განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას

სისხლის სამართლის 07.06.2001
საქმის ნომერი
2კ-42აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.06.2001

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 42-აპ 7 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა დაზარალებულების _ ს. და პ. ს-იანების ადვოკატის _ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 იანვრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ასპინძის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენი სა., სო. და სე. ბ-იანების მიმართ.

ასპინძის რაიონული სასამართლოს მითითებული განაჩენით სა. ბ-იანს მსჯავრი დაედო საქართვლოს სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით და 121-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე დაეკისრა დაზარალებულ ს. ს-იანის სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის და დაზარალებულ პ. ს-იანის სასარგებლოდ 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ქართულ ლარებში. სო. ბ-იანს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. სე. ბ-იანს მსჯავრი დაედო საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 138-ე მუხლით, სასჯელის ზომად განესაზღვრა ორი წლით გამასწორებელი სამუშაოები ხელფასიდან 10%-ის დაქვითვით და თანახმად, საქართველოს ახალი სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილისა გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. ამ განაჩენზე სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო დაზარალებულების _ ს. და პ. ს-იანების მიერ.

საკასაციო საჩივარი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას სა. ბ-იანის დანაშაულის არასწორი კვალიფიკაციის და გამოძიების არასრულყოფილების მოტივით და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული შემდეგი:

1999 წლის 25 ოქტომბერს ახალქალაქის რაიონის სოფ. ... მცხოვრები სა. და სო. ბ-იანები თავიანთ მეგობრებთან ე. ა-იანთან და ა. ა-იანთან ერთად სატვირთო მანქანით იმყოფებოდნენ სოფლის მახლობლად არსებულ ტყეში შეშის წამოსაღებად. უკან მობრუნებულებს სოფლის გზა დაუხვდათ ჩახერგილი ძრავაჩამქრალი ტრაქტორით, რომლის მძღოლიც ერთი ავზიდან ახდენდა მეორე ავზში საწვავის გადაქაჩვას იმ მიზნით, რომ ტრაქტორი აემუშავებინა. სატვირთო ავტომანქანაზე მყოფნი ჩამოვიდნენ მანქანიდან და ელოდებოდნენ გზის გათავისუფლებას. ამ დროს სატვირთო ავტომანქანასთან მოვიდა ა\მანქანა “ჟიგული”, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ტ. ს-იანი. ამ უკანასკნელმა უცენზურო სიტყვებით დაიწყო გინება იმის მიმართ ვინც გზა გადაუკეტა და მოითხოვა სასწრაფოდ გაეთავისუფლებიათ მისთვის გზა. აღნიშნულის გამო, მასთან მივიდა ა. ა-იანი და აუხსნა, რომ გზა იყო ტრაქტორით ჩახერგილი. ტ. ს-იანმა კვლავ გააგრძელა გინება და მოთხოვნა გაეტარებიათ იგი. ამით გაბრაზებულმა სო. ბ-იანმა შენიშვნა მისცა მას. საპასუხოდ ტ. ს-იანმა პირადად მას შეაგინა, რაზედაც სო. ბ-იანმაც გინებითვე უპასუხა. ეს ინციდენტი მათ ჩხუბში გადაიზარდა, მაგრამ იქ მყოფმა ხალხმა ისინი გააშველეს. ამ დროს გზაც გათავისუფლდა და ისინი წავიდნენ სა. ბ-იანის სახლში, სადაც გადმოტვირთეს შეშა. მათ იქ შეუერთდა მათი ბიძაშვილი მ. ბ-იანი. სა-ს მამამ _ სე. ბ-იანმა ყველა იქ მყოფი მიიწვია თავის სახლში ვახშამზე. სო. და მ. ბ-იანები წავიდნენ ავტოფარეხში მანქანის დასაყენებლად, ხოლო დანარჩენები შევიდნენ სე. ბ-იანთან სახლში. ოჯახის დიასახლისმა _ რ. ბ-იანმა გაშალა სუფრა. შეკრებილნი ვახშმის დაწყებას ელოდებოდნენ სო. და მ. ბ-იანების დაბრუნებას.

