დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 161 15 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,მ. ისაევი
განიხილა აჭარის ა/რ პროკურორ დ. კ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 მარტის განჩინებაზე, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 5 თებერვლის დადგენილება ნ. გ-ძის მიმართ საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებისა და აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუსვლელობის ხელწერილით შეცვლის შესახებ დატოვებულ იქნა უცვლელად.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ნ. გ-ძეს ბრალი დაედო მასში, რომ იგი 2000 წლის 17 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გასამართლებული იყო რა ნარკოტიკულ საშუალებათა გასაღების გარეშე უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის და მისჯილი ჰქონდა 2 წლის ვადით გამასწორებელი სამუშაოები, უკვე ჩადენილი ჰქონდა რა საქართველოს სსკ-ის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული, 2000 წლის 30 ოქტომბერს, როდესაც თავისი ავტომანქანით “მერსედეს-ბენც-230” მოძრაობდა ქ. გორიდან ქ. ბათუმის მიმართულებით, გზაში უცნობი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, კუსტარული წესით დამზადებული მორფინის შემცველი “ჰეროინი”, რომელიც იმავე დღეს გადაზიდა ქ. ბათუმში. მის მიერ უკანონოდ შეძენილი ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალების გარკვეული ნაწილი მოიხმარა პირადად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 0,525 გრამი 2001 წლის 1 ნოებერს ამოუღეს ჩხრეკის დროს.
საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა რა პროკურორის შუამდგომლობა საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ, თავის დადგენილებაში მიუთითა, რომ განსასჯელ ნ. გ-ძის პირადი ჩხრეკა ჩატარებულია მოქმედი პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევით, რაც გამოიხატა იმაში, რომ 2000 წლის 1 ნოემბერს ნ. გ-ძე დაკავებულ იქნა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის ინსპექტორის მიერ ქ. ბათუმში, ენგელსისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში და წარმოდგენილ იქნა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, მაგრამ დამსწრე პირებმა ჯ. ხ-ძემ და კ. თ-ძემ არ დაადასტურეს ჩხრეკის ჩატარების კანონიერება.
წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით აჭარის ა/რ პროკურორი დ. კ-ძე ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილების – ნ. გ-ძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ნაწილში - გაუქმებას და წინასწარი გამოძიების მიერ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის ძალაში დატოვებას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. მ-ძემ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსასჯელ ნ. გ-ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების-პატიმრობის სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლისას არ დაურღვევია მოქმედი საპროცესო კანონის მოთხოვნა. სასამართლო უფლებამოსილი იყო, ნ. გ-ძის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებასთან ერთად, შეეცვალა მისთვის აღკვეთის ღონისძიება. ამ ეტაპზე არ მოიპოვება არავითარი საფუძველი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატამ დეტალურად გამოარკვია ნ. გ-ძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი და სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება მიაჩნია კანონიერად.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 მარტის განჩინება ნ. გ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.