დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.06.2001
საქმის ნომერი
2კ-52დად.-2001
დავის ტიპი
დადგენილება
თარიღი
28.06.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 52-დად 28 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა ნ. უ-ძის საკასაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ბოლნისის რაიონის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ ლ. გ-შვილის 2000 წლის 16 აგვისტოს დადგენილება შპს “მერკურის” თანამშრომლების მიმართ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

1998 წლის 18 თებერვალს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში რეგისტრირებულ იქნა შპს “მერკური”, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ტურისტული მოგზაურობების მოწყობა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელება, რაც კანონით არ არის აკრძალული.

1998 წლის 18 ოქტომბერს ნ. უ-ძესა და ქ. ბოლნისის კურორტებისა და ტურიზმის სააგენტო შპს “მერკურს” შორის გაფორმდა ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს “მერკური” ვალდებული იყო, ნ. უ-ძე თანხის გადახდიდან სამი კვირის ვადაში, სამუშაოდ გაეგზავნა ავსტრალიაში, ხოლო ნ. უ-ძე ვალდებული იყო, შეეტანა ეს თანხა. 1998 წლის 19 ოქტომბერს ნ. უ-ძემ შეასრულა თავისი ვალდებულება და ტურიზმის სააგენტო “მერკურის” სალაროში შეიტანა 3800 ამერიკული დოლარი, რაზეც გამოწერილ იქნა ქვითარი.

ფირმის წარმომადგენლებმა ვერ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება დათქმულ დროში. მათ გაუგრძელეს გამგზავრების ვადა ნ. უ-ძეს და დაამატებინეს 2300 ამერიკული დოლარი. მიუხედავად ამისა, შპს “მერკურმა” ვერ უზრუნველყო ნ. უ-ძის გამგზავრება.

ნ. უ-ძის სამოქალაქო სარჩელის საფუძველზე შპს “მერკურსა” და ნ. უ-ძეს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავა განიხილა ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ. სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ეს დავა ასევე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატამ. საბოლოო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. უ-ძის სასარჩელო მოთხოვნა და შპს “მერკურს” დაეკისრა ნ. უ-ძისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ არ მოხდა მისი აღსრულება. 2000 წლის ივლისის თვეში ნ. უ-ძემ საჩივრით მიმართა ბოლნისის რაიონის შს საგამოძიებო განყოფილებას, შპს “მერკურის” თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მათ თაღლითურად მიითვისეს მის მიერ შპს “მერკურში” შეტანილი თანხა.

ჩატარებული მოკვლევის შემდეგ ბოლნისის რაიონის საგამოძიებო განყოფილებამ, მითითებულ სასამართლო გადაწყვეტილებათა მხედველობაში მიღებით, დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. უ-ძესა და შპს “მერკურის” წევრებს შორის წამოჭრილი დავა განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რის თაობაზეც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც დღეისათვის კანონიერ ძალაშია და ჩათვალა, რომ არ არსებობს შპს “მერკურის” თანამშრომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი. ეს დადგენილება ბოლნისის რაიონის პროკურატურამ მიიჩნია კანონიერად, ხოლო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 10 ოქტომბრის დადგენილებით დატოვებულ იქნა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევის გამო, გაუქმდა ზემოთ მითითებული სასამართლოს დადგენილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნა მარნეულის რაიონულ სასამართლოს.

მარნეულის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 6 აპრილის დადგენილებით კვლავ უცვლელად დატოვა ბოლნისის რაიონის საგამოძიებო განყოფილების დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს მითითებული დადგენილების გაუქმებას და მასალების გადაგზავნას ბოლნისის რაიონის საგამოძიებო განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად, იმ საფუძვლით, რომ შპს “მერკურის” თანამშრომლებმა ნ. უ-ძეს მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით შეუქმნეს ცრუ რწმენა მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე და მოტყუებით შეატანინეს თანხა, თავდაპირველად 3800, შემდეგ კი 2300 ამერიკული დოლარის ოდენობით, საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე უთითებს, რომ საჩივრის ხელახალი სასამართლო განხილვისას უხეშად იქნა დარღვეული საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, სასამართლომ დაკითხა, შპს “მერკურის” თანამშრომლები მოწმის სახით.

