საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 14.01.2000
საქმის ნომერი
2კ-157-საზ.-20000
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.01.2000

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 157-საზ 14 იანვარი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ ჯ. ყიფიანის თავმჯდომარეობით

წევრების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, ლ. კუპატაძის, დ. ჩიტლოვის შემადგენლობით

განიხილა დაზარალებულ ა. გ-ოვის საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

საზედამხედველო პალატამ მოისმინა მოსამართლე ნ. გვენეტაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მარნეულის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 მაისის განაჩენით ვ. მ-ოვი, აზერბაიჯანელი, საშუალო განათლების მქონე, ცოლშვილიანი, სამართალში არყოფილი, მცხ. ქ. მარნეულში, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 241-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით, სსკ-ის 47-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის აღსრულების ერთი წლით გადავადებით და ამავე ვადით ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევით.

განაჩენით ვ. მ-ოვს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში: 1999 წლის 3 მარტს, დახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, ქ. მარნეულში, ქუჩაზე, ცენტრალური მოედნის მიმართულებით მოძრაობდა ვაზ 21011 მარკის ა\მანქანა, რომელსაც მინდობილობით მართავდა ვ. მ-ოვი. მან დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და ავტომობილი წინა მარცხენა ნაწილით შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე ფეხით მოსიარულე ა. გ-ოვს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სიცოცხლისათვის მძიმე ხარისხის დაზიანება.

დაზარალებული ა. გ-ოვი საჩივრით ითხოვს საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიებისა ან ხელახალი სასამართლო განხილვისათვის. საზედამხედველო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა პროკურორის დასკვნა, რომელმაც მოითხოვა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება და ცნო, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ა. გ-ოვმა ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის გამოც წინასწარ გამოძიებაში დაკითხვისას ვერ დაასახელა შემთხვევის დროს მანქანაში მსხდომთა რაოდენობა. მიუხედავად ამისა, გამოძიების პროცესში საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენი პირი იმყოფებოდა მსჯავრდებულის მანქანაში, ან ვინ მართავდა საჭეს, არ დამდგარა. გამოძიებამ საკმარისად მიიჩ-ნია მამა-შვილ მ-ოვებისა და შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი მოწმის: ი. კ-ოღლისა და ს. ბ-ოვის ჩვენებები, რომლებითაც დასტურდება განაჩენით დადგენილი ფაქტი და არ გადაამოწმა მსჯავრდებულ ვ. მ-ოვის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის შემდეგ მან ვეღარ შეძლო ა. გ-ოვისათვის დახმარების აღმოსაჩენად თავისი მანქანის მართვა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა ე. მ-ოვმა მიიყვანა დაზარალებული საავადმყოფოში, ის თავისი ნაცნობის, ა. მ-იანის მანქანით მივიდა საავადმყოფოში.

გამოძიებისას არ არის გარკვეული საკითხი, თუ ვინ მიიყვანა დაზარალებული საავადმყოფოში და რა დროის შემდეგ მივიდა იქ მსჯავრდებული. წინააღმდეგობაა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და მსჯავრდებულის ჩვენებებს შორის, რამდენადაც აღნიშნული ოქმით დაფიქსირებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ვ. მ-ოვმა თავისი მანქანით თვითონვე მიიყვანა დაზარალებული საავადმყოფოში (ს. ფ. 3) მაშინ, როცა მამა-შვილ მ-ოვების ჩვენებები, როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე სასამართლოში საწინააღმდეგოს მიუთითებენ.

ამასთან, შემთხვევის ადგილი არის ქ. მარნეულის ცენტრი და ავტოსაგზაო შემთხვევის შემსწრე სხვა პირები გამოძიებას არ დაუკითხავს, მაშინ, როცა საჩივარში დაზარალებული მიუთითებს, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მისი ძმა, მ. გ-ოვი, სხვა ახლო ნათესავები და მეზობლები, რომლებმაც დაინახეს, რომ შემთხვევის დროს საჭესთან იჯდა ვ. მ-ოვის ვაჟი ე., რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, დაზარალებულ ა. გ-ოვის საავადმყოფოში მიყვანისთანავე მიიმალა.

გამოძიების დროს საქმეში არსებული წინააღმდეგობები ვერც სასამართლო პროცესზე გაირკვა, რადგან საქმის განხილვისას, სამართალში მიცემის სტადიაზე, დაზარალებულს მონაწილეობა არ მიუღია. სასამართლომ პირველსავე სხდომაზე განიხილა საქმე და არ იმსჯელა დაზარალებულის გამოუცხადებლობის საკითხზე, რითაც დაარღვია საქმის განხილვისას მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებები და არ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები დაზარალებულის გარეშე საქმის განხილვის შესაძლებლობის შესახებ. ასევე დაირღვა სსსკ მე-12 მუხლით გათვალისწინებული თანასწორობის პრინციპი და დაზარალებული დარჩა დაცვის ფუნქციის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზედამხედველო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოებული გამოძიება არსებითად არასრულია. წინააღმდეგო-ბების აღმოსაფხვრელად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევისათვის საჭიროა დაიკითხონ ავტოსაგზაო შემთხვევის შემსწრე სხვა მოწმეები, რომელთაც დაზარალებული ასახელებს საჩივარში, კრიტიკულად დაიკითხონ მსჯავრდებული ვ. მ-ოვი და მისი ვაჟი ე. მ-ოვი, მსჯავრდებულის ნაცნობი ა. მ-იანი, საავადმყოფოს მორიგე ექიმი და მედპერსონალი, რომლებიც ა. გ-ოვის საავადმყოფოში მიყვანის დროს მორიგეობდნენ; გადაწყდეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი. აღნიშნული საჭიროა დაზარალებულის მიერ საჩივარში მითითებული ახლად გამოვლენილი გარემოებების დასადგენად და იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელსაც ადგილი ჰქონდა როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე სასამართლოში საქმის განხილვის დროს.

საზედამხედველო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლით, 599-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დაზარალებული ა. გ-ოვის საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს მარნეულის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 მაისის განაჩენი ვ. მ-ოვის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდეს საქართველოს პროკურატურას.

ვ. მ-ოვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება დარჩეს უცვლელი. საზედამხედველო პალატის დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საზედამხედველო პალატამ საქმის წინასწარ გამოძიებაში არსებული დარღვევები, ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები საკმარის გარემოებად ჩათვალა განაჩენის გასაუქმებლად და საქმის წინასწარ გამოძიებაში დასაბრუნებლად.