როდესაც სო. ბ-იანმა მანქანა გააჩერა ავტო ფარეხში და ბრუნდებოდა სახლში, მის წინ გაჩერდა ტ. ს-იანის კუთვნილი “ჟიგული”, რომელშიც აგრეთვე იჯდა ს. მ-იანი. ამ უკანასკნელმა ტ. ს-იანის დავალებით დაუძახა სო. ბ-იანს მიეყიდა მათთვის ბენზინი. სო. ბ-იანმა თავდაპირველად მათ უარი უთხრა იმ მოტივით, რომ უკვე სიბნელე იყო და ბენზოგასამართი სადგური დაკეტილი ჰქონდა, მაგრამ ს. მ-იანის დაჟინებული თხოვნის შემდეგ იგი დაჯდა მანქანაში, რა დროსაც დაინახა, რომ საჭესთან ტ. ს-იანი იჯდა, რომელმაც სწრაფად დაძრა მანქანა, სო-ს დაუწყო გინება და ცდილობდა იგი გაეყვანა სოფლის გარეთ. ერთ-ერთ მოსახვევში შეშინებულმა სო. ბ-იანმა მოახერხა გადმომხტარიყო მანქანიდან და გაიქცა სახლისაკენ.

სო. ბ-იანის მანქანით წაყვანა შენიშნა რა მისმა მეუღლემ ლ. ბ-იანმა, აღელვებულმა შეირბინა მამამთილის სახლში და ამის შესახებ განუცხადა იქ სავახშმოდ შეკრებილ პირებს. ეს უკანასკნელნი სასწრაფოდ გამოვიდნენ ქუჩაში. სა. ბ-იანმა დაინახა, რომ მანქანა, რომლითაც მისი ძმა სო. წაიყვანეს, ადიოდა აღმართში ტყის მიმართულებით. ამის გამო მას ეჭვი დაებადა იმის თაობაზე, რომ მისი ძმა ალბათ მთვრალმა ტ. ს-იანმა გაიტაცა და გამორიცხული არ იყო იგი მოეკლა. ამის გამო შეშინებული სა. სწრაფად შევიდა სახლში, აიღო სამზარეულო დანა და გაემართა ძმის საძებნელად. ტ. ს-იანის სახლთან გავლისას მან დაინახა, რომ ამ უკანასკნელის მანქანა ეზოში იდგა და გადაწყვიტა შესულიყო იქ. ეზოში შესულმა იქ ნახა სო. და მ. ბ-იანები. სო-საგან მან გაიგო როგორ გადმოხტა იგი ტ-ის მანქანიდან. გაიგო, რა, რომ სო-ს არაფერი დაშავებია, იგი დამშვიდდა და სო-სა და მ-ს უთხრა წასულიყვნენ მასთან სახლში. მაგრამ, მისთვის იქვე ცნობილი გახდა რა, რომ მისი მამა სე. ბ-იანი ტ-ის სახლში იყო შესული, გადაწყვიტა თვითონაც შესულიყო, რათა მამა წამოეყვანა. შევიდა რა სახლში და დაინახა ტ., განაწყენებულმა მიმართა მას, თუ რატომ გაიტაცა მისი ძმა, განა საკმარისი არ იყო მანამდე რა შეურაცხყოფაც მიაყენა. შემდეგ კი მამას მიმართა: _ “წავიდეთ სახლში, ტ. მთვრალია, მას ჩვენ მაინც ვერაფერს გავაგებინებთ და სჯობია ხვალ, როცა ფხიზელი იქნება მაშინ დაველაპარაკებითო”. ამ დროს ტ. ს-იანმა მას დაუწყო უცენზურო სიტყვებით გინება, რის შემდეგ ბ-იანები გამოდევნა სახლიდან, ხოლო ქუჩაში სო. ბ-იანს დაუწყო ცემა, ყელში წაუჭირა ხელი და მოინდომა მისი დახრჩობა. იქ მყოფი სე. და მ. ბ-იანები შეეცადნენ სო-ს განთავისუფლებას, მაგრამ ვერ გამოსტაცეს იგი ხელიდან ტ. ს-იანს. ამის გამო სე. ბ-იანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტ-ს ამ დროს მათთან მივიდა ტ-ს ძმა პ. ს-იანი, რომელსაც იქ მყოფმა სა. ბ-იანმა სთხოვა მთვრალი ტ. შეეყვანა სახლში. ნაცვლად ამისა პ-მ ცემა დაუწყო სო. და სე. ბ-იანებს, შემდეგ კი დასარტყმელად გაიწია სა. ბ-იანისაკენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა დაასწრო და მუცლის არეში ერთხელ დაარტყა დანა. ამის შემდეგ სა. ბ-იანმა დაინახა, რომ ტ-მ თავი დაარტყა მის მამას სე-ს და მიწაზე დასცა, შემდეგ კი მიუბრუნდა სო. ბ-იანს და დაუწყო მოხრჩობა. ამით გაბრაზებული სა. ბ-იანი მიეჭრა ტ-ს და ზურგის მხრიდან რამოდენიმეჯერ ჩაარტყა დანა. დანის დარტყმით სა. ბ-იანმა პ. ს-იანს მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში სხეულის მძიმე დაზიანება, ხოლო ტ. ს-იანს კი სასიკვდილო დაზიანებები, რის შედეგად იგი იმავე დღესვე გარდაიცვალა.

