საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
¹ 239/საზ-99 5 იანვარი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ
ჯ. ყიფიანის თავმჯდომარეობით
მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, მ. ქარსელაძის,დ. ჩიტლოვის შემადგენლობით
განიხილა პროკურორის მოადგილის ა. ბ-ის საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქ. რუსთავის სასამართლოს 1999 წლის 6 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
საზედამხედველო პალატამ მოისმინა ი. ბიბილაშვილის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქ. რუსთავის სასამართლოს 1999 წლის 6 აგვისტოს განაჩენით მიესაჯათ: თ. დ-შვილს, 9 კლასის განათლების მქონეს, უპარტიოს, უმუშევარს, სამართალში ყოფილს _ ქ. რუსთავის სასამართლოს 1998 წლის 5 აგვისტოს განაჩენით სსკ 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით და 6 თვით, რომლის აღსრულება გადაიდო 2 წლით, სსკ 212-ე მუხლით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 135-ე მუხლით _ 1 წლით, 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 4 წელით, 17,91-ე მუხლის მე-3 ნაწილით-3 წლით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით- 4 წლით და 6 თვით. სსკ მე-40 მუხლის საფუძველზე მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეღა 4 წლითა და 6 თვით, რასაც დაემატა წინა განაჩენით მოხდილი სასჯელი 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საერთო რეჟიმის შრომა-აღმზრდელობით კოლონიაში მოხდით.
ნ. ბ-შვილს, ქართველს, უპარტიოს, სამართალში არყოფილს საქართველოს სსკ 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, სსკ 212-ე მუხლით _ 1 წლით, 135-ე მუხლით _ 1 წლით. სსკ მე-40 მუხლის შესაბამისად მას საბოლოოდ მოსახდელად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
განაჩენით თ. დ-შვილსა და თ. ბ-შვილს მოეხსნათ სსკ 152-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება სსკ 151-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირების გამო.
თ. დ-შვილს, ნ. ბ-შვილის მსჯავრი დაედოთ შემდეგში:
1999 წლის 1 ოქტომბერს თ. დ-შვილი და ნ. ბ-შვილი, სხვა პიროვნებასთან ერთად, მოქალაქეთა ქონების გატაცების მიზნით თავს დაესხნენ ქ. რუსთავის სამარშრუტო ავტობუსის მძღოლ ვ. ს-შვილს, რომლისგანაც ძალადობით, რაც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, გაიტაცეს 30 ლარი, პირადობის მოწმობა, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი და მისი მართვის მოწმობა. ამ დანაშულის შემდგომ მსჯავრდებულებმა აიძულეს ვ. ს-შვილი, მისი ავტომანქანით წაეყვანიათ ჯერ რუსთავის მე-19 მიკრორაიონში, შემდგომ ქალაქის ცენტრში, რის შემდგომ ისინი მიიმალნენ.
1998 წლის 9 დეკემბერს თ. დ-შვილმა და ამავე საქმეზე მსჯავრდებულმა გ. ს-შვილმა სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე გაქურდეს თ. ჩ-შვილის აგარაკი, საიდანაც ფარულად გაიტაცეს 357 ლარისა და 50 თეთრად ღირებული ნივთები. იმავე წლის 30 დეკემბერს, 1999 წლის 6 იანვარს გაქურდეს მოქალაქეების: ს. ტ-შვილისა და ვ. ქ-იას აგარაკები, საიდანაც გაიტაცეს შესაბამისად 562 და 158 ლარად ღირებული ნივთები. 9 იანვარს კი განმეორებით შეაღწიეს ს. ტ-შვილის აგარაკში, მაგრამ მისი გაქურდვა ვერ შეძლეს დანაშაულში მხილების გამო.
წარმოდგენილ საჩივარში პროკურორის მოადგილე ა. ბ-ლი მიუთითებს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკვალიფიცირა თ. ბ-შვილისა და ნ. დ-შვილის ქმედება სსკ 151-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ვინაიდან წინასწარი და სასამართლოს გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით ისინი აშკარად იმხილებოდნენ სსკ 152-ე მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ითხოვს თ. ბ-შვილისა და ნ. დ-შვილის მიმართ განაჩენის გაუქმებას სსკ 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში და საქმის ხელმეორედ განხილვას.
პალატამ მოისმინა პროკურორ მ. ქ-ის დასკვნა, რომელიც მხარს უჭერს საჩივარს. პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საჩივრის მოტივებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმიდან ირკვევა, მსჯავრდებულმა თ. დ-შვილმა, ისევე როგორც წინასწარი გამოძიების დროს, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში კატეგორიულად უარყო დაზარალებულ გ. ს-შვილზე დანის გამოყენებით ფულის მოთხოვნა და მისი გატაცება. ანალოგიური ჩვენება სასამართლო სხდომაზე მისცა მსჯავრდებულმა გ. ბ-შვილმაც. დაზარალებულმა გ. ს-შვილმა ნაწილობრივ შეცვალა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულებმა მას მოსთხოვეს ფული, ერთ-ერთმა ბეჭებზე მიადო რაღაც საგანი, რის შემდგომ იგი გაჩხრიკეს და წაართვეს ფული.
საყურადღებოა ისიც, რომ გამოძიების მიერ დანა ამოღებული არ ყოფილა.
პალატა თვლის, რომ სასამართლო გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მსჯავრდებულებმა დაზარალებულის მიმართ გამოიყენეს დანა.
პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ დაუშვა შეცდომა, უსაფუძვლოა და ამ მოტივით განაჩენის გაუქმება არსწორია.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" პუნქტით, 599-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საზედამხედველო პალატის დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
საზედამხედველო პალატის დადგენილებით განაჩენი დარჩა უცვლელად. პალატამ ჩათვალა, რომ ქმედება სწორად იქნა დაკვალი-ფიცირებული 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა შემამსუბუქებელი გარემოებანი.