დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 54აპ 29 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 მარტის განაჩენზე, რომლითაც თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 სექტემბრის განაჩენი პ. ა-რის მიმართ დატოვებულ იქნა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით პ. ა-რი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მეორე ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, სასჯელაღსრულების საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით, მას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შენახვა და გადაზიდვა განმეორებით, გასაღების მიზნის გარეშე, რაც გამოიხატა შემდეგში: პ. ა-არმა 1994 წლის 6 აპრილს განიზრახა პირადი მოხმარების მიზნით უკანონოდ შეეძინა ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმი”. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი იმავე დღეს წავიდა ახალგორის რაიონის სოფ. ..., სადაც მისთვის უცნობი პირისაგან, პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმი” 1,8 გრამის ოდენობით, რაც ასევე უკანონოდ შეინახა და გადაზიდა საგზაო პოლიციის ნატახტრის საგუშაგოზე, სადაც იგი დააკავეს და მისგან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმი” 1,8 გრ. ოდენობით. ამ დანაშაულისათვის იგი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პირადი თავდებობა, რის შემდეგაც თავი აარიდა წინასწარ გამოძიებას და მიიმალა. ჩადენილი ჰქონდა რა აღნიშნული დანაშაული, პ. ა-რმა 1999 წლის აგვისტოს თვეში ქ. თბილისში, “მუხათგვერდის” სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკრიფა “კანაფის” მცენარის ფოთლები და მისი გამოშრობის შედეგად უკანონოდ დაამზადა ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, რომელსაც ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში. იმის გამო, რომ მისი ოჯახის წევრებს არ აღმოეჩინათ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე წლის თებერვლის თვეში შესანახად გადაიტანა თავისი მეგობრის ლ. ხ-ანის საცხოვრებელ ბინაში, რომელსაც პერიოდულად მოიხმარდა. 2000 წლის 29 თებერვალს იგი კვლავ მივიდა სტუმრად ხ-ანთან, რა დროსაც მას თან ჰქონდა წინა დღეებში ზემოაღნიშნული ბინიდან წამოღებული ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”. ვინაიდან მას ლ. ხ-ანი ბინაში არ დახვდა, გადაწყვიტა თავის საცხოვრებელ ბინაში დაბრუნება. ამ დროს იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა და პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” 8,10 გრ. ოდენობით, რაც მან დაამზადა, გადაზიდა და ინახღავდა გასაღების მიზნის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული პ. ა-არი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მოუხდელი სასჯელი შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: იგი პირველადაა სამართალში, კმაყოფაზე ჰყავს სამი შვილი, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა პ. ა-რმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ს-ძემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა გ. მ-ძემ კანონიერად მიიჩნია მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ პ. ა-რის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, როგორც მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, ასევე ამოღებული ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთებით, ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.
მსჯავრდებულ პ. ა-რის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო მისი პასუხისმგებლობის ყველა შემამსუბუქებელი გარემოება რაც მას გააჩნდა და რაც საკასაციო საჩივარშია მითითებული და ამის მიხედვით განუსაზღვრა სასჯელი.
საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით მეტისმეტი სიმკაცრის გამო, აშკარად უსამართლოა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ პ. ა-რის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აშკარად უსამართლოდ, როგორც მკაცრი, რადგან სსკ-ის 252-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ პ. ა-რის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 მარტის განაჩენი პ. ა-რის მიმართ დარჩეს უცვლელად.