წინასწარი გამოძიების მიერ სა. ბ-იანის ეს დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებული იქნა საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 106-ე და 113-ე მუხლებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ის შესაბამისობაში მოიყვანა ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველ ნაწილთან და 121-ე მუხლთან.

საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად და არაობიექტურად, გამოკვლეული არ არის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, დადგენილი არ არის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი, არასრულყოფილია კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც პასუხი არ არის გაცემული დაზარალებულის მიერ დასმულ კითხვებზე, ჩატარებული არ არის ერთობლივი სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზა რაც საქმის გარემოებებიდან გამომდინარე აუცილებელი იყო, არაობიექტურია ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა და არასწორად არის განსაზღვრული ჩადენილი დანაშაულის იურიდიული კვალიფიკაცია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულებმა ს. და პ. ს-იანებმა ითხოვეს მათი საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

დაზარალებულთა ადვოკატმა ტ. კ-შვილმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და დამატებით აღნიშნა, რომ წინასწარი გამოძიების მიერ უხეშად არის დარღვეული კანონის მოთხოვნა სამართალწარმოების ქართულ ენაზე წარმართვის თაობაზე. წინასწარი გამოძიება ჩატარებულია მხოლოდ რუსულ და სომხურ ენებზე.

მსჯავრდებულთა ადვოკატმა დ. თ-შვილმა, მსჯავრდებულებმა _ სო. და სე. ბ-იანებმა და პროკურორმა გ. ჯ-იამ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს განაჩენი და საქმე დაბრუნებული იქნას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის პირველი და მეექვსე ნაწილების შესაბამისად საქართველოში სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე და ყველა საპროცესო აქტი დგება სამართალწარმოების ენაზე. მოცემული საქმის წინასწარი გამოძიების დროს სამართალწარმოება განხორციელდა არაქართულ ენაზე, ყველა საპროცესო აქტი შედგენილია მხოლოდ რუსულ და სომხურ ენებზე, რითაც უხეშად არის დარღვეული საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. ეს კი იმ დონის დარღვევაა, რომელიც უდავოდ იწვევს განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებისათვის დაბრუნებას.

კანონის სრული დაცვით ჩატარებული დამატებითი გამოძიების დროს სრულყოფილად და ობიექტურად უნდა გაირკვეს დაზარალებულთა საკასაციო საჩივარში მითითებული ყველა გარემოება და შედეგის მიხედვით გაუკეთდეს შესაბამისი იურიდიულ-სამართლებრივი შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე და 570-ე მუხლბით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 იანვრის განაჩენი სა., სო. და სე. ბ-იანების მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა _ სა. ბ-იანის მიმართ და ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ _ სო. და სე. ბ-იანების მიმართ დარჩეს უცვლელად.