შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 12.01.2000
საქმის ნომერი
2კ-214კოლ.-00
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.01.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 214 12 იანვარი, 2000 წელი ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გ. ბორჩხაძე

წევრები: მ. ისაევი

გ. ხაბულიანი

სხდომის მდივანი ე. ბერიძე

სხდომაში მონაწილეობდნენ:

პროკურორი: ბ. მ-ძე, მსჯავრდებულები: მ. ბ. და კ. ა.

განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 10 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც მ. ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტებით, 104-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულობათა ჩადენაში და სასჯელთა ერთობლიობით მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

იმავე განაჩენით და იმავე კვალიფიკაციით დამნაშავედ არის ცნობილი კ. ა., მისჯილი აქვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. განაჩენი კ. ა-ს მიმართ გასაჩივრებული არ არის.

პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს წევრის გ. ბორჩხაძის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

სასამართლოს განაჩენით მ. ბ-ს და კ. ა-ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ ისინი ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ რა ერთმანეთთან, განიზრახეს მოქალაქე მ. ტ-ას ქონების გატაცება ყაჩაღური თავდასხმით. 1995 წლის 6 ნოემბერს მათ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მივიდნენ ქ. თბილისში მ. ტ-ას ბინაში, სადაც ეს უკანასკნელი მარტოდ იმყოფებოდა და ყაჩაღური გზით შეეცადნენ მისი ქონების გატაცებას. მ. ტ-ამ ატეხა ყვირილი, რათა საშველად ეხმო მეზობლები, მაგრამ კ. ა-მ და მ. ბ-მ ძალადობის გამოყენებით შეუკრეს ხელები და ყელზე ნაჭრის შემოხვევით სცადეს მისი დახრჩობა, რათა გაეადვილებინათ ყაჩაღობის ჩადენა. მიუხედავად ამისა, მ. ტ-ამ მათ გაუწია წინააღმდეგობა, რის გამოც იგი წააქციეს და ხელ-ფეხით დაუწყეს ცემა. საცემად გამოიყენეს ასევე სხვადასხვა საგნები, რითაც მიიღო თავის ტვინის ტრავმა და ქალას ღრუში განვითარებული სისხლჩაქცევის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ამის შემდეგ მ. ბ-მ და კ. ა-მ შეაგროვეს და გაიტაცეს მ. ტ-ას კუთვნილი 1020 ლარის ღირებულების პირადი ნივთები.

მ. ბ-ს არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიების დროს თავი დამნაშავედ არ უცვნია. საკასაციო საჩივარი ითხოვს მ. ბ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და ობიექტური დამატებითი გამოძიების ჩატარებას.

სასამართლო პალატამ მოუსმინა რა მსჯავრდებულებს: მ. ბ-ს და კ. ა-ს, რომელთაგან მ. ბ. თავს არ ცნობს დამნაშავედ, ხოლო კ. ა. თავს დამნაშავედ ცნობს მხოლოდ მასში, რომ ურთიერთკამათისა და ჩხუბის დროს შემოაკვდა მ. ტ., აგრეთვე, პროკურორს, რომელიც მხარს უჭერს განაჩენის უცვლელად დატოვებას, გამოიკვლია საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის მოტივები, შეისწავლა განაჩენის კანონიერება, მიიჩნევს, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე ორთავე მსჯავრდებულის მიმართ უნდა შეიცვალოს, ხოლო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენში სწორად არის მითითებული იმის თაობაზე, რომ მ. ტ. ნამდვილად კ. ა-მ და მ. ბ-მ მოკლეს თანააღმსრულებლობით, მაგრამ არც წინასწარ გამოძიებას და არც სასამართლოს უტყუარად არ დაუდგენიათ ჩადენილი განზრახი მკვლელობის მოტივი. გამოძიებისა და განაჩენის მიერ მსჯავრდებულებზე შერაცხული ის მოტივი, რომ მათ მ. ტ-ას მკვლელობა ჩაიდინეს

