განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 205 12 იანვარი, 2000 წელიქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გ. ლილუაშვილი
წევრები: გ. ხაბულიანი
თ. ყრუაშვილი
სხდომის მდივანი: ე. ბერიძე სხდომაში მონაწილეობდნენ: პროკურორი: თ. ებრალიძე მსჯავრდებული: ლ. შ.
მსჯავრდებულის ადვოკატი: გ. შალამბერიძე
განიხილა მსჯავრდებულ ლ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. შ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც დამნაშავედ სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელთა აღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ამავე განაჩენით მსჯავრდებულია მ. ს., რომლიც განაჩენს არ ასაჩივრებს. პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს წევრის თ. ყრუაშვილის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენით ლ. შ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი ქმედობის ჩადენისათვის:
1999 წლის 25 მარტს, დაახლოებით 19 საათზე, ქ. ქუთაისში განთავსებულ წყლის სარელიზაციო ჯიხურში ამავე განაჩენით მსჯავრდებულმა მ. ს-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯიხურის მფლობელს ა. ბ-ს. ამის შემდეგ დაუკავშირდა მისივე უბნელ შ. წ-ს და გამოძიებით დაუდგენელ მესამე პირს. ა. ბ. გამოიყვანეს ჯიხურიდან და ხელებითა და ფეხებით ცემეს. ამასთან, მ. ს-მ თანქონებული დანა გულმკერდის და ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა ა. ბ-ს, რითაც მიაყენა მას სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ა. ბ. გადარჩა, მ. ს. კი თანხმლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
ლ. შ-ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მ. ს-თან.
1999 წლის 5 ივნისს, 07 საათსა და 10 წუთზე ქუთაისის -- სამმართველოს ¹ -- პოლიციის განყოფილების მუშაკები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადნენ ლ. შ-ის სახლში მ. ს-ს დაკავების მიზნით და გადაამოწმეს აღნიშნული მონაცემები. ვინაიდან მ. ს. იქ არ აღმოჩნდა, შედგა სათანადო ოქმი, რა დროსაც ლ. შ-ს განემარტა, რომ მ. ს. იძებნებოდა მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის.
1999 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 19 საათზე, ლ. შ. მეგობარ დ. ა-სთან ერთად
თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა დავით აღმაშენებლის გამზირზე, რა დროსაც შენიშნა მ. ს. და ჩაისვა ავტომანქანაში (იცოდა, რომ მ. ს. იძებნებოდა), მან შეხვედრის აღსანიშნავად იქვე სასურსათო მაღაზიაში შეიძინა რამდენიმე ბოთლი არაყი. მანქანა გზის პირას გააჩერეს და სმა დაიწყეს. ამ დროს მათთან მივიდნენ პოლიციის მუშაკები: გ. ბ. და რ. დ., გ. ბ-ს კითხვაზე, თუ ვინ ეჯდა მანქანაში, ლ. შ-მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო მ. ს-ს მიერ მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი და ისიც, რომ მის მიმართ ძებნა იყო გამოცხადებული, შეგნებულად დაფარა მისი ვინაობა და უპასუხა, რომ ის მისი ბიძაშვილი იყო.
მიუხედავად ამისა, პოლიციის მუშაკებმა, რომლებიც გარეგნულად იცნობდნენ მ. ს-ს, იგი პოლიციის განყოფილებაში წარადგინეს.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ლ. შ-ის ინტერესების დამცველი მოითხოვს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტას.
პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, მოისმინა მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის განმარტება, მოუსმინა პროკურორს, რომელმაც წარმოდგენილ საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის მოტივთა საფუძვლიანობა, განაჩენის კანონიერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიება ჩატარებულია არასრულად. არ არის აღმოფხვრილი მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობა, არ არის გამოკვლეული მთელი რიგი ისეთი გარემოებები, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე შეუძლებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება და რომელთა მოპოვებაც სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს სცილდება.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი ლ. შ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე დაბრუნდეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საბრალდებო დასკვნას და განაჩენს დადგენილად მიაჩნია, რომ გ. ბ-ს კითხვაზე _ ვინა ხართო, მ. ს-მ უპასუხა: _ გვარად შ. და ლ. შ-ის ბიძაშვილი ვარო, რაც დაუდასტურა კიდეც ამ უკანასკნელმა.
