დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 64აპ 7 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის მ. კ-ძისა და დაზარალებულ თ. ნ-იას საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 მარტის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 იანვრის განაჩენში ბ. ვ-შვილის მიმართ და ამ უკანასკნელს საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე განაჩენით დანიშნული სასჯელი – ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად სამი წლის გამოსაცდელი ვადით. ამასთან განაჩენიდან ამოირიცხა მითითება შრომითი საქმიანობის აკრძალვაზე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენით ბ. ვ-შვილი ცნობილი იყო დამნაშავედ საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1999 წლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მისჯილი ჰქონდა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე ორი წლით აეკრძალა საქმიანობის უფლება.
საკასაციო საჩივრები ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას მსჯავრდებულის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენების მიზანშეუწონლობის მოტივით.
აღწერილობითი ნაწილი :
ბ. ვ-შვილს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 1997 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე თერჯოლის რაიონის სოფ. სიქთარვაში, ცენტრალურ გზატკეცილზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მართავდა რა ავტომანქანა “ნივას”, იმ მომენტში როცა შემხვედრი მოძრაობის სატრანსპორტო საშუალების შუქმა თვალი მოჭრა, გამოიჩინა დანაშაულებრივი დაუდევრობა, დაარღვია მოძრაობის წესები, არ შეეცადა მანქანის სიჩქარის შენელებას და შეჩერებას, გადავიდა შემხვედრი მოძრაობის ზოლში, სადაც შეეჯახა საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტომანქანას “ვაზ-21061”, რის შედეგადაც შემხვედრი მანქანის მძღოლმა თ. ნ-იამ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, ხოლო მგზავრმა მ. ს-იამ – ნაკლებად მძიმე დაზიანება. ავტოავარიის შედეგად დაზიანდა ორივე მანქანა. მათ შორის თ. ნ-იას მანქანამ განიცადა 1561 ლარის ღირებულების ზიანი.
პროკურორის საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს იმ მოტივით, რომ მას ანაზღაურებული არა აქვს დაზარალებულზე მიყენებული ზარალი და მის მიერ ჩადენილი დანაშაული მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება.
დაზარალებული თ. ნ-იას საკასაციო საჩივარიც ასევე მიიჩნევს, რომ ვინაიდან მსჯავრდებულს ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად ზარალი არ აუნაზღაურებია, იგი დასჯილი უნდა იქნას კანონის მთელი სიმკაცრით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. მ-ძემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრების მოთხოვნას.
მსჯავრდებულის ადვოკატმა მ. ც-ძემ და მსჯავრდებულმა ბ. ვ-შვილმა ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება. ამასთან, პალატას აღუთქვეს, რომ დაზარალებულზე მიყენებული ზარალი აუცილებლად იქნება ანაზღაურებული შედარებით მოკლე დროში.
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და საკასაციო საჩივართა საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ კანონზე დაყრდნობით საკმაოდ დაასაბუთა მსჯავრდებულ ბ. ვ-შვილის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობა. ამასთან ერთად პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბ. ვ-შვილის მიერ გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გავიდა ოთხ წელზე მეტი დრო. ამ დროის განმავლობაში მას რაიმე სამართალგადაცდომა არ ჩაუდენია. დანაშაულს, რისთვისაც ის მსჯავრდებულია, პირველივე დღიდან გულწრფელად აღიარებს და ინანიებს. ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ მისი საბოლოო გამოსწორებისათვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. რაც შეეხება დაზარალებულისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა პირობა დადო, რომ ყველა ღონისძიებას მიიღებს უმოკლეს დროში მისი ანაზღაურებისათვის. პალატას მიაჩნია, რომ საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე მსჯავრდებული უფრო მოკლე დროში შეძლებს მისი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 568-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 მარტის განაჩენი ბ. ვ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო საჩივართა მოთხოვნა უარყოფილი იქნეს მათი უსაფუძვლობის გამო.