საჩივარი დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 26კოლ 31 მაისი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით თავმჯდომარე მ. ტურავა
მოსამართლეები: რ. შველიძე, მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 18 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც:
ზ. კ-ავა, ქ. რუსთავში, ეროვნებით ქართველი, უმაღლესი განათლებით, ცოლშვილიანი, ადრე სამართალში არ ყოფილი, ამჟამად პატიმარი _ ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით, მკაცრი რეჟიმის სასჯელ-აღსრულებით დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 17 ივნისიდან.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
განაჩენით ზ. კ-ავას მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
1999 წლის 17 ივნისს დაახლოებით 22 საათზე, ქ. რუსთავში მესხიშვილის ქუჩის ¹ 4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდინარე ტერიტორიაზე, მთვრალმა, შს სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების ინსპექტორმა, მილიციის უმცროსმა ლეიტენანტმა ზ. კ-ავამ პირადი განაწყენების საფუძველზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კამათისა და ჩხუბის დროს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მასზე გაპიროვნებული "მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან ესროლა ვ. ე-ავას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება ფილტვისა და ღვიძლის არეში, რამაც გამოიწვია მწვავე სისხლნაკლებობა. მიუხედავად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარებისა ვ. ე-ავა იმავე დღეს გარდაიცვალა.
აღნშნულით პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ-ავამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ. ჯ-ა ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართე-ბით, რომ ზ. კ-ავას ქმედება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 108-ე მუხლზე და ამის მიხდვით შეეფარდოს სასჯელი. საჩივარში მითითებულია შემდეგ მოტივებზე: სასამართლომ არ გაიზიარა არც მსჯავრდებულ ზ. კ-ავას, არც მოწმეების _ დ. ნ-შვილისა და ი. დ-ძის ჩვენებები, არც კომისიურ-კომპლექსური ფიზიკო-ტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ასევე, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ექსპერტ გ. ც-ის ჩვენება, რომელმაც ახსნა მომხდარი მკვლელობის მექანიზმი და სავსებით დაეთანხა მსჯავრდებულ ზ. კ-ავას ჩვენებას. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით და თვით ზ. კ-ავას ჩვე-ნებით სავსებით დასტურდება ის ფაქტი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გაუფრხილებლობით მკვლელობას. სასამართლომ მხოლოდ ზოგადად მიუთითა, რომ ზ. კ-ავას მიერ ჩადენილი იყო განზრახ მკვლელობა, მაშინ, როდესაც მას არ გააჩნდა ვ. ე-ავას განზრახ მკვლელობის არავითარი საფუძველი.
დაზარალებული ბ. ე-ავა თავის შესაგებელით არ ეთანხმება საკასაციო საჩივარს, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ზ. კ-ავამ განზრახ მოკლა მისი შვილი ვ. ე-ავა და იგი იმსახურებს უფრო მკაცრ სასჯელს.
საქმის საკასაციო წესით განხილვისას მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკვატმა პ. ჯ-ამ პალატის წინაშე იშუამდგომლა მისი საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, მიუთითა, რომ ზ. კ-ავას განზრახ არ მოუკლავს ვ. ე-ავა, არამედ ჩაიდინა გაუფრთხილებლობით მკვლელობა, ითხოვა ზ. კ-ავას ქმედების სსკ-ის 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და ამის მიხედვით სასჯელის განსაზღვრა. საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ადვოკატ პ. ჯ-ას მოსაზრებას დაეთანხმა მსჯავრლდებული ზ. კ-ავა.
დაზარალებულმა ბ. ე-ავამ პალატას განუმარტა, რომ მსჯავრდებული ზ. კ-ავა იყო მთვრალი, რომელმაც განზრახ მოკლა მისი შვილი ვ. ე-ავა. მანვე მიუთითა, რომ ზ. კ-ავა იმსახურებს უფრო მკაცარ სასჯელს და ითხოვს მისი გაძლიერებას.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ჯ-ას მოსაზრება, ასევე, დაზარალებულ ბ. ე-ავას მოსაზრება, პროკურორ ლ. ყ-ის დასკვნა, რომელმაც იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო: წინასწარმა გამოძიებამ სსკ-ის 105-ე მუხლით ზ. კ-ავას ქმედების დაკვალიფიცირებას ძირითად საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ სასამართლო-სამედიცინო დასკვნის მიხედვით გასროლა მოხდა ახლო მანძილიდან, რითაც ძირითადად უარყო ზ. კ-ავას ვერსია გაფურთხილებლობით მკვლელობის შესახებ.
წინასწარი გამოძიების ეს ვერსია უარყოფილი იქნა საქმის სასამართლო განხილვისას. კერძოდ, სასამართლოს მიერ ჩატარდა კომისიურ-კომპლექსური ფიზიკო-ტექნიკური და სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც ირკვევა, რომ წარმოდგენილ მაისურზე არსებული დაზიანება-ობიექტი ¹1, რომელიც წარმოადგენს ჭურვის შესავალ ხვრელს და ¹4 - გამოსავალი ხვრელი, მიყენებულია რაიმე მეტალი სპილენძის შემცველი საშუალო კალიბრის მქონე ჭურვის მოქმედებით, სროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორები - (კერძოდ, გაზების, ჭვარტლის და დენთის დაუწვავი ნაწილაკები)-ზიანის მოქმედების ფარგლებში დაახლოებით 20 სმ მანძილზე, (სათანადო ლიტურატურისა და ცხრილების მონაცემებით) მიმართულია წინიდან უკან, ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ დაზარალებულის სხეულის მიმართ. შესავალი ხვრელი განლაგებულია სხეულზე გულმკერდის წინა მარჯვენა ნახევარში მე-3- 4 ნეკნთა შუა და გამოსავალი ხვრელი - გულმკერდის უკანა ზედაპირზე მე-11-12 ნეკნთა შუა არეში.
ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ჭრილობის არხის მიმართულებით და მანძილის გათვალისწინებით იარაღი უნდა ყოფილიყო მიმართული ვ. ე-ავას გულმკერდის წინა მარჯვენა ნახევრისაკენ წინიდან, ზემოდან ქვემოთ, დაახლოებით 20 სმ-ის მანძილზე, ჭრილობის არხის და ლულის ერთ საპროექციო ხაზზე. ესე იგი, ამ დასკვნით ფაქტობრივად გამოირიცხა წინასწარ გამოძიების მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს სროლა ნაწარმოები იყო არა ახლო მანძილიდან.
საქმის განხილვისას დაკითხულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა გ. ც-ემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ დაზარალებულზე მიყენებული ჭრილობის მიმართულება და სროლის მანძილი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ პისტოლეტიდან სროლას ადგილი ჰქონდა ისეთ ვითარებაში, როგორზედაც მიუთითებს მსჯავრდებული ზ. კ-ავა.
ექსპერტმა გ. ც-ემ განმარტა: „თუ ხელის აწევას მოჰყვებოდა ტანსაცმ-ლის აწევა, მაშინ ეს უკვე შეესაბამება იმას, რომ გასროლა მოხდა მაშინ, როცა ზ. კ-ავა თავს იცავდა“. მანვე იქვე ასევე განმარტა, რომ „ყველაფერი არის შედარებითი, სავსებით დასაშვებია ის სიტუაცია, რომ აწეულ ხელს, 20 სმ-ის დაშორებით, შეიძლებოდა სულ თავისუფლად მიეღო 450-იანი გამავალი ჭრილობა. ამ გარემოებას ადასტურებენ, აგრეთვე, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დ. ნ-შვილი და ი. დ-ძე. მათი ჩვენებები სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა და განაჩენში მიუთითა თითქოს ისინი სინამდვილეს არ შეესაბამება და მოგონილია ზ. კ-ავას პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად. საყურადღებოა და ყოვლად გაუგებარია ის გარემოება თუ ზემოაღნიშნული მოწმეები რატომ იყვნენ დაინტერესებული ზ. კ-ავას პასუხისმგებლობის შემსუბუქებით და რატომ უნდა მიეცათ არასწორი ჩვენება. უფრო მეტიც, პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მსჯავრდებულ ზ. კ-ავას ჩვენება, კომპლექსურ-კომისიური სასამართლო-სამედიცინო და ფიზიკო- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც თვითონ დანიშნა და ჩაატარა, არ გაიზიარა ექსპერტ გ. ც-ისა და მოწმეების - დ. ნ-შვილის და ი. დ-ძის ჩვენებები, რომლებიც მიუთითებდნენ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გაუფრთხილებლობით მკვლელობას.
ზ კ-ავამ დაარღვია „პოლიციის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნა, რაც გამოიხატა მასში, რომ მთვრალმა ამოიღო მასზე გაპი-როვნებული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და გაისროლა ჰაერში, თუმცა არ იყო იარაღის ამოღების აუცილებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ასევე მთვრალმა ვ. ე-ავამ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, მაგრამ კ-ავამ პისტოლეტი არ ჩაკეტა დამკეტით და შემდეგ როდესაც ვ. ე-ავა შეეცადა ფიზიკური შეურაც-ხყოფის მიყენებას და მოუქნია ხელი დასარტყმელად. მან მოქნეულ ხელს დაახვედრა მარჯვენა ხელი,რომელშიც ეჭირა საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი პისტოლეტი, საიდანაც მოხდა გასროლა, რასაც შედეგად მოჰყვა ვ. ე-ავას სიკვდილი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებული ზ. კ-ავა არ იცნობდა აწ გარდაცვლილ ვ. ე-ავას და ამდე-ნად არ ჰქონია მისი რაიმე ინტერესი. დადგენილია ის გარემოებაც, რომ თვით დაზარალებულმა ვ. ე-ავამ დაუწყო ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ზ. კ-ავას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გაუფრთხილებლობით მოკლა ვ. ე-ავა. წინასწარმა გამოძიებამ და სასამართლომ ვერ მიუთითეს, თუ რა-ტომ უნდა ჩაედინა ზ. კ-ავას მისთვის უცნობი ვ. ე-ავას განზრახ მკვლელობა და მხოლოდ ზოგადად მიუთითებენ, თითქოს მკვლელობა ჩადენილი იყოს ურთიერთშელა-პარაკებისა და ჩხუბის საფუძველზე, მაშინ, როდესაც საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზ.კ-ავას არ ჰქონია არავითარი საფუძველი იმისა, რომ განზრახ მოეკლა ვ. ე-ავა.
პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ზ. კ-ავას მიმართ შერაცხული კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში და მისი ქმედება სსკ-ის 105-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 108-ე მუხლზე.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზ. კ-ავამ დანაშაული ჩაიდინა მთვრალმა, ხოლო მის უხეშ გაუფრთხილებლობას მოჰყვა მძიმე შედეგი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 18 თებერვლის განაჩენში ზ. კ-ავას მიმართ შეტანილი იქნეს ცვლილება. მისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 108-ე მუხლზე და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.