ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
278/საზ
23 თებერვალი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ
ჯ. ყიფიანის თავმჯდომარეობით პალატის მოსამართლეების:
ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, ლ. კუპატაძის, მ. ქარსელაძის, დ. ჩიტლოვის შემადგენლობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ს-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. ს-სა და ქ. გ-ის საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 8 აპრილის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
საზედამხედველო პალატამ მოისმინა პალატის მოსამართლე დ. ჩიტლოვის მოხსსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 8 აპრილის განაჩენით ვ. ს-შვილი, ქართველი, საშუალო განათლების მქონე, უცოლშვილო, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ..., _
ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
განაჩენით ვ. ს-შვილს მსჯარი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე. ი. თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1997 წლის 30 ნოემბერს თბილისში ყოფნის დროს ვ. ს-შვილმა თავის ნაცნობ ზ. ს-ძეს გააცნო ნაცნობი გოგონები ნ. ნ-შვილი და ნ. გ-ძე, რომლებთანაც ორივენი სტუმრად დარჩნენ რამდენიმე დღე. იქ ყოფნის დროს ზ. ს-ძემ შესთავაზა ვ. ს-შვილს, რომ ვინაიდან მათ ფული აღარ ჰქონდათ, ქალაქგარეთ მოტყუებით გაეყვანათ რომელიმე უცხოური წარმოების მანქანის _ ტაქსის მძღოლი, ფიზიკური ძალის გამოყენებით წაერთმიათ მისთვის ფული და ექეიფათ, რაზედაც ვ. ს- შვილი დასთანხმდა. აღნიშნული მათ დაუმალეს ნ. გ-ძეს და ი. ნ-შვილს, უთხრეს, რომ მიდიოდნენ სოფელ … საქეიფოდ და მათთან ერთად წავიდნენ თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად.
დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, მეტრო „ვარკეთილის" მახლობლად, შეაჩერეს უცხოური წარმოების ფირმა "მიცუბის-ლანერის" ა/მანქანა სახ. ნომრით გგგ 204 და მის მძღოლს ი. მ-შვილს სთხოვეს, წაეყვანა ისინი გარდაბნის რაიონოს სოფელ მარტყოფში, რაზედაც ეს უკანასკნელი დასთანხმდა. ჩაისვა ისინი მანქანაში და გაემართა მათ მიერ მითითებული ადგილისაკენ. სო-ფელ …, მისვლისას ვ. ს-შვილმა ი. მ-შვილს ყელში წაუჭირა ტყავის ქამარი და დაუწყო დახრჩობა, ზ. ს-ძემ კი დაუწყო ცემა. ამოიღო ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი გამოყენების მუქარით გასტაცეს ი. მ-შვილს მისი კუთვნილი ფული 74 ლარის ოდენობით, ა/მანქანის, ფირმა "შარფის" წარმოების მაგნიტოფონი, ტყავის ქურთუკი, მზის სათვალე და 3 ცალი აუდიოკასეტა, სულ გატაცებული ფულისა და ნივთების საერთო ზარალმა შეადგინა 879,5 ლარი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
საჩივარში ადვოკატები მ. ს-ი და ქ. გ-ე აღნიშნავენ, რომ ვ. ს-შვილს ყაჩაღობა არ ჩაუდენია, იგი ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლის შედეგად აიძულეს ეღიარებინა ჩადენილი დანაშაული. ადვოკატები მოითხოვენ ვ. ს-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 92-ე მუხლზე და სასჯელის შემსუბუქებას.
საჩივარს თან ახლავს დაზარალებულ ი. მ-შვილის განცხადება, სადაც იგი მიუთითებს, რომ მას ზარალი 400 დოლარის სახით აუნაზღაურეს ვ. ს-შვილის მშობლებმა და არანაირი პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ არ გააჩნია.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა,მოისმინა ადვოკატების განმარტებები, პროკურორის დასკვნა, რომელიც თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ცნო, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენი ამ მხრივ უნდა დარ-ჩეს უცვლელად, რადგან საქმის მასალების ერთობლიობით, წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო პროცესზე მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტუ-რებული ვ. ს-შვილის მიერ ჩადენილი დანაშული. ამ უკანასკნელის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები მართლაც რომ მოიცავს ყაჩაღობის შემადგენელ ნიშ-ნებს, დგინდება, როგორც თვით ვ. ს-შვილის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით, ასევე იმავე საქმეზე განსასჯელების _ ნ. ნ-შვილისა და ნ.გ-ძის, დაზარალებულ ი. მ-შვილის ჩვენებებით, ნივთმტკიცების ამოღების ოქმით.
პალატა აღნიშნავს, რომ ვ. ს-შვილი არის ნასამართლობის არმქონე და ადრე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში შემჩნეული არ ყოფილა. დანაშაულის ჩადენის მომენტში იგი 19 წლის იყო, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ჰყავს მოხუცებული, ტუბერკულოზით დაავადებული მამა, ხოლო დედა უმუშევარია, დაზარალებულ ი. მ-შვილს ზარალი აუნაზღაურდა. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ვ. ს-შვილს განაჩენით განსაზღვრული სასჯელი _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 2 წლით.
საზედამხედველო პალატა აღნიშნავს, რომ წინასწარი გამოძიების ზოგიერთ ძირითად პროცესუალურ დოკუმენტში ბრალდებულის გვარი ასახულია როგორც ს-აშვილი, ზოგში _ როგორც ს-იშვილი, ხოლო სასამართლოს მიერ დადგენილ განაჩენში მოხსენებულია, როგორც ს- იშვილი.
საქმის ფურცელ 68-ზე მოთავსებულია დაბადების მოწმობა IIთI ¹ 491414, სარეგისტრაციო ნომრით 106, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მსჯავრდებულის გვარია ს- აშვილი, რაც საზედამხედველო პალატის სხდომაზე დაადასტურა მსჯავრდებულის მამამ თ. ს- აშვილმა.
საზედამხედველო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 617-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" პუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ" პუნქტით, 599-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 8 აპრილის განაჩენში შეტანილ იქნეს შესწორება და მსჯავრდებულის გვარად ჩაითვალოს ს-აშვილი.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს: ვ. ს-შვილის მიმართ დადგენილ განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება _ განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდეს 2 წლით და სასჯელის ზომად შეეფარდოს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
საზედამხედველო პალატის დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.