საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 17 კოლ 1 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ისაევი
მოსამართლეები: რ. შველიძე, მ. გოგელია
განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის ე. ქ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 26 იანვრის განაჩენზე, რომლითაც: გ. ო-შვილი, ეროვნებით ქართველი, საშუალო განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლობის არმქონე, გამართლებული იქნა საქართველოს სსკ 205-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.
პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საბრალდებო დასკვნით, ო-შვილს ბრალად ედებოდა შემდეგი: 1999 წლის 19 ივნისს, ო-შვილმა გაიგო, რომ მ. კ-ძე თავის ნაქირავებ ოთახში, გასაღების მიზნით, უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება "ოპიუმს“. ო-შვილმა კ-სთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, დაფარა დამნაშავე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნარკოტიკული ნივთიერება და არ განაცხადა სათანადო ორგანოებში კ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
სახელმწიფო ბრალმდებელი ე. ქ-ა თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ო-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული, სათანადო შეფასება არ მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს და დაუსაბუთებლად გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას.
თავის შესაგებელში, ო-შვილი ითხოვს უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განაჩენი.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე _ ნ. ჟ-ი მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. გამართლებული გ. ო-შვილი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
საკასაციო პალატამ გამოიკვლია რა საქმის მასალები, მოუსმინა რა მხარეებს, მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი სწორია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანალიზა მოწმეთა და მათ შორის ამ საქმეზე მსჯავრდებული მ. კ-ძის ჩვენებები, საქმის მასალები და სწორად მიუთითა, რომ ო-შვილი არ შეპირებია თავშესაფარს და არც რაიმე აქტიური მოქმედებები განუხორციელებია კ-ძის დასაფარავად. მას არც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული რაიმე საგანი (სახელდობრ, ნარკოტიკული ნივთიერება) არ გადაუნახავს სადმე.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საბრალდებო დასკვნამ, იქონია რა მსჯელობა ო-შვილის დანაშაულზე, მიიჩნია, რომ მან იცოდა და არ განაცხადა კ-ძის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის შესახებ. სააპელაციო პალატა სრულიად საფუძვლიანად დაეთანხმა საბრალდებო დასკვნის ამ შეფასებას, ამასთანავე სწო-რად აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში განუცხადებლობა დაფარვას არ ნიშნავს. საკასაციო პალატა საფუძვლიანად და დასაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ განუცხადებლობა იმ დანაშაულისა რისთვისაც კ-ძეს მსჯავრი დაედო (სსკ 252-ე მუხლის პირველი ნაწილი), სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ იწვევს.
სწორია სააპელაციო პალატის მითითება, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ო-შვილსადმი ინკრიმინირებული დანაშაულის დამადასტურებული მტკიცებულებები, რაც თანახმად სსსკ მე-10 მუხლის მეორე პუნქტისა მთლიანად ბრალდების მხარის პრეროროგატივაა. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ სწორად და დასაბუთებულად მიიღო გადაწყვეტილება ო-შვილის გამართლების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ პროკურორის საჩივარი უსაფუძვლოა და გამამართლებელი განაჩენი ო-შვილის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლით პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დარჩეს უცვლელად თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 26 იანვრის გამამართლებელი განაჩენი გ. ო-შვილის მიმართ.
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.