ანგარებითა და ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, მხოლოდ მოსაზრებაა და საქმის მასალებით უდავო დადასტურებას ვერ პოულობს. არც ერთ ჩვენებაში, არც მ. ბ-ს და არც კ. ა-ს არ უღიარებიათ, რომ მათ განზრახული ჰქონდათ ყაჩაღობის ჩადენა ან მკვლელობის შემდეგ გაიტაცეს რაიმე ნივთი. განაჩენი კი ძირითადად მათ ჩვენებებზე არის აგებული. გამოძიების მიერ ნაპოვნი და ამოღებული არ არის მ. ტ-ას ბინიდან დაკარგულად მიჩნეული რაიმე ნივთი ან საგანი. გამოძიებისა და სასამართლოს მიერ დაკითხული ვერც ერთი მოწმე ვერ მიუთითებს, რომ მათ მ. ბ-მ ან კ. ა-მ უთხრა ნივთების გატაცების შესახებ, ან მათ ხელში შენიშნეს ეს ნივთები. მ. ბ. წინასწარი გამოძიების, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლო და საკასაციო განხილვების დროს თანმიმდევრულად და ცალსახად აჩვენებს, რომ მათ აწ გარდაცვლილ მ. ტ-სთან კამათი და ჩხუბი მოუხდათ ბავშვის საკითხთან დაკავშირებით. ასეთივე ჩვენებები აქვს მიცემული კ. ა-საც. საქმის ერთობლივი მასალებიც იმაზე მეტყველებს, რომ მ. ბ-ს მ. ტ-საგან ნივთების მოსაპარავად ყაჩაღობის ჩადენა და ძალადობა არ სჭირდებოდა. დაზარალებულად ცნობილი აწ გარდაცვლილი მ. ტ-ას დის _ ა. კ-ის ჩვენება (მას ცალკე ოჯახი აქვს და სხვა უბანში ცხოვრობს) დაკარგული ნივთების თაობაზე, ალბათობითია და უტყუარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. აქედან გამომდინარე, მ. ბ-სა და კ. ა-ს მიერ ყაჩაღობისა და ანგარების მიზნით მ. ტ-ას განზრახი მკვლელობის ჩადენა, უდავოდ დადგენილი არ არის. საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის შესაბამისად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მ. ბ-ს და კ. ა-ს დაუდასტურებლობის გამო უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-2 პოუნქტებით და 104-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით შერაცხული ბრალდებები. მათი დანაშაულებრივი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით და შესაბამისად განესაზღვროთ სასჯელის ღონისძიება. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, სახელდობრ, ურთიერთკამათისა და ფიზიკური ჩხუბის დროს მ. ტ-ას განზრახ მოკვლა კ. ა-სა და მ. ბ-ს მიერ, სავსებით დადასტურებულია საქმის ერთობლივი მასალებით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არის მითითებული. სასჯელის განსაზღვრის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება, ასევე ჩადენილ დანაშაულში თითოეულის მონაწილეობის ხარისხი და მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. მ. ბ-ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეული უნდა იქნეს ის, რომ არის ასაკში შესული ქალი და წინათ შენიშნული არ ყოფილა რაიმე დანაშაულის ჩადენაში. კ. ა-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია. ორთავეს მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელია ის, რომ დანაშაული ჩაიდინეს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და მათ მოქმედებას მოჰყვა განსაკუთრებით მძიმე შედეგი _ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

განაჩენში ცვლილების შეტანის აუცილებლობას ისიც იწვევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია კ. ა-თვის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა ის ერთი წელი, 9 თვე და 5 დღე თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მან ამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის მიმართ სხვა დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენით მოიხადა.

განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მ. ბ-სა და კ. ა-ზე დაზარალებულ ა.კ-ის სასარგებლოდ 1020 ლარის გადახდა და დაზარალებულს დარჩეს უფლება მ. ტ-ას მკვლელობის გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურება ეძიოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ზემოაღნიშნულის გამო, სასამართლო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

2. მ. ბ-ს და კ. ა-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 10 აგვისტოს განაჩენში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა). მ. ბ-სა და კ. ა-ს ბრალდების დაუდასტურებლობის გამო მოეხსნათ საქართველოს

სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება და ამ ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება;

ბ). მ. ბ-სა და კ. ა-ს ბრალდება სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლზე და სასჯელის ზომად განესაზღვროთ:

მ. ბ-ს _ 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის საერთო რეჟიმის ქალთა კოლონიაში მოხდით.

კ. ა-ს _ 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად კ. ა-ს მოხდილად ჩაეთვალოს წინა განაჩენით პატიმრობაში გატარებული დრო _ ერთი წელი, ცხრა თვე და 5 დღე და მოსახდელად დარჩეს 10 (ათი) წელი, ორი თვე, და 25 დღე.

სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოთ: მ. ბ-ს _ 1998 წლის 26 სექტემბრიდან, კ. ა-ს _ 1998 წლის 1 დეკემბრიდან.

გ) განაჩენიდან ამოირიცხოს დაზარალებულ ა. კ-ის სასარგებლოდ მ. ბ-სა და კ. ა-ს მიერ 1020 ლარის გადახდის დაკისრება.

2. განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა შემთხვევაში.