კასატორის განმარტებით, არ იქნა საქმეზე დაკითხული შპს “ტრანსტურის” პრეზიდენტი ი. გ-ელი, რომელმაც თითქოსდა მიიღო შპს “მერკურის” მიერ ნ. უ-ძის თანხიდან გადარიცხული 2000 ამერიკული დოლარი.

შპს “მერკურის” დამფუძნებლებმა: ე. მ-იანმა, ა. რ-შვილმა, ც. ა-შვილმა სასამართლო სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიუთითეს, რომ ნ. უ-ძის ნდობა ბოროტად არ გამოუყენებიათ და არც თაღლითური გზით გამოურთმევიათ მისთვის 3800 ამერიკული დოლარი.

მათ დაადასტურეს ნ. უ-ძისაგან 3800 ამერიკული დოლარის მიღების ფაქტი, მაგრამ უარყვეს შემდგომში უ-ძის მიერ მათთვის დამატებით 2300 ამერიკული დოლარის გადაცემა და განმარტეს, რომ 2300 დოლარი, პირიქით, უკან დაუბრუნეს ნ. უ-ძეს.

მათივე განმარტებით, შპს “ტრანსტურთან” დადებული საშუამავლო ხელშეკრულების საფუძველზე ნ. უ-ძის მიერ შეტანილი თანხიდან 2000 დოლარი გადაურიცხეს “ტრანსტურს”.

პროკურორმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა არის სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათის, რაზეც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა კასატორს, ადვოკატ მ. ყ-შვილს, ნ. უ-ძეს, შპს “მერკურის” დამფუძნებლებს: ე. მ-იანს, კ. ს-შვილს, ც. ა-შვილს, პროკურორს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს “მერკური” 1998 წლის 18 თებერვალს ბოლნისის რაიონული სასამართლოს დადგენილებით იქნა რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ტურისტული მოგზაურობების მოწყობა, ასევე სხვა საქმიანობის განხორციელება, რაც კანონით არ არის აკრძალული.

შპს “მერკურმა” თავისი საქმიანობის პერიოდში საშუამავლო ხელშეკრულება დადო შპს “ტრანსტურთან”, ტურისტების მიწოდების თაობაზე. შპს “ტრანსტური” თავის მხრივ იღებდა ვალდებულებას, უზრუნველეყო ტურისტების გამგზავრება სამუშაო ვიზით სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - ავსტრალიაში.

აღნიშნულის საფუძველზე შპს “მერკურმა” ნ. უ-ძესთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ვალდებული იყო, ნ. უ-ძე გაეგზავნა ავსტრალიაში სამუშაოდ. ნ. უ-ძემ შპს-ის სალაროში შეიტანა 3800 ამერიკული დოლარი. მოგვიანებით კი შპს-ის დამფუძნებლებს გადასცა 2300 დოლარი, მაგრამ უშედეგოდ. შპს-მ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

ზემოთ მითითებული ხელშეკრულება გამორიცხავს შპს “მერკურის” დამფუძნებელთა განზრახვას, მოეტყუებინათ ნ. უ-ძე და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ მის ქონებას.

მართალია, შპს “მერკურმა” ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ვერ გააგზავნა ნ. უ-ძე სამუშაოდ ავსტრალიაში, მაგრამ აღნიშნული დავა მხარეთა შორის გადაწყვეტილ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რის თაობაზეც არსებობს საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, შპს “მერკურს” ნ. უ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ვალდებულების შეუსრულებლობით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მარნეულის რაიონულ სასამართლოს საჩივრის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონის მოთხოვნები:

სასამართლომ ჩათვალა, რომ საჩივრის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ პირთა დაკითხვას, რომელთა მიმართაც ნ. უ-ძე ითხოვდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, მოიწვია სასამართლო სხდომაზე და დაკითხა, რისი უფლებაც, სსსკ-ის 238-ე და 243-ე მუხლების საფუძველზე, გააჩნდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე; პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მარნეულის რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 243-ე, 561-ე მუხლის “ა” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 აპრილის დადგენილება ბოლნისის რაიონის საგამოძიებო განყოფილების 2000 წლის 16 აგვისტოს დადგენილების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელი.