დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.05.2001
საქმის ნომერი
2კ-37კოლ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.05.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 37კოლ 29 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 29 მარტის განაჩენზე, რომლითაც: ი. ბ-ძე, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით, 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით, 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძველი რედაქცია) და მოქმედი სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ი”, “ვ” და “ლ” პუნქტებით, ერთობლივად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 17 სექტემბრიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით ი. ბ-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ გაასაღა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.

მანვე 1999 წლის ივნისში, ა. გ-ძესთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, გაქურდა ქ. ხაშურში, ... ქუჩაზე მცხოვრები დ. ც-ძის ბინა, საიდანაც გაიტაცეს 650 ლარად ღირებული ტელევიზორი “ივერია”, ორი ხალიჩა და საწოლის გადასაფარებელი.

1999 წლის ივლისის თვეში ა. გ-ძემ და ი. ბ-ძემ გადაწყვიტეს ქ. ხაშურიდან დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოტყუებით გაეყვანათ კერძო ტაქსი, ყაჩაღური თავდასხმით მოეკლათ მძღოლი და გაეტაცებინათ მისი ავტომანქანა. ამ დანაშაულის ჩადენაში მათ დაითანხმეს თ. ბ-ძის დეიდაშვილი, ამჟამად ძებნილი ზ. კ-ოვი.

1999 წლის 6 ივლისს ა. გ-ძემ და ზ. კ-ოვმა ხაშურის ავტოსადგურში დაიქირავეს ტაქსის მძღოლი ბ. ე-შვილი, რომელიც მართავდა საკუთარ 2106 მარკის ავტომანქანას.

დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე მათ ხსენებული ავტომანქანით ქ. ხაშურში ... ქუჩაზე, სახლში შეუარეს ი. ბ-ძეს. ბ. ე-შვილმა, მათი თხოვნით, ისინი მიიყვანა ხაშურის რაიონის სოფ. ხცისის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის ნაპირთან არსებულ ელექტროსადგურის შენობასთან, სადაც ი. ბ-ძე და ა. გ-ძე გადმოვიდნენ ავტომანქანიდან _ თითქოსდა ვინმესთან შესახვედრად, ფაქტობრივად კი მათ საბოლოოდ დააზუსტეს ყაჩაღური თავდასხმით მძღოლის მოკვლისა და ავტომანქანის გატაცების გეგმა. შემდეგ მათ ბ. ე-შვილს მოსთხოვეს ქ. ხაშურისაკენ წასვლა. სოფ. ხცისიდან, ცენტრალურ საავტომობილო გზამდე, დაახლოებით 200 მეტრში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, მძღოლის უკან მჯდომმა ი. ბ-ძემ, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ბ. ე-შვილს დანა დაარტყა მარჯვენა მხარის არეში და გააჩერებინა ავტომანქანა. ბ. ე-შვილმა წინააღმდეგობა გაუწია მათ, ამასთან, სთხოვა არ მოეკლათ და ისე წაეყვანათ ავტომანქანა. მოქმედებდნენ რა ერთიანი განზრახვით, ყაჩაღური თავდასხმით, გაეტაცებინათ ავტომანქანა, ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაულის გაადვილების და დაფარვის მიზნით, მძღოლის გვერდით მჯდომმა ზ. კ-ოვმა თავით მოქაჩა ბ. ე-შვილი, ა. გ-ძემ კი მოკვლის მიზნით დანა კისრის არეში გამოუსვა. იგი ტკივილისაგან იტანჯებოდა და სისხლისაგან იცლებოდა. ამასთან, განსასჯელებმა და ზ. კ-ოვმა არ მისცეს მას ავტომანქანიდან გადასვლის საშუალება, პირიქით, ი. ბ-ძე გადავიდა ავტომანქანიდან, გააღო მძღოლის კარი და ბ. ე-შვილს მუცელში ორჯერ კვლავ ჩაარტყა დანა და გადმოაგდო ავტომანქანიდან. ზ. კ-ოვი და ა. გ-ძე მოუწოდებდნენ თ. ბ-ძეს, დაესრულებინა მკვლელობა, მაგრამ იმის გამო, რომ სოფ. ხცისიდან უახლოვდებოდათ სამგზავრო ავტობუსი, მათ განზრახვა _ ბ. ე-შვილის მკვლელობა _ სისრულეში ვერ მოიყვანეს, ი. ბ-ძე დაჯდა საჭესთან და ა. გ-ძესა და ზ. კ-ოვთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ავტობუსის მძღოლმა კ. თ-შვილმა დაჭრილი ბ. ე-შვილი გადაიყვანა ოსიაურის საგზაო პოლიციის საგუშაგოზე, საიდანაც ავტოინსპექტორმა შ. ლ-ძემ იგი მიიყვანა ხაშურის საავადმყოფოში, სადაც მას გაუკეთდა ოპერაცია და სიკვდილს გადარჩა.

ი. ბ-ძე, ა. გ-ძე, ზ. კ-ოვი გატაცებული ავტომანქანით წავიდნენ ქარელის რაიონის სოფ. ზღუდერში, სადაც ბენზინის უქონლობის გამო გაუჩერდათ ავტომანქანა და იმის შიშით, რომ მოსახლეობას არ შენიშნა ისინი, მათ მიატოვეს ავტომანქანა და შეიხიზნენ ტყეში. იმავე ღამით ავტომანქანა აღმოჩენილი იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ და გამოძიების პროცესში დაუბრუნდა დაზარალებულის ოჯახს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ი. ბ-ძე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მისი მძიმე ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუმცირდეს შეფარდებული სასჯელის ზომა.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ი. ბ-ძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ღ-იამ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. დაზარალებულმა ბ. ე-შვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

პროკურორმა გ. ჯ-იამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი გ. ბ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული, სასჯელიც განსაზღვრული აქვს ჩანადენის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი ი. ბ-ძის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, არ არსებობს მასში ცვლილების შეტანის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ ი. ბ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული უტყუარადაა დადგენილი, როგორც თვით ი. ბ-ძის აღიარებითი ჩვენებებით, ასევე, ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ა. გ-ძის ჩვენებებით, ამოღებული ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთით, დაზარალებულ ბ. ე-შვილის ჩვენებებით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო კოლეგიამ გაითვალისწინა მსჯავრდებულ ი. ბ-ძის როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, რის საფუძველზეც განუსაზღვრა სასჯელი.

საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით უსამართლოა მეტისმეტი სიმკაცრის გამო.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ი. ბ-ძის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აშკარად უსამართლოდ, როგორც მკაცრი. ამდენად, არ არსებობს კანონიერი საფუძველი მსჯავრდებულ ი. ბ-ძის მიმართ განჩენში ცვლილების შეტანისათვის.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ბ-ძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 29 მარტის განაჩენი ი. ბ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.