საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 42-აპ 19 მაისი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე
მ. ტურავა
წევრები:
მ. ისაევი, მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ს. გ-იანის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. რ-ის და დაზარალებულ მ. ჩ-იანის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 მარტის განაჩენზე, რომლითაც ს. გ-იანი, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, დროებით უმუშევარი, სამართალში არყოფილი, მცხოვრები ქ. თბილისში ..., ამჟამად პატიმარი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ ამ განაჩენით ცვლილება შეიტანა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 3 ნოემბრის განაჩენში ს. გ-იანის მიმართ მხოლოდ სასჯელის აღსრულების რეჟიმის ნაწილში, კერძოდ, განაჩენით დადგენილი გაძლიერებული რეჟიმი შეცვალა მკაცრი რეჟიმით.
მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის წევრის მ. ტურავას მოხსენება, პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 მარტის განაჩენით, ს. გ-იანს მსჯავრი დაედო იმისთვის, რომ მან ჩაიდინა განზრახი მკვლელობა დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გარეშე (სსკ-ის 105-ე მუხლი).
ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატა შემდეგში:
1999 წლის 1 იანვარს, ს. გ-იანი იმყოფებოდა თავისი მეუღლის ხ. ჩ-იანის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, .... მან მიიღო ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით 19 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი წავიდა აღნიშნული ბინიდან. 21 საათზე იგი დაბრუნდა მთვრალი, რა დროსაც მასსა და მის მეუღლეს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება და იგი კვლავ წავიდა მეუღ-ლის ბინიდან. გარკვეული დროის შემდეგ ს. გ-იანი ისევ დაბრუნდა მეუღლის ბი-ნაში. ურთიერთშელაპარაკებისა და ჩხუბის დროს მან უბიდან ამოიღო დანა და განზრახი მკვლელობის მიზნით, შურისძიების მოტივით ორჯერ დაარტყა დანა ხ. ჩ-იანს. ამ მოქმედების შედეგად ხ. ჩ-იანმა მიიღო ერთი მსუბუქი ხარისხის და-ზიანება, ხოლო მეორე დარტყმით კი მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. სააპელაციო პალატამ კანონიერად ჩათვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ს. გ-იანის მიმართ როგორც კვალიფიკაციის, ისევე სასჯელის ნაწილში.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ. რ-ი თავის საკასაციო საჩივარში და საკასაციო პალატის სხდომაზე მიიჩნევს, რომ უკანონოა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენი ს. გ-იანის მიმართ, ვინაიდან არასწორადაა შეფასებული მსჯავრდებულის ქმედება და ითხოვს მის შეცვლას მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის აზრით, მართალია სააპელაციო პალატის განაჩენში აღნიშნულია, რომ უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს განაჩენი, მაგრამ საოლქო სასა-მართლოს განაჩენის ეს მითითება არ არის სწორი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სამართლოს განაჩენის მიხედით, ს. გ- იანმა დანა აიღო მეუღლის მოკვლის განზრახვით და მას განზრახი მოკვლის მიზნით, შურისძიების მოტივით დაარტყა დანა, ესე იგი მკვლელობა ჩაიდინა პირდაპირი განზრახვით. სააპელაციო პალატამ კი დაადგინა, რომ ს. გ-იანს მის მეუღლესთან მოუხდა შელაპარაკება, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც პალტოს ჯიბიდან ამოიღო დანა და მოუქნია ხ. ჩ-იანს, იგი ითვალისწინებდა სიკვდილის დადგომას, მაგრამ ეს შედეგი არ სურდა, ესე იგი იგი მოქმედებდა ევენტუალური განზრახვით. ამდენად, ადვოკატის აზრით, რაიონული სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენთა სამოტივაციო ნაწილები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს არ შეეძლო მიეთითებინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი და უნდა შეიცვალოს მხოლოდ სასჯელის მოხდის რეჟიმის ნაწილში. ადვოკატი, მართალია, არ უარყოფს ს. გ-იანის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ს. გ-იანი დანას თან ატარებდა, ხ. ჩ-იანს მოუქნია არა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ორგანოში, არამედ ფეხში, დანის დარტყმის შემდეგ კი მისი მოქმედება არ გააგრძელა, კატეგორიულად გამორიცხავს დანაშაულის მსხვერპლისათვის სიცოცხლის მოსპობის სურვილს თუნდაც ევენტუალური
განზრახვით. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადვოკატის აზრით, ჩადენილი ქმედება შეიძლება დაკვალიფიცირდეს მხოლოდ როგორც გაუფრთხილებლობითი მკვლელობა. ადვოკატის აზრით, წინასწარი და სასამართლო გამიძიების დროს მოპოვებულ მტკიცებულებებს მიეცათ არასწორი სამართლებრივი შეფასება, როცა სასამართლომ ს. გ-იანის ქმედება დააკვალიფიცირა შურისძიების ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობად.
აქედან გამომდინარე, ადვოკატმა საკასაციო პალატის წინაშე იშუამდგომლა ს. გ-იანის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სსკ-ის 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება, ვინაიდან ჩათვალა, რომ მან მეუღლეს განზრახ კი არ მოუსპო სიცოცხლე, არამედ ჩაიდინა მისი გაუფრთხილებლობითი მკვლელობა.