მოწმე რ. დ-მ აჩვენა, რომ გაჩერებული მანქანიდან გადმოვიდა ერთი პიროვნება და მათკენ წამოვიდა. გ. ბ-მ ჰკითხა, თუ ვინ ეჯდა მანქანაში და იმავდროულად ჩაიხედა მანქანის სალონში.
დამატებითი გამოძიებით უნდა გაირკვეს, სად იდგა ამ საუბრის დროს ლ. შ. პოლიციელების დანახვისას გადმოვიდა თუ არა ის მანქანიდან; გ. ბ. მანქანასთან მივიდა და ისე ჰკითხა მ. ს-ს ვინაობა, თუ ადგილიდან დაუძახა; სად იყვნენ ამ დროს თვით მ. ს. და რ. დ.; მათ შორის საუბრის დამთავრებისას ლ. შ. ადგილზე დარჩა თუ ავტომანქანაში ჩაჯდა.
აღნიშნულ გარემოებათა გარკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ვერსიის დადასტურებისა თუ გაბათილებისათვის, უთხრა თუ არა მ. ს-მ გ. ბ-ს, გვარად შ. ვარო, ეს დაადასტურა ლ. შ-მაც.
მოწმის სახით დაკითხულმა გ. ბ-მ აჩვენა: როდესაც დაინახა გაჩერებული ავტომანქანა, უეცრად გაახსენდა, რომ "ის ლ. შ-ის უნდა ყოფილიყო, რომლითაც, მისივე ინფორმაციით, გადაადგილებას ახდენდა ძებნილი მ. ს." (ტ. 1. ს. ფ. 168).
დამატებითი გამოძიებით უნდა გაირკვეს, გ. ბ-ს საერთოდ ჰქონდა ინფორმაცია ლ. შ-ის მანქანით მ. ს-ის მგზავრობის შესახებ თუ იმ დღეს მიღებული ინფორმაციით იცოდა, რომ ამ მანქანით მ. ს. მოძრაობდა.
მოწმე ასევე აჩვენებს, რომ, როდესაც მანქანისაკენ წავიდა, შიგნით მჯდომ ორ პიროვნებაში შეიცნო შარვაშიძე, რომელსაც სურათით იცნობდა.
საჭიროა აღმოიფხვრას წინააღმდეგობა. კერძოდ, რომელია სწორი: გ. ბ-მ თავიდანვე იცოდა, რომ მანქანით მ. ს. მოძრაობდა, თუ ერთ-ერთ პიროვნებაში შეიცნო მისი პიროვნება.
დამატებითი გამოძიების დროს ლ. შ-ის დეტალური დაკითხვით უნდა გაირკვეს, მანქანაში იყო თუ არა საუბარი იმის შესახებ, მ. ს-ს მოგვარებული ჰქონდა საქმე დაზარალებულთან და მას აღარ ეძებდნენ. ამ საკითხის დასაზუსტებლად, ასევე კრიტიკულად უნდა დაიკითხოს მოწმე დ. ა. გაირკვეს, რა დროის განმავლობაში იყო იგი მანქანიდან გადასული. საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მისი დაპირისპირება გ. ბ-სა და რ. დ-თან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით უნდა იქნეს გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები. კრიტიკულად შეფასდეს მსჯავრდებულის ჩვენებები იმის შესახებ, რომ 26 ივნისს ქ. ქუთაისში, იმ კონკრეტულ ვითარებაში, ძებნილ პირს ავტომანქანაში არ ჩაისვამდა. ასევე, კრიტიკულად შეფასდეს მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულებებს მიეცეთ სწორი სამართლებრივი შეფასება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა გაზიარებულ იქნეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 11 ნოემბრის განაჩენი ლ. შ-ის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.