საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 38-კოლ 17 მაისი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ტურავა
წევრები: შ. ასათიანი, მ. ისაევი
განიხილა ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილის თ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართ-ლო კოლეგიის 2000 წლის 29 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც: მ. მ-ური, ეროვნებით ჩეჩენი, სამართალში არყოფილი, საშუალო განათლების მქონე, ცოლშვილიანი, მცხ. ინგუშეთის რესპუბლიკის ორჯონიკიძის რაიონი ... , ამჟამად პატიმარი, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 88-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სსკ-ის 45-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრის მ. ტურავას მოხსენება, პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 თებერვლის განაჩენით, მ. მ-ურს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა ყალბი ვალუტის გასაღება.
განაჩენის მიხედვით, ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატა შემდეგში:
მ. მ-ურმა 1999 წლის 26 აგვისტოს ქალაქ თბილისში რეალიზაციის მიზნით ჩამოიტანა 310 ცალი ასდოლარიანი ყალბი ამერიკული დოლარის კუპიურები. მ. მ-ურს ყალბი ვალუტის გასაღებაში უნდა დახმარებოდა ზ. ზ-შვილი, რომელმაც ამის შესახებ განაცხადა პოლიციაში. მომზადდა ოპერაცია. მ. მ-ურმა ზ. ზ-შვილს სასტუმრო ,,ივერიასთან" გადასცა ათი ცალი ყალბი ასდოლარიანი, ასევე პოლიციის მუშაკებმა მ. მ-ურს ჩამოართვეს სარეალიზაციოდ გამზადებული 300 ცალი ყალბი ასდოლარიანი კუპიური.
სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მ. მ-ურის მიმართ წარდგენილი ბრალდება სავსებით დადასტურებულია საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი.
საკასაციო პალატამ განიხილა პროკურორის საკასაციო საჩივარი, რომელიც თვლის, რომ სწორია თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენი დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელი აშკარად ლმობიერია. კასატორმა მოითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი სასამართლო განხილვისათვის. პროკურორი არ ეთანხმება სსკ-ის 45-ე მუხლის გამოყენებით სსკ-ის 88-ე მუხლის სანქციის მინიმალურ ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან მიაჩნია, რომ იგი შეუსაბამოა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და დამნაშავის პიროვნებასთან.
საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კანონიერად ჩათვალეს თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენი მ. მ-ურის მიმართ და ითხოვეს მისი ძალაში დატოვება. მათ მიიჩნიეს, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს სწორად გაითვალისწინა სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებები და დანიშნა სანქციით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე დაბალი სასჯელი.
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის, პროკურორის პოზიცია, მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, მ. მ-ურის მიერ ჩადენილი ქმედება სწორად არ არის დაკვალიფიცირებული როგორც სსკ-ის 88-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დამთავრებული დანაშაული, არამედ იგი უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 17-88-ე მუხლის I ნაწილით როგორც ყალბი ვალუტის გასაღების მცდელობა შემდეგ გარემოებათა გამო: დამთავრებულია დანაშაული იმ შემთხვევაში, როცა დანაშაულებრივი ქმედებით რეალურად მოხდება სისხლის სამართლით დაცული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ოპერაციის დაგეგმვით და მ. მ-ურისათვის ყალბი ვალუტის ჩამორთმევით რეალურად თავიდან იქნა აცილებული ასეთი დაზიანება. ზ. ზ-შვილი მსჯავრდებულს უნდა დახმარებოდა ყალბი ვალუტის გასაღებაში, მაგრამ ყალბი ვალუტის თვით რეალიზაციაში გაშვება არ მომხდარა, რის გამოც, სსკ-ის 88-ე მუხლის I ნაწილის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, მისი ქმედება წარმოადგენს ყალბი ვალუტის გასაღების მცდელობას. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა რა საქმის კონკრეტული გარემოებები და დამნაშავის პიროვნება, სწორად გამოიყენა სსკ-ის 45-ე მუხლი, რის საფუძველზე მ. მ-ურს დაუნიშნა ამ დანაშაულისათვის კანონით გათვალის-წინებულ უმდაბლეს საზღვარზე ნაკლები სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე, 568-ე და 571-ე მუხლებით, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილის თ. ო-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 29 თებერვლის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ მ. მ-ურის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 17-88-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება კანონიერ ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა შემთხვევაში, სსსკ-ის 593-601 მუხლებით დადგენილი წესით.