საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 14.07.2000
საქმის ნომერი
2კ-22დად.-2000
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.07.2000

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 22 დად 14 ივლისი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ტურავა

წევრები: შ. ასათიანი, მ. ისაევი

განიხილა ვ. შ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს გენერალური პროკურატურის კადრების ინსპექციის პროკურორის 1999 წლის 6 აგვისტოს დადგენილება.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ.ისაევის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1999 წლის 3 თებერვალს საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა ვ. შ-ძემ, რომელიც მიუთითებდა 1991 წლის ოქტომბერში მის მიმართ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას, ჩხრეკების დროს, ამოღებული კუთვნილი ნივთების არასრულყოფილი დაბრუნების თაობაზე.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებდა საქართველოს გენერალური პროკურატურის კადრების ინსპექციის პროკურორი ზ. ნ-ძე, რომელმაც იმავე წლის 6 აგვისტოს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ლ. მ-ძისა და პ. ნ-ძის ქმედების სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გასვლის გამო.

ზემოაღნიშნული დადგენილება ვ. შ-ძის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის კრწანისი- მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, სადაც საჩივარი განიხილა მოსამართლე ვ. ფ-მა და 2000 წლის 2 ივნისის დადგენილებით არ დააკმაყოფილა საჩივრის მოთხოვნა, ხოლო პროკურორის დადგენილება დატოვა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრით ვ. შ-ძე ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად მასალების პროკურატურისათვის გადაცემას.

პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა ვ. შ-ძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ზ-ის მოსაზრება, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საჩივრის მოთხოვნას, მოისმინა პროკურორ ე.ღ-ის დასკვნა, რომელმაც კანონიერად მიიჩნია სასამართლოს დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ვ. შ-ძე თავისი საჩივრით (რომელიც შეტანილი ჰქონდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში) ითხოვდა დადგენილიყო, თუ რა ბედი ეწია ჩხრეკის შედეგად მისი ოჯახიდან და სამუშაო ადგილიდან ამოღებულ პირად ნივთებს. იგი საჩივარში მიუთითებდა გარკვეულიყო, ხომ არვინ გაიტაცა მისი ოჯახის კუთვნილი ნივთები. მოკვლევის ორგანოს კი ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია საჩივარში მითითებულ გარემოებათა შესამოწმებლად და მხოლოდ იმსჯელა გამომძიებლების - ლ. მ-ისა და პ. ნ-ის მიმართ და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მათ მიმართ არ აღძრა სისხლის სამართლის საქმე. საკასაციო პალატა თვლის, რომ გამოძიების დადგენილება არის ნაადრევად გამოტანილი: ჯერ ერთი, პ. ნ-ემ თავის განმარტებაში აღნიშნა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული ყველა ნივთი გადაეცა გამომძიებელ ლ. მ-ეს, ამ უკანასკნელზე კი ახსნა-განმარტებაც კი არ ყოფილა ჩამორთმეული; არაა გარკვეული, აჭარის პროკურატურაში ქურდობის ფაქტს ხომ არა ჰქონდა ადგილი; არაა გარკვეული, აჭარის პროკურატურაში წაღებულ ნივთებს რა ბედი ეწია.

პალატა თვლის, რომ ამ საკითხების გადაწყვეტის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არის კანონსაწინააღმდეგო, ამიტომ მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 242-ე, 560-ე, 561-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის კადრების ინსპექციის პროკურორის 1999 წლის 6 აგვისტოს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 02 ივნისის დადგენილება ვ. შ-ძის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.