თავის საკასაციო საჩივარში დაზარალებული მ. ჩ-იანი უკანონოდ მიიჩნევს ს. გ-იანის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რადგან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, რაც უნდა დაკვალიფიცი-რებულიყო სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 და მე- 6 პუნქტებით. დაზარალებულის პოზიციით, მსჯავრდებულ ს. გ-იანს ბრალად უნდა შეერაცხოს ხულიგნური ქვე-ნაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახი მკვლელობის ჩადენა. ქმედების სწორი კვალიფიკაციის მიზნით, იგი ითხოვს საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნებას. ხულიგნური ქვენაგრძნობით ქმედების კვალიფიკაციის მოტივად დაზარალებული მიუთითებს იმას, რომ მსჯვრდებულმა ს. გ-იანმა ყოველგვარი მიზეზისა და მოტივის გარეშეEმოკლა მეუღლე, ხოლო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობად ქმედების კვალიფიკაციისათვის დაზარალებული მიუთითებს იმას, რომ ს. გ-იანმა ხ. ჩ-იანი მოკლა დედის წინაშე, რითაც უდიდე-სი ტანჯვა-წამება მიაყენა მას. ასევე დაზარალებულს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი მიაჩნია აშკარად ლმობიერად.
საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. მ-მა მხარი დაუჭირა დაზარალებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და საკასაციო პალატის წინაშე იშუამდგომლა ს. გ-იანის მიმართ ქვემდგომი სასამართლოების მიერ გამოტანილ განაჩენთა გაუქმება და საქმის დაბრუნება პროკურატურაში ს. გ-იანის მიერ ჩადენილი ქმედებების სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებზე გადაკვალიფიცირების მიზნით.
საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი არ დაეთანხმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოთხოვნას, მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა როგორც მსჯავრდებულის, ისევე დაზარალებულის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების პოზიცია ქმედების არასწორი კვლიფიკაციის საკითხზე. პროკურორის აზრით, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით სავსებით დადასტურებულია, რომ ს. გ-იანმა ჩაიდინა მკვლელობა ევენტუალური განზრახვით, რაც სწორად არის დაკვალიფიცირებული სსკ-ის 105-ე მუხლით. დანიშნული სასჯელის ზომა, პროკურორის აზრით, შესაბამისობაშია ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მსჯავრდებულის ბრალის ხარისხთან.
ყოველივე აქედან გამომდინარე, პროკურორმა მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული, ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ს. გ-იანის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოთხოვნათა საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულის და დაზარალებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების პოზიცია, ისევე როგორც პროკურორის მოსაზრება, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგი საფუძვლით:
სააპელაციო სასამართლო, წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სწორად მივიდა დასკვნამდე, რომ ს. გ-იანსა და მის მეუღლე ხ. ჩ-იანს მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ს. გ-იანმა ამოიღო დანა და მოუქნია ხ. ჩ-იანს. დანის მოქნევის დროს ს. გ-იანს არ ჰქონდა მეუღლის მოკვლის პირდაპირი გან-ზრახვა, რაც იქიდან ჩანს, რომ მან დანა მოუქნია არა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ორგანოში, არამედ ფეხში. გარდა ამისა, ს. გ-იანმა დანაშაულებრივი ქმედება დანის განმეორებით დარტყმის გზით არ გააგრძელა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ს. გ-იანმა ხ. ჩ- იანს სხეულის მძიმე დაზიანების მიყენების შემდეგ არავითარი დახმარება არ აღმოუჩინა, მიატოვა დაჭრილი მეუღლე და წავიდა შემთხვევის ადგილიდან, რითაც მან აშკარად არ შეასრულა მისი, როგორც სამართლებრივი გარანტის ფუნქცია. აქედან გამომდინარე, სწორია სააპელაციო პალატის შეფასება იმის შესახებ, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ს. გ-იანი მოქმედებდა ევენტუალური განზრახვით, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს დამ-დგარი შედეგის მიხედვით. საკასაციო პალატა აკონკრეტებს სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებას და თვლის, რომ ს. გ-იანი მოქმედებდა ალტერნატიული განზრახვით, რაც იმაში გამოიხატა, რომ მისი ევენტუალური განზრახვა ალტერნატიულად მიმართული იყო როგორც სხეულის დაზიანების, ასევე სიცოცხლის მოსპობოსაკენ, რაც გამორიცხავს ქმედების სსკ-ის 108-ე მუხლით დაკვალიფიცირებას როგორც გაუფრთხილებლობითი მკვლელობა, როგორც ეს სწორადაა დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს განაჩენში. ამდენად, არ არსებობს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.
საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის განაჩენში გაკეთებულ დასაბუთებას იმის შესახებ, რომ არასწორი იქნებოდა მსჯავრდებულ ს. გ-იანის ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით, როგორც ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობა.
საქმის მასალების ყოველმხრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულმა ს. გ-იანმა ჩაიდინა განზრახი მკვლელობა დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გარეშე, რაც სწორად არის დაკვალიფიცირებული სსკ-ის 105-ე მუხლით. ასევე ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალის ხარისხისა და პიროვნების გათვალისწინებით, სწორადაა დანიშნული სასჯელი და სასჯელის აღსრულების რეჟიმი განსაზღვრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე, 568-ე და 571-ე მუხლებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს. გ-იანის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. რ-ის და დაზარალებულ მ. ჩ-იანის საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 მარტის განაჩენი ს. გ-იანის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება კანონიერ ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა შემთხვევაში, სსსკ-ის 593-601-ე მუხლებით დადგენილი წესით.