დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.10.2001
საქმის ნომერი
2კ-51კოლ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.10.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 51-კოლ 2 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. კობახიძე

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ყ-შვილის ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ბ-იას საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 18 მაისის განაჩენზე, რომლითაც ზ. ყ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის I, VII პუნქტებით (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი) 179-ე მუხლის II პუნქტის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით და საბოლოოდ შეეფარდა 15 (თხუთმეტი) წლით თ/აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ყ-შვილს წ/გამოძიებაში ბრალად შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I და V ქვეპუნქტებით და 104-ე მუხლის I და VII პუნქტებით (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

ზ. ყ-შვილი განაჩენით მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის:

1994 წლის ოქტომბერში ზ. ყ-შვილი სოფ. ... შეხვდა თავის მეგობარ გ. ა-ევს. მან გ. ა-ევს უთხრა, რომ ამავე სოფელში მცხოვრებ გ. ღ-შვილს ჰქონდა ფული და ძვირფასეულობა, თან გაანდო თავისი განზრახვა ყაჩაღური თავდასხმის გზით გაეტაცათ მისი ქონება, ა. დათანხმდა. მოილაპარაკეს, სტუმრად სწვეოდნენ გ. ღ-შვილს, დაეთროთ იგი, შემდეგ დასხმოდნენ თავს და დაუფლებოდნენ მის ქონებას.

1994 წლის 22 ოქტომბერს, ზ. ყ-შვილის მითითებით, გ. ა-ევმა სოფ. ... მცხოვრებ ა. შ-შვილისგან შეიძინა ორი ბოთლი შამპანური და შეთანხმებისამებრ საღამოს, დაახლოებით 8 საათზე, ორივე ესტუმრა გ. ღ-შვილს. ამ უკანასკნელმა სუფრა გაუშალა მათ, ვინაიდან კარგად იცნობდა ზ. ყ-შვილს. სუფრაზე მათ დალიეს ღვინო და შამპანური. ქეიფის დროს მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ. ა-ევმა, ზ. ყ-შვილის მითითებით, გ. ღ-შვილს თავში, გონების დაკარგვის მიზნით, ჩაარტყა შამპანურის გაუხსნელი ბოთლი, გ. ღ-შვილს გრძნობა არ დაუკარგავს და ზ. ყ-შვილს დაუწყო სიტყვიერი ჩხუბი, თუ რატომ მოიყვანა მასთან გ. ა-ევი. აღნიშნულის შემდეგ ქონების დაუფლების გაადვილებისა და დანაშაულის დაფარვის მიზნით, ზ. ყ-შვილმა და გ. ა-ევმა გადაწყვიტეს მოეკლათ გ. ღ-შვილი. ზ. ყ-შვილმა ხელები ყელში წაუჭირა, წააქცია იატაკზე, მაგიდიდან აიღო სამზარეულოს დანა და რამდენჯერმე დაარტყა ყელის და კისრის არეში. ვინაიდან გ. ღ-შვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ზ. ყ-შვილმა გ. ა-ევს უთხრა, ეზოდან შემოეტანა რაიმე მკვრივი საგანი და თავში ჩაერტყა. გ. ა-ევმა მეორე სართულზე ასასვლელი კიბის ქვეშ იპოვა სატვირთო ავტომანქანის ლითონის ნახევარღერძი, შეიტანა ოთახში და მისცა ზ. ყ-შვილს, რომელმაც თავის არეში ჩაარტყა. გ. ღ-შვილი მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ზ. ყ-შვილმა რკინის ღერძი უკან დაუბრუნა გ. ა-ევს და უთხრა, მასაც ჩაერტყა. გ. ა-ევმა ნახა, რომ გ. ღ-შვილი უკვე მკვდარი იყო, აღარ დაურტყამს და ღერძი გვამთან დააგდო.

ჩხუბსა და ყვირილზე გვერდით ოთახიდან გამოვიდა გ. ღ-შვილის ღრმად მოხუცებული ბებიის ქ. ღ-შვილის მომვლელი ქალი თ. თ-შვილი, რომელმაც შეიხედა გ. ღ-შვილის ოთახში, სადაც დაინახა ზ. ყ-შვილი და გ. ა-ევი. ზ. ყ-შვილმა მას მუშტი დაარტყა მარცხენა თვალბუდის არეში და მუქარით უთხრა, იქიდან წასულიყო. შეშინებული თ. თ-შვილი შევიდა ქ. ღ-შვილის ოთახში, რის შემდეგაც ზ. ყ-შვილმა და გ. ა-ევმა მათ კარები თოკით ჩაუკეტეს. გ. ღ-შვილის განზრახ მკვლელობის შემდეგ, ზ. ყ-შვილმა და გ. ა-ევმა მისი სახლიდან გაიტაცეს 2 ცალი ლითონის უთვლო ბეჭედი, ღირებული თითო 5 ლარად, ორი ბოთლი კონიაკი, თითო ღირებული 15 ლარად, 2 წყვილი წინდა, თითოეული ღირებული 5 ლარად, მამაკაცის პერანგი, ღირებული 20 ლარად, ბრეზენტის ჩანთა, ღირებული 5 ლარად, სულ 75 ლარის ქონება. ვინაიდან გატაცებული ქონება არ იყო მნიშვნელოვანი ღირებულების, ისინი გზაზე გადაყარეს.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ზ. ყ-შვილის მიმართ საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები, რაც შეიძლებოდა ზ. ყ-შვილის მსჯავრდების საფუძველი გამხდარიყო.

