დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 44-აპ 10 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ფ. ჯ-იას საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ნაწილობრივ შეიცვალა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 დეკემბრის განაჩენი მის მიმართ.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მითითებული განაჩენით ფ. ჯ-ია ცნობილი იყო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” “გ” პუნქტებით და მისჯილი ჰქონდა: 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით, მეორე ნაწილით _ სამი წლით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისი პუნქტებით _ თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, აღნიშნულ დანაშაულთათვის სასჯელის საბოლოო ღონისძიებად განსაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამ სასჯელს დაუმატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი _ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა მსჯავრდებულის მიერ. სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს განაჩენი შეასწორა შემდეგი მიმართებით: განაჩენიდან ამოირიცხა ფ. ჯ-იას მსჯავრდება სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით და ბრალდების ამ ნაწილში იგი ცნო გამართლებულად იმ მოტივით, რომ საქმეს ნივთმტკიცებად არ ერთვის ცეცხლსასროლ იარაღად მიჩნეული გადაჭრილი სანადირო თოფები და არ შემოწმებულა მათი სროლისათვის ვარგისიანობა. გარდა ამისა, განაჩენიდან ამოირიცხა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილის _ ორი წლით თავისუფლების აღკვეთის დამატება იმის გამო, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან იგი განთავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შეწყალების წესით.
საკასაციო საჩივარი ითხოვს სასამართლოს მიერ განსაზღვრული დანაშაულის კვალიფიკაციის _ 179-ე მუხლის მეორე ნაწილის შეცვლას იმავე კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით ფ. ჯ-იას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 1994 წელში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეძენილი ქონდა ერთი ერთლულიანი და ერთი ორლულიანი ლულებგადაჭრილი სანადირო თოფები, რომელსაც უკანონოდ ინახავდა ზესტაფონის რაიონის სოფ. ... მცხოვრები მისი დეიდის ხ. ნ-ძის მარანში. 2000 წლის 2 ივლისს იგი სტუმრად იმყოფებოდა რა ზესტაფონის რაიონის სოფ. ... დეიდასთან _ მ. ნ-ძესთან, ამ უკანასკნელთან ერთად მობილური ტელეფონით თბილისში ახლობელთან დასალაპარაკებლად გადავიდა მეზობლად მცხოვრები ი. ბ-შვილის სახლში. ტელეფონით სარგებლობის შემდეგ ფ. ჯ-იამ განიზრახა ყაჩაღური თავდასხმა მოეწყო ი. ბ-შვილზე მისი პირადი ქონების დაუფლების მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირს და მასთან ერთად 2000 წლის 11 ივლისს დაახლოებით ღამის 3 საათზე შეაღწიეს ი. ბ-შვილის ბინაში და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით გაიტაცეს მობილური ტელეფონის აპარატი, ვიდეო კამერა, ოქროულობა, ფული და სხვა ქონება, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 2370 ლარს.
საკასაციო საჩივარი კვალიფიკაციის შეცვლისა და სასჯელის შემცირების მოტივად მიუთითებს იმაზე, რომ ი. ბ-შვილის ქონების გატაცების დროს მუქარასა და ძალადობას არ ჰქონია ადგილი, დანაშაული ჩადენილი იქნა მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო, ზარალი ანაზღაურებულია, მსჯავრდებული ჩადენილ დანაშაულს გულწრფელად აღიარებს და მას კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა დ. ა-ძემ და მსჯავრდებულმა ფ. ჯ-იამ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. პროკურორმა გ. მ-ძემ იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ფ. ჯ-იას მიერ სხვა პირთან ერთად დაზარალებულ ი. ბ-შვილზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილი და არავითარ ეჭვს არ იწვევს. ეს ფაქტი დადგენილია, როგორც დაზარალებულის, ასევე თვით მსჯავრდებულის თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენებებით.
ადვოკატ დ. აბესაძის მიერ საკასაციო პალატის სხდომაზე აღნიშნული ის გარემოება, რომ ვინაიდან სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულს მოუხსნა ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარებაში რაც ავტომატურად ნიშნავს საშიში ძალადობის და ყაჩაღობის გამორიცხვას, სწორი არ არის. დაზარალებულის მიმართ ძალადობასა და საშიშ მუქარას მსჯავრდებული ფ. ჯ-ია არ უარყოფს არცერთ მის ჩვენებაში. ფ. ჯ-ია და დანაშაულში მისი თანამონაწილე დაზარალებულს არა მარტო ცეცხლსასროლი იარაღებით, არამედ ცხელი უთოთი დაწვითაც კი ემუქრებოდნენ. სააპელაციო პალატამ ფ. ჯ-იას ბრალდებიდან სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ამორიცხვა მოახდინა მხოლოდ იმ მოტივით, რომ გამოძიების მიერ ამოღებული და ვარგისიანობაზე შემოწმებული არ ყოფილა დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ლულაგადაჭრილი სანადირო თოფები. მუქარისა და დაზარალებულის შესაშინებლად მათი გამოყენება ყველა შემთხვევაში შესაძლებელი იყო.
ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ ფ. ჯ-იას დანაშაულის ჩადენის დროს დაზარალებულის მიმართ საშიში ძალადობა არ ჩაუდენია და ნივთების გატაცება ატარებდა მხოლოდ ძარცვის ხასიათს.
პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია აგრეთვე, საკასაციო საჩივრის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქებაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებული ფ. ჯ-ია არის ფიზიკურად ჯანსაღი ახალგაზრდა. ადრე იგი მსჯავრდებული იყო ყაჩაღობისა და სხვა მძიმე დანაშაულობათა ჩადენისათვის. მისჯილი ჰქონდა თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. ქვეყნის პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის ¹ 1196 განკარგულებით მას შეწყალების წესით პირობით ეპატია 4 წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთის მოხდა, მიუხედავად ამისა, 8 თვეში მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. სააპელაციო პალატამ ობიექტურად შეაფასა საქმის გარემოებანი, გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი პირობები და დანიშნა მართლზომიერი სასჯელი, რომლის შემცირების არავითარი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 თებერვლის განაჩენი ფ. ჯ-იას მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს მისი უსაფუძვლობის გამო.