარებაში: როდესაც ეს უკანასკნელი გადავიდა ავტომანქანიდან, მისდა შეუმჩნევლად გადაიტანა მისი ტაბელური იარაღი, რის გამოც გამოეკიდა მას. იარაღის წართმევისას მოხდა გასროლა და მისი დაჭრა. პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულის მიერ ამ ვერსიის დამადასტურებელი მასალები საქმეში არ არის, ასეთს არ ადასტურებენ ფაქტის უშუალო მნახველი მოწმეები, მათ შორის – მ. გ-იანი.

პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, როდესაც დადგენილად მიიჩნია, რომ შემთხვევის დღეს ავტომანქანაში ყოფნისას მსჯავრდებულ ლ. შ-ძესა და გარდაცვლილ დ. მ-შვილს შეკამათება მოუვიდათ იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს მსჯავრდებული არ უბრუნებდა ხელჩანთას.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დ. მ-შვილს მარჯვენა ხელი პარალიზირებული ჰქონდა და ვერ ხმარობდა, ავტომანქანიდან გადასვლის დროს კი მარცხენა ხელში ეჭირა ცელოფნის პარკი და იმ შემთხვევაშიც, თუ მას ცელოფნის პარკთან ერთად მარცხენა ხელში ექნებოდა იარაღი, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, წინააღმდეგობას ლ. შ-ძეს მაინც ვერ გაუწევდა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ერთობლივი მასალებით ლ. შ-ძის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაული დადასტურებულია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და განაჩენის შეცვლის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. შ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 22 მარტის განაჩენი ლ. შ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.