კასატორის განმარტებით, განაჩენი, ძირითადად, ეფუძნება გ. ა-ევის აღიარებით ჩვენებებს, რომელიც თავდაპირველად დაკავებულ იქნა ქურდობის ფაქტზე და მან, ისე, რომ არავინ არაფერს ედავებოდა აღიარა გ. ღ-შვილის მკვლელობის ჩადენა ზ. ყ-შვილთან ერთად.

კასატორის მითითებით, საქმეში, გარდა გ. ა-ევის აღიარებითი ჩვენებისა, ზ. ყ-შვილის მამხილებელი რაიმე მტკიცებულება არ არსებობს, აღნიშნულით კი დარღვეულ იქნა საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის მოთხოვნა, ბრალდებულის აღიარება საკმარისი არ არის დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებს, კერძოდ, გ. ა-ევის მეუღლის ც. ტ-შვილის წ/გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს, რომ მისთვის ცნობილი იყო გ. ა-ევისაგან, რომ ზ. ყ-შვილმა მოკლა გ. ღ-შვილი, რაც შემდგომში უკვე მოწმემ უარყო.

კასატორის განმარტებით, არასწორი შეფასება მიეცა ზ. ყ-შვილის რუსეთში წასვლის მიზეზს. კასატორის მითითებით სასამართლო კოლეგიის მიერ დარღვეულ იქნა სსსკ-ის 95-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, არ შეიძლება დაიკითხოს ბრალდებულის ადვოკატი, იმ გარემოებების შესახებ, რაც მისთვის ცნობილი გახდა მისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, რაც უხეშად იქნა დარღვეული. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაიკითხა ზ. ყ-შვილის ადვოკატი, რომელიც ზ. ყ-შვილის და გ. ა-ევის დაპირისპირებას ესწრებოდა და რომლის ჩვენებაც ზ. ყ-შვილის საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული.

კასატორის განმარტებით, დარღვეულ იქნა სსსკ-ის 539-ე მუხლის მოთხოვნები. არ არის დადგენილი მკვლელობის მოტივი; ზ. ყ-შვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

მსჯავრდებული ზ. ყ-შვილი მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა შესაგებლით ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას, რამეთუ იგი ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერია.

დაზარალებული მ. ღ-შვილი შესაგებლით ითხოვს განაჩენის ძალაში დატოვებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და განაჩენი კანონიერია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა კასატორებს, მსჯავრდებულ ზ. ყ-შვილს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მ. ბ-იას, დაზარალებულ მ. ღ-შვილს, პროკურორ ე. ქარჩავას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ 1994 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს 8 საათიდან, გ. ღ-შვილის მკვლელობის დღეს მსჯავრდებული ზ. ყ-შვილი მსჯავრდებულ გ. ა-ევთან ერთად იმყოფებოდა გ. ღ-შვილის ბინაში. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მათ გ. ღ-შვილთან მიიტანეს ორი ბოთლი შამპანური რაც გ. ა-ევმა შეიძინა ა. შ-შვილისაგან. აწ გარდაცვლილმა მათ სუფრა გაუშალა. მართალია, ზემოაღნიშნული ფაქტები თვით მსჯავრდებულმა ზ. ყ-შვილმაც დაადასტურა მის მიერ როგორც წინასწარი ასევე სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით, მაგრამ მან უარყო გ. ა-ევთან ერთად გ. ღ-შვილზე ყაჩაღური თავდასხმა და მისი განზრახ მკვლელობა და მიუთითა, რომ მას სუფრაზე სასმელი არ დაულევია, ხოლო მას შემდეგ, რაც გ. ღ-შვილმა და გ. ა-ევმა აზერბაიჯანულ ენაზე დაიწყეს ერთმანეთთან საუბარი, თვითონ ეზოში ტუალეტში გავიდა, საიდანაც 15 წუთის შემდეგ დაბრუნდა და გ. ღ-შვილი უკვე მოკლული დახვდა, გ. ა-ევი კი გვერდითი ოთახის კარს თოკით აბამდა, საიდანაც ქალის ხმა ისმოდა. ამის დანახვაზე წამოვიდა შემთხვევის ადგილიდან.

