დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.06.2001
საქმის ნომერი
2კ-53დად.-2001
დავის ტიპი
დადგენილება
თარიღი
19.06.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 53-დად 19 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ო. ა-იანის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 მარტის განაჩენზე, რომლითაც ო. ა-იანი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და შეეფარდა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, მასვე ორი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ო. ა-იანს განაჩენით მსჯავრი დაედო შემდეგისათვის: 2000 წლის 2 ივლისს, დაახლოებით 13 საათზე, ო. ა-იანი მართავდა მის კუთვნილ “ვაზ 2102” მარკის ავტომანქანას. იგი მიემართებოდა გორიდან ხაშურისაკენ. სოფელ ოსიაურის გადასახვევთან, დაახლოებით 40 მეტრის მანძილიდან, დაინახა გზის მარჯვენა მხარეს, ნაპირზე, გაჩერებული სამი მცირეწლოვანი ბავშვი, მისცა ხმოვანი სიგნალი, შეამცირა მოძრაობის სიჩქარე. იგი იმედოვნებდა, რომ საფრთხე არ წარმოიქმნებოდა და განაგრძო მოძრაობა. მაგრამ, როდესაც ავტომანქანა ბავშვებისაგან 4-5 მეტრით იყო დაშორებული, ამ დროს მცირეწლოვანი ზ. მ-შვილი გზის ნაპირიდან ქუჩის გადასაკვეთად სირბილით გამოიქცა, რა დროსაც მას შეეჯახა ა-იანის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა წინა მარჯვენა კუთხით. უგონო მდგომარეობაში მყოფი მ-შვილი ა-იანმა გადაიყვანა ხაშურის რკინიგზის საავადმყოფოში, აღმოჩენილი დახმარების მიუხედავად, მ-შვილი სამი საათის შემდეგ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და ო. ა-იანის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

კასატორს უკანონოდ მიაჩნია ო. ა-იანის მსჯავრდება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, იმის გამო, რომ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადგენილი ზ. მ-შვილის გარდაცვალების მიზეზი. ასევე მიაჩნია, რომ ო. ა-იანს არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რაც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს. ამ მუხლის პირველი ნაწილი, კასატორის მითითებით, არ მოითხოვს მძღოლისაგან ბავშვების დანახვისას მოძრაობის შეწყვეტას, იგი მძღოლს ავალებს, რომ უმეთვალყურეოდ გზაზე გაჩერებული ბავშვების დანახვისას შეამციროს სიჩქარე, რაც ა-იანმა განახორციელა.

კასატორის განმარტებით, ბავშვების დანახვისას და მათთან მიახლოებისას ო. ა-იანმა მისცა ხმოვანი სიგნალი და შეანელა ავტომანქანის სიჩქარე. რეალური საფრთხე კი წარმოიშვა მას შემდეგ, როდესაც მ-შვილი სირბილით შეეცადა გზის გადაკვეთას, რა დროსაც ავტომანქანა ბავშვებისაგან 4-5 მეტრით იყო დაშორებული, ეს მანძილი კი უკვე საკმარისი არ იყო ავტომანქანის შესაჩერებლად და შედეგის თავიდან ასაცილებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს ო. ა-იანის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

მსჯავრდებულმა ო. ა-იანმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა საკასაციო საჩივრის ავტორს, მსჯავრდებულ ო. ა-იანს, პროკურორს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

ო. ა-იანის ბრალეულობა მთლიანად არის დადასტურებული საქმეზე არსებული მასალებით: კერძოდ, წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას მიცემული მისი ჩვენებებით; მოწმეების რ. ც-შვილის, მ. ჩ-შვილის, არასრულწლოვან მოწმეების ბ. მ-შვილის, გ. მ-შვილის დაკითხვის ოქმებით; ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 29-ე მუხლის I-ლი პუნქტის შესაბამისად, მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მძღოლი იღებს შესაძლო ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების ჩათვლით; ო. ა-იანმა დაარღვია ამ კანონის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის დაცვის შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

ექსპერტ ი. მ-ის წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ ა-იანმა, მართალია, ბავშვების დანახვისას შეანელა სიჩქარე, მაგრამ ჰქონდა სხვაგვარი მოქმედების ვალდებულება, კერძოდ, ბავშვების შემჩნევის მომენტიდან უკვე წარმოიშვა რა საფრთხე, მას უნდა მიეღო ზომები მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად სატრანსპოტო საშუალების სრულ გაჩერებამდე, რაც ა-იანს არ გაუკეთებია და რითაც დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 29-ე მუხლის I პუნქტის მოთხოვნა.

სააპელაციო პალატამ ა-იანს სასჯელი განუსზღვრა მის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათის და ბრალის ხარისხის გათვალისწინებით, ასევე მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ განაჩენი კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “ა” პუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.