სასამართლო კოლეგიამ სწორად არ გაიზიარა მსჯავრდებულ ზ. ყ-შვილის ჩვენების ეს ნაწილი; დამაჯერებლობას მოკლებულია ზ. ყ-შვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და დაახლოებით 15 წუთში, იმ პერიოდში, როდესაც იგი იყო ტუალეტში, მოკლულ იქნა მ. ღ-შვილი.

ზ. ყ-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია ამ მკვლელობისათვის მსჯავრდებულ გ. ა-ევის როგორც წინასწარ, ასევე სასამართლო გამოძიებისას მიცემული არაერთი აღიარებითი ჩვენებებით, სადაც იგი დეტალურად აღწერს იმ მოქმედებებს, რაც განახორციელეს მან და მ. ყ-შვილმა მ. ღ-შვილის მკვლელობისას. კერძოდ, თუ როგორ ჩაარტყა თვითონ, ზ. ყ-შვილის მითითებით, შამპანურის ბოთლი თავში მ. ღ-შვილს, რომელიც არ გაითიშა და დაიწყო სიტყვიერი ჩხუბი, ამის შემდეგ, თუ როგორ წაუჭირა ყელში მ. ღ-შვილს ხელი ზ. ყ-შვილმა და რამდენჯერმე დაარტყა ყელისა და კისრის არეში დანა, შემდგომ კი როგორ შემოიტანა, ზ. ყ-შვილის მითითებით, სატვირთო ა/მანქანის ნახევარღერძი და როგორ დაარტყა იგი ზ. ყ-შვილმა თავის არეში გ. ღ-შვილს, ამ უკანასკნელის მკვლელობის შემდეგ როგორ გაიტაცეს ბინიდან სხვადასხვა ნივთი, რაც შემდეგ გზაში გადაყარეს, რადგან უმნიშვნელო იყო.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ა-ევის აღიარებით ჩვენებებს, რაც სისხლის სამართლებრივი საპროცესო კანონმდებლობის მე-19 მუხლის დარღვევაა, რამეთუ ბრალდებულის აღიარება საკმარისი არ არის დანაშაულის შესახებ დასკვნისათვის, იგი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

ზ. ყ-შვილის მიერ დანაშაულის ჩადენა დადგენილია მოწმე თ. თ-შვილის ჩვენებებით. თ. თ-შვილი იყო აწ. გარდაცვლილის ბებიის მომვლელი და ცხოვრობდა მათთან სახეში,Mთ. თ-შვილმა მის ჩვენებებში არაერთხელ დაადასტურა, რომ შემთხვევის ღამეს ზ. ღ-შვილის ოთახიდან შემოესმა მისი ყვირილი, რომელიც მრავლობით რიცხვში ამბობდა “რისთვის მკლავო, რა დაგიშავეთო”, ყვირილზე გ. ღ-შვილის ოთახში შეიხედა და დაინახა მისთვის უცნობი ორი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთ-ერთმა მუშტი დაარტყა მარცხენა თვალში და აიძულა შესულიყო თავის ოთახში. შეშინებულს გარეთ აღარ გამოუხედავს დილამდე, ღამე მეორე სართულზე მდებარე ოთახებიდან ესმოდა ნაბიჯების ხმა. დილით ნახა კარი გარედან იყო დაკეტილი.

თ. თ-შვილის ჩვენება რომ სარწმუნოა ეს დადგენილია ასევე საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც თ. თ-შვილს მარცხენა თვალბუდის არეში აღენიშნება სისხლჩაქცევები, რაც გამოწვეულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეს დაზიანება მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და ხანდაზმულობით შეესაბამება მ. ღ-შვილის მკვლელობის თარიღს.

საქმის ერთობლივი მასალებით დადგენილია რა რომ შემთხვევის ღამეს გ. ღ-შვილთან იმყოფებოდნენ ზ. ყ-შვილი და გ. ა-ევი, იმ ღამეს მათ გარდა იქ არავინ ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გ. ა-ევის და თ. თ-შვილის ჩვენებების რეალობას.

გ. ა-ევის ჩვენებათა სარწმუნოობა დადგენილია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საიდანაც ამოღებული იქნა გვამთან ახლოს დაგდებული ავტომანქანის რკინის ღერძი, სისხლისმაგვარი ლაქებით, აასევე შამპანურის ბოთლის ნამსხვრევები, რაც ასევე ადასტურებს თვით ზ. ყ-შვილის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი აღწერს იმავე ვითარებას და გარემოებებს, რაც დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით.

გ. ა-ევის ჩვენებათა რეალობა ასევე დადგენილია გ. ღ-შვილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადც მას კეფის არეში, თხემის არეში, კისრის წინა ზედაპირზე, შუბლის არეში, მარჯვენა წარბის არეში, აღენიშნება მრავლობითი სხვადასხვა სახის ჭრილობები, მასვე აღენიშნება მრავლობითი ნაჭდევები ლოყის არეში, მარჯვენა თვალბუდის არეში სისხლჩაქცევა;

თავის არეში დაჟეჟილი ჭრილობები ქალა სარქველისა და ფუძის ძვლის მოტეხილობით მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს.

კისრის არეში არსებული ნაკვეთი ჭრილობები მიყენებულია რაიმე ბასრი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დააზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ხოლო სხეულზე არსებული სხვა ჭრილობები, სისხლჩაქცევები და ნაჭდევები, მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს. ხანდაზმულობით შეესაბამება გ. ღ-შვილის მკვლელობის თარიღს. გ. ღ-შვილს სხეულზე არსებული ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია და მიყენებულია სხვადასხვა თანმიმდევრობით.

ექსპერტიზის ამ დასკვნით კიდევ ერთხელ დგინდება რეალობა იმისა, რომ გ. ღ-შვილს ა-ევმა ჯერ ჩაარტყა შამპანურის ბოთლი თავში, რამაც ეს უკანასკნელი არ გათიშა, შემდეგ კი ზ. ყ-შვილმა მას კისრის არეში მიაყენა დანით დაზიანებანი, რის შედეგადაც ის კიდევ ცოცხალი იყო, რადგან როგორც დასკვნიდან ირკვევა, ეს დაზიანებანი მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, მას შემდეგ რაც გ. ა-ევმა ზ. ყ-შვილის მითითებით შემოიტანა და ზ. ყ-შვილმა თავში ჩაარტყა გ. ღ-შვილს სატვირთო ა/მანქანის ლითონის ნახევარღერძი, ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზევე მოკვდა.

ამგვარად, ზემოთ მითითებული და საქმეში არსებული სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან გამომდინარეობს სასამართლო კოლეგიის დასკვნა ზ. ყ-შვილის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

სასამართლო კოლეგიამ სწორად არ გაიზიარა მ. ა-ევის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება იმ ნაწილში, სადაც მან მხოლოდ საკუთარ თავზე აიღო გ. ღ-შვილის მკვლელობა და უარყო ზ. ყ-შვილის მონაწილეობა მკვლელობაში.

სასამართლო კოლეგიის აღნიშნული დასკვნა ეფუძნება ასევე მთელ რიგ მტკიცებულებებს. გ. ა-ევმა მხოლოდ ბოლო სასამართლო სხდომაზე შეცვალა მის მიერ მისი ბრალდების საქმეზე წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას და ასევე ზ. ყ-შვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წ/გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, სადაც იგი ფაქტიურად ადასტურებდა ზ. ყ-შვილთან ერთად მის მიერ დანაშაულის ჩადენას.

გ. ა-ევი წინასწარ გამოძიებაში დაუპირისპირდა ზ. ყ-შვილს და კიდევ ერთხელ თანმიმდევრულად აღწერა თუ როგორ ჩაიდინეს მათ გ. ღ-შვილის მკვლელობა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ზ. ყ-შვილთან ამ დაპირისპირების შემდეგ მსჯავრდებული გ. ა-ევი ქ. თბილისის ¹1 საპყრობილეში 2000 წლის სექტემბერ-დეკემბერში ექვსჯერ ინახულეს ზ. ყ-შვილის ახლობლებმა, კერძოდ ძმამ ზ. ყ-შვილმა, ბიძამ ტ. ნ-შვილმა და დედამ დ. ნ-შვილმა, სასამართლო სხდომაზე ამ პირებმა გ. ა-ევის საპყრობილეში მონახულება დაადასტურეს და ახსნეს იმით, რომ სურდათ გაეგოთ სიმართლე ნამდვილად ზ. ყ-შვილის ჩადენილი იყო თუ არა ეს დანაშაული. დამაჯერებლობას მოკლებულია ამ პირთა ჩვენება იმ ნაწილში, რომ მათ გ. ა-ევი მოინახულეს სიმართლის დასადგენად, რადგან ამ საკითხის გარკვევა არ მოითხოვდა გ. ა-ევთან ზ. ყ-შვილის ოჯახის სხვადასხვა წევრთა ექვსჯერ შეხვედრის საჭიროებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას სწორად მიაჩნია სასამართლო კოლეგიის დასკვნა იმის თაობაზე, რომ გ. ა-ევმა სასამართლო სხდომაზე ჩვენება ზ. ყ-შვილის სასარგებლოდ შეცვალა მასზე ამ პირთა ზემოქმედების შედეგად.

პალატა თვლის, რომ განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 18 მაისის განაჩენი ზ. ყ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელი.